საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრი, ირაკლი ზარქუა, თავისი ხმაურიანი განცხადებებით მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად აქცევა. ამჯერად კი ყველას ინტერესი გავრცელებულმა ვიდეომ მიიპყრო - Carspotter Daily Monaco-მ გამოაქვეყნა კადრები მონაკოდან, სადაც უცნობ ქალთან ერთად, სავარაუდოდ, შემთხვევით გამოჩნდა ირაკლი ზარქუაც. ვიდეოს გადაღების კონკრეტული თარიღი უცნობია.
ვიდეო და კადრები აღნიშნული ვიდეოდან ქართულ ვებ-საიტებსა თუ ფეისბუკის სხვადასხვა გვერდზე ვირუსულად გავრცელდა. ამის შესახებ კომენტარი კი ირაკლი ზარქუამ საკუთარ გვერდზე გააკეთა და ვიდეოს ფალსიფიცირებული უწოდა:
„რა მონაკო და საფრანგეთი, აგერ, თბილისში ვარ, თბილისში! ან თუნდაც ევროპაში რომ ვყოფილიყავი და მესეირნა, ამაზე ნებართვა აკაცუკებს უნდა ვთხოვო და ნაც. ტროლებს?!
მოკლედ, არ ისვენებთ და ცდილობთ ხან ხელოვნური ინტელექტით, ხან ფოტოშოპით რაღაც სიგიჟე ფოტოები და ვიდეოები დადოთ ჩემზე და ამით შავი პიარი ამიგოროთ, თუმცა, ამაოდ! ასე გააგრძელეთ სიცრუეში ცხოვრება. მე კი დამდეგ ძველით ახალ წელს მოგილოცავთ ყველას!“- დაწერა ირაკლი ზარქუამ.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის Carspotter Daily Monaco-ს გვერდზე აღნიშნული ვიდეო აღარ იძებნება.

ირაკლი ზარქუა 2003-2006 წლებში მუშაობდა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში. 2006-2009 წლებში იყო „TBC ბანკის“ ოპერატორების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილების უფროსი. 2011-2014 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში. 2018-2020 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
2025 წლის 13 იანვარს, აბუ-დაბიში, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. სადილობის დროს ლაშა გაბიტაშვილს ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი წინა დღის ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. 12 იანვრის დაპირისპირების დროს მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ირაკლი ზარქუას მეუღლე მარინა თავართქილაძე და ორი ქალიშვილი, ანასტასია და ნინო ზარქუა ჰყავს. უფროს ქალიშვილს ცნობილი მამიდის დიზაინერ ნინა ზარქუას სახელი ჰქვია.
ირაკლი ზარქუას და, ნინა ზარქუა ქართული მოდის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომლის დახვეწილი სტილი და გამორჩეული კაბები მუდმივად იქცევს საზოგადოების ყურადღებას და ხშირად ხვდება სხვადასხვა გამოცემის ყდაზე. ნინას მეუღლე ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილია, მათ სამი შვილი ჰყავთ.
ნინა ზარქუა პროფესიით დიპლომატია, დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მაგრამ ახლა მოდის ინდუსტრიაში საქმიანობს. ყოფილი მოდელი აქსესუარების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სამკაულების ხაზზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება.
„უდარდელი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებს დაემთხვა. უფროსი და-ძმა მყავს, მე ნაბოლარა ვარ და ყველა მანებივრებდა. ის, რომ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, მაშინაც ვხვდებოდი. დედა ერიდებოდა ჩვენს ქუჩაში გაშვებას.
გოგონები დამყოლები ვიყავით. ჩვენი ძმა კომაროვის სახელობის სკოლაში სწავლობდა და მთელი ოჯახი სულ მის მოლოდინში ვიყავით. მახსოვს, მეც ვნერვიულობდი... ჩემი ძმა მკაცრი იყო. სადაც უნდა ვყოფილიყავი, საღამოს შინ დროზე უნდა მივსულიყავი…“ - ყვებოდა ნინა ჟურნალ „ბომონდთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება ირაკლი ზარქუას მეუღლეს, მარი თავართქილაძეს, ის არც კამერების წინ, არც საჯარო ღონისძიებებზე და არც სოციალურ ქსელში არ არის აქტიური - იშვიათად ჩნდება მეუღლის გვერდით და საჯაროდ არც ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. კომენტარი მას არც ბოლოს გავრცელებული ვიდეოს შესახებ გაუკეთებია.
„ერთმანეთი 24 წლის წინ გავიცანით, უნივერსიტეტში... ერთად გავიზარდეთ, ასე გამოვიდა. კარგად მახსოვს ის დღე, როცა პირველად შევხვდი, ფაკულტეტის დავალებით ვიყავი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და იქ მონაწილეობდა ირაკლი, მოხსენებით წარსდგა.

წარმოუდგენელია, რომ ირაკლი ავეჯის ფერების ასარჩევად წამომყვეს, მაგრამ პროფესიული საკითხები მასთან იდეალურად შემიძლია განვიხილო. საოჯახო საქმეებში გვაქვს გამოწვევები, თუმცა ყველასთვის ინდივიდუალურია ეს საკითხი - ჩემთვის მნიშვნელოვანია ინტელექტი, იუმორის გრძნობა, ჩემი კომფორტი ეს არის“, - ამბობდა მარი თავართქილაძე.
„ერთ სპეციალობაზე ვსწავლობდით, მე 4 წლით წინ ვიყავი. კაცს უფრო მოეთხოვება პირველი ნაბიჯი და, რა თქმა უნდა, მე გადავდგი. მერე, როგორც ხდება ხოლმე, კაფე, კინო...
სანამ პლიტიკაში ვიქნებოდი, უფრო მეტი დრო მქონდა, ახლა ნაკლებად ვიცლი, მარიც დაკავებულია, ორივე გვიანობამდე ვმუშაობთ. ამის მიუხედავად, კვირაში ორჯერ მაინც ვახერხებთ, რომ კვირაში ორჯერ გავიდეთ სუფთა ჰაერზე ბავშვებთან ერთად“, - ამბობდა ირაკლი ზარქუა.
