ირანის რკინის ლედი: ბრძოლა თავისუფლებისთვის გისოსებს მიღმა - ვინ არის ნარგეს მოჰამადი - Marao

ირანის რკინის ლედი: ბრძოლა თავისუფლებისთვის გისოსებს მიღმა - ვინ არის ნარგეს მოჰამადი

2026-01-13 16:54:56+04:00

ირანი უკვე წლებია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია - ქალთა უფლებების შეზღუდვა, პოლიტიკური რეპრესიები, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დასჯა ქვეყნის ყოველდღიურ რეალობად იქცა.

რა ხდება დღეს ირანში

ირანში 2025 წლის ბოლოს დაწყებული საპროტესტო ტალღა მალე გადაიზარდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ არეულობაში ბოლო წლებში. პირველი უეცარი გამოსვლები, რომლებიც ეკონომიკური პრობლემებით, ინფლაციით, უმუშევრობითა და ფასების ზრდით, ასევე ტელეფონებისა და ინტერნეტის დაბლოკვით იყო გამოწვეული, სულ მალე  გადაიზარდა ფართო მოძრაობაში, რომელიც ითხოვს მმართველი ხელისუფლების შეცვლასა და ფუნდამენტურ ცვლილებებს. 

ვინ არის ნარგეს მოჰამადი

2022 წლიდან, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ირანში მიმდინარე მოვლენებმა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლებისთვის ბრძოლა ამ ქვეყანაში. სწორედ ამ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სიმბოლური ფიგურაა ირანელი უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი.

ნარგეს მოჰამადი ირანშიერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველია. იგი აქტიურად იბრძვის ქალთა უფლებების, სიტყვის თავისუფლების დასაცავად და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. მოჰამადი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ შირინ ებადისთან და ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრში ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა.

მისი საქმიანობა რეჟიმისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ნარგეს მოჰამადი არაერთხელ დააპატიმრეს, მას წლების განმავლობაში მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა და არაერთხელ გადაიყვანეს საკანში მკაცრი პირობებით. მიუხედავად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისა, ის ციხეშიც აგრძელებდა წინააღმდეგობას - წერდა წერილებს, ავრცელებდა ინფორმაციას ქალ პატიმართა მდგომარეობაზე და ამხელდა წამებისა და ძალადობის ფაქტებს.

ნარგეს მოჰამადის სახელმა განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო წლებში შეიძინა. ის გახდა ქალების წინააღმდეგობის ერთგვარი სიმბოლო ქვეყანაში, სადაც ქალის ხმა ხშირად დანაშაულად მიიჩნევა. მისი პოზიცია მკაფიო და შეუვალია: ირანში ქალები არ ითხოვენ პრივილეგიებს - ისინი ითხოვენ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ყველას ეკუთვნის.

სწორედ ამ დაუღალავი ბრძოლის გამო ნარგეს მოჰამადი არაერთ საერთაშორისო ჯილდოზე იყო წარდგენილი, მათ შორის ნობელზეც მშვიდობის დარგში. მისი კანდიდატურა არამხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ ირანში მცხოვრები ათასობით ქალისა და აქტივისტის ხმას წარმოადგენდა, რომლებიც რისკის ფასად ითხოვენ ცვლილებებს.

დღეს ნარგეს მოჰამადი რჩება ციხეში - 2025 წლის დეკემბერში ის გამოიყვანეს მემორიალური ღონისძიებიდან და ძალადობრივად დააკავეს უსაფრთხოების ძალებმა Mashhad-ში, სადაც ბევრი სხვა უფლებადამცველიც დააკავეს - თუმცა მისი ხმა ციხის კედლებს სცდება. ის არის ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმიც კი ვერ ახშობს სიმართლეს ბოლომდე. 

  • ბრძოლა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ

მოჰამადი არის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ფიგურა ირანში სიკვდილით დასჯის პრაქტიკის წინააღმდეგ. ის ხელმძღვანელობდა კამპანიას "Legam" (ნაბიჯ-ნაბიჯ სიკვდილით დასჯის გასაუქმებლად), რომელიც მიზნად ისახავდა ირანში ამ სასტიკი სასჯელის შეჩერებას.

  • ქალთა უფლებების დაცვა და სავალდებულო ჰიჯაბის გაპროტესტება

ის ათწლეულების განმავლობაში იბრძვის ქალთა დისკრიმინაციული კანონების წინააღმდეგ. ნარგესი აქტიურად უჭერდა მხარს პროტესტს — "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება", რომელიც 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. მაშინაც კი, როცა ციხეში იმყოფებოდა, მან მოახერხა ხმის მიწვდენა საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

  • "თეთრი წამების" მხილება

თავის წიგნსა და კვლევებში — "თეთრი წამება" (White Torture) — მან დეტალურად აღწერა ირანის ციხეებში პატიმართა მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა, იზოლაცია და არაადამიანური პირობები. მან საკუთარი გამოცდილება გამოიყენა იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინა რეჟიმის სისასტიკე.

  • ლიდერობა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში (DHRC)

ის იყო ნობელის პრემიის ლაურეატის, შირინ ებადის მიერ დაფუძნებული "ადამიანის უფლებათა დამცველთა ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტი. ამ პოზიციიდან ის ეხმარებოდა პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს სამართლებრივი და მორალური მხარდაჭერით.

  • დაუღალავი ბრძოლა ციხიდანაც კი

ნარგეს მოჰამადის სიმტკიცის მთავარი სიმბოლო ის არის, რომ მას 13-ჯერ მეტჯერ დააპატიმრეს და საერთო ჯამში ათწლეულობით პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა ის არასოდეს დადუმებულა. 2023 წელს მან ნობელის პრემია სწორედ იმიტომ მიიღო, რომ ციხის კედლებიდანაც აგრძელებდა ჩაგრულთა უფლებების დაცვას.

 „ჩემი გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებაა... მე არასოდეს შევწყვეტ ბრძოლას იქამდე, სანამ ჩემს ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული“ - ნარგეს მოჰამადი