„მე ცოტა ასეთი ვარ - ან ყველაფერი, ან - არაფერი" - დემნა გვასალიას ინტერვიუ WWD-სთან - Marao

„მე ცოტა ასეთი ვარ - ან ყველაფერი, ან - არაფერი" - დემნა გვასალიას ინტერვიუ WWD-სთან

2026-01-15 12:51:45+04:00

„მე ცოტა ასეთი ვარ - ან ყველაფერი, ან - არაფერი,“ - ამბობს დემნა.

„როგორც შემოქმედი, ან მაქსიმალისტი ვარ, ან - მინიმალისტი. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა ავაშენო. ვინ არის Gucci-ს აუდიტორია? ბევრს ვფიქრობ იმ ადამიანებზე, ვინც მას ჩაიცვამს. სწორედ ამიტომ, არქეტიპებზე მუშაობა ჩემთვის ერთგვარი სავარჯიშოსავითაა, სადაც გამოგონილ პერსონაჟებს ვქმნი - როგორც ფილმის გმირებს. შემდეგ კი ამას ვშლით, ვაფართოებთ და ვუყურებთ, სადამდე შეიძლება მივიდეთ. ვფიქრობ, ჩემს თებერვლის ჩვენებაზე მათ უკვე პერსონაჟებად აღარ აღვიქვამ, ისინი უბრალოდ ერთიან მასად, ხალხად იქცევიან.“

ამის შესახებ ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ WWD-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 2026 წლის თებერვლის მილანის მოდის კვირეულის კალენდრის მიხედვით, Gucci-ს 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის (Fall/Winter) კოლექციის ჩვენება 24 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდში გაიმართება  .

  • „10 წლის შემდეგ მამა ვიქნები და სხვა რაც არ უნდა ვაკეთო, ეს იქნება ჩემი მთავარი საქმე" - დემნა გვასალია ოჯახისა და მომავლის შესახებ 

დემნა გვასალიას ბიოგრაფია

დემნა გვასალია ეროვნებით ქართველია, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა აქვს. დაიბადა სოხუმში 1981 წლის 25 მარტს. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიატი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება.

გვასალია გაემგზავრა ანტვერპენში, 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომლებმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყეს. პირველი კურსის ბოლოს იგი 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან, წელიწად-ნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა.

„პარიზში, ნიუ-იორკსა და მილანში 90 პორტფოლიო გავგზავნე და არ ამიყვანეს. უკვე ვფიქრობდი, რომ ამ ინდუსტრიაში სამსახურს ვერ დავიწყებდი. მე არ ვიყავი სოციალური ხალხთან ურთიერთობაში, არასდროს ვყოფილვარ “sassy fashion boy”, რომელიც მოდის კვირეულებზე დადის.

ბოლოს გადავწყვიტე, რომ პორტფოლიო Margiela -ში გამეგზავნა. შეიძლება ეს ჩემი, როგორც ეკონომისტის, ტვინის დამსახურებაა, მაგრამ ვიფიქრე - პორტფოლიო უნდა გახსნან, შეფუთვა არის მნიშვნელოვანი. პორტფოლიო პიცის ყუთში ჩავდე და გავგზავნე. ასე მივიქციე მათი ყურადღება.

დამირეკეს და მითხრეს: „შეძლებ, რომ 10 დღეში პარიზში ჩამოხვიდე?“

3 თვის მანძილზე პარიზში, მეგობრის ბინაში დივანზე მეძინა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი იყო, რომ პარიზში ჩემთვის კარი გაიღო.“

დემნა გვასალიამ  Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში სწორედ აქედან, "მარჯიელაში" დაიწყო.

დემნა გვასალიამ პარიზში, "მარჯიელას" ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წლის მანძილზე იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M&Margiela-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას "ლუი ვიტონში" მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“).

ახლა Vetements-ის კრეატიული დირექტორი დემნას ძმა, დიზაინერი გურამ გვასალიაა. მთელი მსოფლიო და, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენც, მოუთმენლად ველოდებით დემნა გვასალიას Gucci-ში. 43 წლის დიზაინერი, რომელმაც გვარის გამოყენება ოფიციალურად 2021 წელს შეწყვიტა, პირველ შოუს Gucci-ისთვის მილანის მოდის კვირეულზე სექტემბერში გამართა და გაზაფხული/ზაფხულის 2026 წლის კოლექცია წარადგინა. ჩვენებასა და ლუქბუქში ასევე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ.