მაჰლაღა ჯაბერის ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალს" სხვადასხვა ონლაინ გამოკითხვასა და გამოცემაში. 2017 წელს თურქ მსახიობ ბურაქ ოზჩივიტთან დაკავშირებულმა გაუგებრობამ და მოგვიანებით ფინელი ბლოგერის, კირა ლინდბოჰმის მიერ წაყენებულმა ბრალდებამ ფოტოს მითვისების შესახებ, ინტერნეტსივრცეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მიუხედავად მაჰლაღას სახელთან დაკავშირებული არაერთი სკანდალისა, მისი ხმა ყველაზე ხმამაღლა მაინც 2023 წლის კანის კინოფესტივალზე ისმოდა - წითელ ხალიჩაზე ყულფის ფორმის კაბით გამოჩენით მან მკაფიო პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა ირანში მიმდინარე სიკვდილით დასჯის შემთხვევების წინააღმდეგ. ამ ნაბიჯმა იგი არა მხოლოდ მოდის სიმბოლოდ, არამედ სოციალურ აქტივისტადაც აქცია, რომელმაც საკუთარი პოპულარობა მშობლიურ ქვეყანაში არსებული მძიმე რეალობის გასაჟღერებლად გამოიყენა.

მაჰლაღა ჯაბერი დაშთესთანი, რომელიც 1989 წლის 17 ივნისს ირანის ქალაქ ისპაჰანში დაიბადა, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ირანელი მოდელი და სოციალური მედიის პერსონაა. მისი გზა დიდებისკენ 2010-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც Facebook-სა და Myspace-ზე გამოქვეყნებული ფოტოებით მან მალევე მიიპყრო ირანელი და არაბი მომხმარებლების ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ წლებში მას ხშირად აკრიტიკებდნენ ფოტოების ციფრული დამუშავების გამო, ამ პერიოდმა საფუძველი ჩაუყარა მის საერთაშორისო აღიარებას.
მაჰლაღა ჯაბერი დაიბადა 1989 წლის 17 ივნისს, ისპაჰანში, ირანში. იგი ოჯახში ყველაზე უმცროსია, ჰყავს სამი უფროსი და: ხათერე, რაჰელე და არეზუ. მისი და, არეზუ, ადრე თავადაც მოდელი იყო. მაჰლაღამ და არეზუმ სამოდელო გზა მათი დის, პროფესიონალი ფოტოგრაფის, რაჰელეს მიერ გადაღებულ ფოტოპროექტებში მონაწილეობით დაიწყეს.
მოზარდობისას მაჰლაღამ კარიერა ირანულ სილამაზის სალონებში მოდელად მუშაობით დაიწყო და თანამშრომლობდა საქორწილო მოდის სახლებთან. ჟურნალ Vanity Fair Emirates-ის 2024 წლის აგვისტოს ნომერში ჯაბერი იხსენებს:

„ირანის ერთ-ერთ სილამაზის სალონში ფრჩხილების მოწესრიგებისთვის ვიზიტმა ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. როდესაც სალონის ვიზაჟისტმა მკითხა, მსურდა თუ არა საქორწილო ფოტოსესიაში მოდელად მონაწილეობა, ამ შემთხვევითმა შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა ჩემს კარიერას მოდის ინდუსტრიაში".
19 წლის ასაკში მაჰლაღა საცხოვრებლად აშშ-ში, კალიფორნიაში გადავიდა. 2009 წელს დის დახმარებით მან პირველი სამოდელო პროექტი განახორციელა ვებგვერდისთვის Dreamstime. 2012 წელს მისი დებიუტი პოდიუმზე შედგა ჟურნალ Negah-ის საქორწილო კოლექციის ჩვენებაზე სან-დიეგოში. მოგვიანებით, ჟურნალ Pol-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებისა და დის მხარდაჭერამ მისცა საშუალება, მოდელობა ძირითად პროფესიად ექცია.
2013-2015 წლებში იგი თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან და დიზაინერებთან, როგორებიცაა Pedram Pasha, Michael Costello და Walter Mendez. მან მონაწილეობა მიიღო ლოს-ანჯელესის მოდის კვირეულზე გამართულ ჩვენებებში.

2025 წლის 22 აგვისტოს, ჯაბერიმ Instagram-ის პოსტით გაამხილა, რომ დაინიშნა არმინ ასადიარიზე. მათ ნიშნობა ოფიციალურად 2025 წლის 25 აგვისტოს აღნიშნეს.
2023 წელს, კანის 76-ე კინოფესტივალზე, ფილმის The Old Oak პრემიერაზე, ჯაბერი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა კაბით, რომლის ყელის ჭრილიც ყულფის ფორმის იყო. ეს იყო პროტესტი ირანში 2022 წლის, ირანული კალენდრით კი 1401 წლის აჯანყების შემდეგ გახშირებული სიკვდილით დასჯის შემთხვევების წინააღმდეგ. კაბის ზურგზე ეწერა ფრაზა „Stop Executions“ (შეწყვიტეთ სიკვდილით დასჯა), თუმცა ფესტივალის დაცვამ მას წარწერის ჩვენების საშუალება არ მისცა. ამ ჟესტმა მსოფლიო მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო და არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია პოლიტიკურ ანალიტიკოსებსა და ჟურნალისტებში.
დღეს, როცა ირანში მასობრივი პროტესტის ფონზე გარდაცვლილთა და სიკვდილით დასჯის მომლოდინეთა რაოდენობა უკვე ძნელი დასათვლელია, მაჰლაღა ჯაბერის ხმა განსაკუთრებით ხმამაღლა ჟღერს - ამ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის წინააღმდეგ მსოფლიოს მხოლოდ ერთი მესიჯი აქვს - „Stop Executions“ - შეწყვიტეთ სიკვდილით დასჯა.
