ნონა გიუნაშვილის სახელი და გვარი 13 წლის წინ მთელმა საქართველომ გაიგო - გოგო გორიდან, რომელმაც 2012 წელს საქართველოს ყველაზე „ნიჭიერი“ ადამიანის ტიტული მოირგო, გულშემატკივრებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
მაშინ ნონა გიუნაშვილის შესახებ ბევრს საუბრობდნენ, ბევრი იწერებოდა მისი ცხოვრების, ოჯახის შესახებაც. ქუჩაში ყველა ცნობდა და უცნობი ადამიანები კომპლიმენტებს მისი განსაკუთრებული ნიჭისადმი არასდროს იშურებდნენ.
წლები გავიდა და ნონა გიუნაშვილის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა - უცვლელი მხოლოდ ხატვისადმი სიყვარული და ერთგულება დარჩა. მას შემდეგ, რაც Marao.ge-ის მკითხველს ნონა გიუნაშვილის განვლილი გზა გავახსენეთ, მის მიმართ კვლავ გაჩნდა ინტერესი - უამრავმა ადამიანმა იკითხა, სად არის და რას საქმიანობს ახლა ერთ დროს ქვეყნის ყველაზე „ნიჭიერი“ გოგო გორიდან.

განვლილი გზის, „ნიჭიერის“, სირთულეებისა და საკუთარ თავზე გამარჯვების შესახებ ნონა გიუნაშვილმა Marao.ge-ისთან ინტერვიუში ისაუბრა. მანამდე კი, სანამ მის ახლანდელ, ძალიან საინტერესო ცხოვრებაზე მოგიყვებით - გაიცანით ნონა გიუნაშვილი - ნიჭიერი, მებრძოლი, თავდაჯერებული და წარმატებული ქალი.
ალბათ, ბევრი ჩვენგანისთვის ბავშვობა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სანატრელი პერიოდია, ნონა გიუნაშვილისთვის კი ყველაფერი სხვანაირადაა. ახლა, როცა უკან იხედება, წარსულში დაბრუნებაზე არასდროს ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსიყვარულე ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, ცხოვრების სირთულეებმა პატარა ნონაზე განსაკუთრებული კვალი დატოვა.
„ორი და მყავდა - უფროსი და უმცროსი. შემდეგ ძმაც შეგვეძინა და ძალიან ბედნიერი ოჯახი გვქონდა. ფუფუნებაში არ ვცხოვრობდით, მაგრამ მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთვის. მერე, მოულოდნელად, ჩემს უმცროს დას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მშობლებმა მე, ჩემი უფროსი და და რამდენიმე თვის ძმა ბებია-ბაბუასთან დაგვტოვეს და თავად ნანიკო სამკურნალოდ წაიყვანეს საზღვარგარეთ“.
ისედაც მძიმე წლებში, როცა ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა ოჯახს უშუქობასთან, სიცივესა და გაჭირვებასთან უწევდა გამკლავება, ნონა გიუნაშვილისთვის მშობლებისა და დის მონატრებამ ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა. მოგვიანებით კი, დის გარდაცვალებით გამოწვეულმა ტკივილმა მისი ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
„საშინლად მენატრებოდა ჩემი და, ნანიკო. მენატრებოდა ისევ ისეთი მხიარული და ბედნიერი დედა. ამ ტრაგედიამ გამიჩინა განცდა, თითქოს, მე არ ვიყავი საკმარისად კარგი... ემოციური ბავშვი ვიყავი და, თითქოს, სითბო და სიყვარული დამაკლდა ამ დიდი მწუხარების ფონზე. დროთა განმავლობაში, თითქოს, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ აზრი, რომ არ ვარ საკმარისად კარგი, ძალიან დიდხანს გამყვა...“
ნონა გიუნაშვილი იხსენებს, რომ ხატვა მისი საყვარელი საქმე ბავშვობიდან გახდა, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა სკოლაში დადიოდა.
„სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი. ჩემს მასწავლებლებს ისე ვუყვარდი, ერთხელ, დაბადების დღეზე, მხატვრების წიგნები მაჩუქეს. მითხრეს, რომ ოდესმე, შეიძლება, ჩემი ნახატებიც ასე დაიბეჭდოს .ისეთი ბედნიერი წამოვედი იმ დღეს სამხატვრო სკოლიდან, მეგონა, მოვფრინავდი.სამხატვრო სკოლის შემდეგ ჩემს ქალაქში სამხატვრო ტექნიკუმში ჩავაბარე მაგრამ პირველ კურსზე ვიყავი როცა მომიტაცეს…“
ნონა გიუნაშვილი მთელმა საქართველომ ქვიშაზე ხატვის უნიკალური ტექნიკით გაიცნო. თავად იხსენებს, რომ შემთხვევით ნახა ვიდეო, რომელმაც მასში დიდი ოცნებები და ცხოვრების ახალი მიზანი გააჩინა. ქვიშის სახატავი მაგიდა მამამ აუწყო, სწავლა კი თავად, დამოუკიდებლად დაიწყო.

„ახლა მიკვირს, როგორ გავბედე, მაგრამ თითქოს რაღაც ძალა მიბიძგებდა, რომ მე ეს უნდა გამეკეთებინა, თითქოს ეს იყო ჩემი გზა, რომელიც გადამარჩენდა.
ვიცოდი, რომ „ნიჭიერი“ იყო დიდი შანსი, ფართო აუდიტორიისთვის მეჩვენებინა ქვიშის ხელოვნება, რომელსაც საქართველოში მანამდე არავინ იცნობდა. გამარჯვებაზე ვერც კი ვიოცნებებდი - ეს ჩემთვის კონკიას ზღაპარს ჰგავდა. პოპულარობას ბევრი სირთულეც ახლდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩემს რთულ ცხოვრებაში მე ჩემი თავი ვიპოვე, დავინახე და დავიჯერე“.
დიდი პოპულარობის, გამარჯვებისა და ხალხის სიყვარულის პარალელურად, ნონა გიუნაშვილის პირად ცხოვრებაში რთული ეტაპი დადგა. „ნიჭიერმა“ დაანახა, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარი გმირები ჩვენვე ვართ და არ ღირს, ვიცხოვროთ მხოლოდ სხვებისთვის, ვიყოთ ის, ვინც მხოლოდ სხვებს სურთ.
დავიწყოთ თავიდან...
ნონა გიუნაშვილმა ადრეულ ასაკში იქორწინა - 16 წლის იყო, როცა მოიტაცეს. დღეს, ალბათ, ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ იღებენ ქალები იმ ოჯახში დარჩენის გადაწყვეტილებას, რომელიც თავად არ აურჩევიათ... წლების წინ, როცა სტერეოტიპები განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენდა ქალების ცხოვრებაზე, არჩევანი თითქმის არ არსებობდა.
„ახლა ეს ჩემთვისაც რთული გასაგებია, მაგრამ მაშინ სხვანაირი დრო და შეხედულებები იყო, რომელთა მსხვერპლიც აღმოვჩნდი მე.
როცა ჩემი კლასი სკოლას ამთავრებდა, მე ორი თვის შვილი მყავდა. მინდოდა ბოლო ზარზე წასვლა, მაგრამ თან ბევრი რამ მაშინებდა. საბოლოოდ, დედამ შემიკერა წინსაფარი და კლასელებთან წავედი. მათგან მხოლოდ სითბო ვიგრძენი, თუმცა ჩემმა დამრიგებელმა ღონისძიებაზე დასწრების უფლება არ მომცა - კარი ცხვირწინ მომიხურა.
მივხვდი, რომ ჩემი ადგილი აქ აღარ იყო, მაგრამ არც იქ მინდოდა მისვლა სადაც ჩემი ცხოვრება იყო. ზოგჯერ ვფიქრობდი, იქნებ ცუდი დედა ვარ-მეთქი, რადგან სახლში, ჩემს პატარასთან წასვლა არ მიხაროდა... მაგრამ მაშინ მეც ბავშვი ვიყავი, რომელსაც წაართვეს ბავშვობა“.
ნონა გიუნაშვილს ქორწინებაში 3 შვილი შეეძინა, „ნიჭიერის“ დასრულების შემდეგ კი ცხოვრება მათთან ერთად თბილისში გააგრძელა. წარმატებამ, ხალხის სიყვარულმა და წინ გადადგმულმა ნაბიჯებმა მას თავდაჯერებულობა დაუბრუნა. მისი კონკიას ზღაპარი კი სულ სხვანაირად გაგრძელდა.
„ყველა ადამიანი იმსახურებს, აირჩიოს თავისი ცხოვრების გზა, იყოს თავისუფალი, მიიღოს გადაწყვეტილებები... სწორედ ამ აღმოჩენებამდე მიმიყვანა „ნიჭიერმა“ და ცხოვრება სხვა გზით გავაგრძელე. ქორწინებაში ძალიან ბევრი წლის მანძილზე ინერციით ვიცხოვრე - თვითშეფასება დაკარგულმა. მეგონა ეს ჩემი ბედი იყო და არაფრის შეცვლა არ შემეძლო - მინდა, ხმა მივაწვდინო ყველა ქალს, ვისაც ეშინია ისე, როგორც მე მეშინოდა მაშინ, ვისაც ამცირებენ და ემუქრებიან, ვისზეც ძალადობენ... მე ყველა ეს გზა გამოვიარე, იყო მომენტები როდესაც მეგონა ვერ გადავრჩებოდი, მაგრამ ყველა ადამიანს აძლევს უფალი გზას, მთავარია ძალიან გვინდოდეს და დავიჯეროთ, რომ სამყარო აუცილებლად დაგვიბრუნებს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც ჩვენს გულებშია“.
ნონა გიუნაშვილი 3 შვილის ახალგაზრდა დედაა და ეს მისი ცხოვრების მთავარი მონაპოვარია. მისი უფროსი შვილი, გიგა, უკვე 23 წლისაა და საზღვარგარეთ ცხოვრობს. ნონას კიდევ ორი გოგონა, გვანცა და ნიცა ჰყავს. მათ გვერდით კი თავადაც თინეიჯერს ჰგავს.

„ჩემი შვილები ყველაზე დიდი გულშემატკივრები და მეგობრები არიან ჩემთვის. ყველაზე მეტად სამყაროსა და უფლის მადლიერი მათ გამო ვარ. ახლა რომ ვუყურებ ასეთ დიდებს, ასეთ შემდგარ ადამიანებს, სწორი ხედვებითა და ღირებულებებით, ძალიან ამაყი ვარ“.

„ნიჭიერის“ შემდეგ 13 წელი გავიდა, ნონა გიუნაშვილი კი აგრძელებს საკუთარ საქმიანობას - ქვიშაზე ხატვას. აქვს კორპორაციული შეთავაზებები, პროექტები. მისი მთავარი ოცნებაა, შეძლოს ცხოვრებით ტკბობა, გარშემო ნამდვილი, გულწრფელი ადამიანების შემოკრება, მოგზაურობა, სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობა...
„ყოველ წელს მგონია, რომ ახლა ვიწყებ ცხოვრებას. ბევრი უცნაური სურვილიც მაქვს - მინდა, საპატარძლო კაბა ჩავიცვა, ძალიან მინდა, ჩემი თავი თეთრ კაბაში ვნახო და ფოტოსესია მოვაწყო, მინდა, დიდხანს ვგრძნობდე, რომ რაღაცას ვქმნი და ეს ხალხს მოსწონს“.

„ქვიშაზე ხატვა ჩემთვის მხოლოდ ხელოვნება არ არის. ეს არის ჩემი ემოციების ენა. როცა სიტყვები არ მყოფნის, მე ვხატავ. ქვიშა ძალიან ჰგავს ცხოვრებას — ყველაფერი რეალურ დროში ხდება, შეცდომის დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლია შეცვალო და მთავარია, რომ ბოლოს კარგი ამბით დაასრულო“.
გამოგვყევით Facebook-ზე: და ქალი