"ის ცოცხალია ჩემთვის, მე ახლაც ვამაყობ ჩემი შვილით..." - კესარია აბრამიძის დედის პირველი ინტერვიუ - Marao

"ის ცოცხალია ჩემთვის, მე ახლაც ვამაყობ ჩემი შვილით..." - კესარია აბრამიძის დედის პირველი ინტერვიუ

2026-01-16 15:23:41+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარი მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის დედაა:

"ის ცოცხალია ჩემთვის და იმის იმედი მაქვს, რომ მეც იქ წავალ... ველოდები წუთებს. ამ გადაცემაში რომ მოვედი, ალბათ, კესარიამ მომცა ამის ძალა. მე ახლაც ვამაყობ ჩემი შვილით, კესარია მარტო მაკიაჟი და ჩაცმა არ იყო", - ამბობს კესარია აბრამიძის დედა. 

  • ფოტოები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ- როგორ გამოიყურებოდა კესარია აბრამიძე ბავშვობაში

როგორც ცნობილია, კესარია აბრამიძის მკვლელს, ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. ნანუკა ჟორჟოლიანის კითხვას, კმაყოფილია თუ არა განაჩენით, კესარია აბრამიძის დედა პასუხობს: 

"დიდ ბოდიშს მოვიხდი დედამისთან, მაგრამ მე ის ბიჭი არ მომწონდა. განაჩენით კმაყოფილი ვარ. რა უნდა მას გარეთ, მზის სინათლეზე". 

 kesaria

ინტერვიუ სრულად ოთხშაბათს, ნანუკა ჟორჟოლიანის არხზე გამოქვეყნდება. 

კესარია აბრამიძის მკვლელობა 

2024 წლის 18 სექტემბრის ღამით დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ჩადენილი სასტიკი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ელვისებურად გავრცელდა. მოკლული ყველასთვის კარგად ნაცნობი კესარია აბრამიძე აღმოჩნდა. 37 წლის ტრანსგენდერ ქალს ყოფილმა პარტნიორმა, 1998 წელს დაბადებულმა ბექა ჯაიანმა სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში დანით მიაყენა. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ მიდის ის კესარია აბრამიძის ბინაში და 14 წუთში ბინიდან გამორბის. ამ ფაქტს აბრამიძის მეზობლებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ დაინახეს, როგორც დატოვა ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსი. 

კესარია აბრამიძის ბავშვობა

კესარია აბრამიძე 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. ის პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია. იყო ცნობილი სახე, მოდელი, მსახიობი, ინფლუენსერი, ხშირად იწვევდნენ პოპულარულ შოუებში. 2018 წელს კესარია აბრამიძემ "მის ტრანს მსოფლიოს" სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საქართველო წარადგინა. კესარიას საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის გაყინვა ჩაუტარდა, რისი საშუალებითაც შეეძლო ბიოლოგიური შვილის ყოლა. "ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ დღეს. ვგრძნობ შინაგანად, რომ შევდექი. მე ბავშვობაში ყოველთვის ვხედავდი ჩემს თავს ასეთად და არამხოლოდ ვხედავდი, ვხატავდი კიდეც", - ამბობდა კესარია აბრამიძე.

kesaria

  • ურთიერთობა მამასთან, ბავშვობის მოგონებები და უკრაინელი დედა: კესარია აბრამიძის ცხოვრების დეტალები

"14 წლის ვიყავი, როცა დედამ პირველად მიმიყვანა ექიმთან. მაშინ ექიმებმაც ბევრი არაფერი იცოდნენ. მე ვიყავი ის, ვინც გზა გაკვალა ამ მიმართულებით და მაშინ ყველა სილა მე მომხვდა. 13 წლის ვიყავი, როცა დედას გამოვუცხადე, რომ დამოუკიდებლად მინდოდა ცხოვრება. დედა მაშინ შოკში იყო, მეუბნებოდა, სად უნდა წახვიდე, სად უნდა იცხოვროო. 15 წლის ვიყავი, როცა სახლიდან წავედი და დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება. ყველა გაგიჟდა, ჩემი ნათესავებიც, ნაცნობებიც, თუმცა დღეს ძალიან აფასებენ ჩემს ყველა ნაბიჯს და ტაშს მიკრავენ, იმიტომ, რომ ყველა დაბრკოლება გავიარე", - იხსენებდა ის.