საუკუნის სიბრძნე და სიყვარული: მზექალა შანიძის 100-წლიანი გზა“ - Marao

საუკუნის სიბრძნე და სიყვარული: მზექალა შანიძის 100-წლიანი გზა

2026-01-16 15:18:41+04:00

აკადემიკოსს, ენათმეცნიერსა და აღმოსავლეთმცოდნეს მზექალა შანიძეს 100 წელი შეუსრულდა. 

ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აკადემიკოსი და საზოგადო მოღვაწე, რომლის სახელიც მჭიდროდ უკავშირდება ქართული ენის, ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ კვლევას 1926 წლის 16 იანვარს დაიბადა. მისი მრავალწლიანი აკადემიური და საზოგადოებრივი საქმიანობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფურცლად მიიჩნევა თანამედროვე ქართველოლოგიაში.

მზექალა შანიძე ქართველი ენათმეცნიერი აკაკი შანიძის შვილია, მან მამის გზა ღირსეულად გააგრძელა და ღირსეულად ემსახურებოდა ქართულ ენას.

განათლება და სამეცნიერო გზა

მზექალა შანიძემ 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. უკვე სტუდენტობიდანვე გამოირჩეოდა სიღრმისეული ინტერესით ძველი ენების, ტექსტოლოგიისა და ფილოლოგიისადმი.

1951 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“, რითაც საფუძველი ჩაუყარა საკუთარ სამეცნიერო პროფილს აღმოსავლეთმცოდნეობისა და ისტორიული ენათმეცნიერების მიმართულებით.1974 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომად ითვლება ამ სფეროში.

1953 წლიდან მზექალა შანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობს - იყო უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ხოლო 1981 წლიდან პროფესორი. იგი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი - აკადემიკოსი.

მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა მოიცავს 100-მდე ნაშრომს, მათ შორის მონოგრაფიებს, თარგმანებსა და კვლევებს, რომლებიც ეძღვნება ძველ ქართულ ენას, ბიბლიურ ტექსტებს, ხელნაწერთა აღწერასა და ქართველოლოგიის ძირითად საკითხებს.

მნიშვნელოვან ნაშრომებს შორისაა:

  • „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990)
  • „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992)
  • „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ — სამენოვანი გამოცემის ინგლისური ნაწილის თარგმანი (ათენი, 2005)

საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა

მზექალა შანიძის მოღვაწეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური სივრცით. 1990–1991 წლებში იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“.

მისი სახელი ისტორიულად უკავშირდება საქართველოს უახლეს ისტორიას - მზექალა შანიძეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი), რაც მის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასა და მოქალაქეობრივ პოზიციას უსვამს ხაზს.

ჯილდოები და აღიარება

მზექალა შანიძის ღვაწლი არაერთხელ დაფასდა სახელმწიფო და სამეცნიერო ჯილდოთი:

  • აკაკი შანიძის სახელობის პრემია (1990)
  • ღირსების ორდენი (1996)
  • თამარ მეფის ორდენი (2021) — ქართველოლოგიის განვითარებაში, ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
  • ილიას მედალი (2024) — საგურამოს პრემიის ფარგლებში, ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, დევიზით:„მარად და ყველაგან, საქართველო, მე ვარ შენთანა“

მნიშვნელობა ქართულ კულტურაში

მზექალა შანიძე იმ იშვიათ მეცნიერთა რიგს ეკუთვნის, რომლებმაც შეძლეს ქართული ფილოლოგიის კლასიკური სკოლა თანამედროვე კვლევებთან დაეკავშირებინათ. მისი შრომები დღესაც წარმოადგენს აუცილებელ საფუძველს როგორც სტუდენტებისთვის, ისე პროფესიონალი მკვლევრებისთვის.

მისი ცხოვრება და საქმიანობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მეცნიერული ღვაწლი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ეროვნული კულტურის სიყვარული ერთ მთლიანობაში გაერთიანდეს.