"2025 წელმა ისე გამომცადა, როგორც ვერასდროს წარმოვიდგენდი.
ამ წელმა გამომფიტა, გამომიწვია და მაიძულა გავზრდილიყავი - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩემს ჯანმრთელობასა და გულს ეხებოდა. ხანგრძლივი გზისა და ბევრი რთული მომენტის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მივიღე გადაწყვეტილება ოპერაციის გაკეთების შესახებ. ამის გაზიარება არ იყო ადვილი, მაგრამ მჯერა, რომ ასეთი ისტორიები მნიშვნელოვანია. თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხართ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ.
დოქტორ ხალედ ავადის და საოცარი სამედიცინო გუნდის დაუღალავი შრომის წყალობით, ვგრძნობ, რომ გული და ენერგია დამიბრუნდა. თავს კარგად ვგრძნობ, მადლიერი ვარ და ღმერთისგან დალოცვილი.

წელს ვირჩევ, დავრჩე საკუთარი თავის ერთგული და შევასრულო ის პირობები, რაც საკუთარი კეთილდღეობისთვის დავდე.
გთხოვთ, ნუ მიიღებთ თქვენს ჯანმრთელობას მოცემულობად. დააფასეთ ის დღეები, როდესაც უმტკივნეულოდ იღვიძებთ. იყავით მადლიერი იმისთვის, რასაც თქვენი სხეული ყოველდღიურად აკეთებს თქვენთვის. საბოლოოდ, ეს არის ნამდვილი ფუფუნება ცხოვრებაში", - წერს მოდელი, "მის საქართველო 2018" ნინი გოგიჩაიშვილი საკუთარ გვერდზე.

ნინი გოგიჩაიშვილის ოჯახი და კარიერა
ნინი გოგიჩაიშვილი1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".
"ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია...
არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს", - ამბობდა ნინი წლების წინ.
დღეს ის დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას "Nini's Diary" უძღვება. "Nini's Diary - "ნინის დღიური" არის სატელევიზიო პროექტი. დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, "მის საქართველოს" - ნინი გოგიჩაიშვილის თვალით" - ვკითხულობთ მის აღწერაში.