19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.
ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ სულ ცოტა ხნის წინ ქალიშვილი, ალესია მონათლა. ალესიას ერთ-ერთი ნათლია, საბა ლობჟანიძის მეგობარი, ჩვენთვის საყვარელი სპორტსმენი ბუდუ ზივზივაძე გახდა.

ქალიშვილის, ნინას ერთ-ერთ ნათლიად კალათბურთელმა დუდა სანაძემ და ანუნა მდივნიშვილმა ცნობილი სპორტსმენი ზაზა ფაჩულია აირჩიეს.

ნოდიკო ტატიშვილი ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთი გამორჩეული იმითაცაა, რომ მას ბევრი ნათლული ჰყავს - 2023 წლის ინტერვიუში ის ამბობდა, რომ 30 ბავშვი მონათლა. მათ შორის, ნოდიკო არის, მარიამ როინიშვილის კირას ნათლია, ნანუკა გულუას იკუნას ნათლია, სალომე ბაკურაძის სანტის ნათლია.
თავად ნოდიკო ტატიშვილის პირველი შვილის, კესანეს ნათლიები კი ლელა წურწუმია და ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გახდნენ.

რაც შეეხება ლელა წურწუმიას ერთადერთი ქალიშვილის, მარიკოს ნათლიებს, საზოგადოება მათაც კარგად იცნობს - თიკა ჯამბურია, ნინი ქარსელაძე და დავით დოიაშვილი. ნინი ქარსელაძის ნათლია კი ლიზა ბაგრატიონია.
ცნობილია, რომ თამრიკო ჭოხონელიძე ბერა ივანიშვილის ნათლიაა. ასევე, თამრიკო ჭოხონელიძემ, მაია ჯაბუასთან ერთად მონათლა მომღერალი ნინი ბადურაშვილი.

ნინი ბადურაშვილის ერთადერთი ქალიშვილის, ელენეს ნათლიები კი ქრისტინე იმედაძე, ქეთა თოფურია, სალომე გოგიაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე არიან.
როგორც ცნობილია, ბერა ივანიშვილი ნათლიად არაერთმა ცნობილმა ოჯახმა აირჩია, მათ შორის, მან მონათლა კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის შვილი, ლევანი. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნუნუკა თამაზაშვილის ვაჟი, გაბრიელი.

თავად ნუნუკა თამაზაშვილი თათია შარანგიასა და სანდრო შელიას ვაჟის, ანდრიას ნათლიაა.
ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია აჩიკო სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის ერთადერთი შვილის, ალექსანდრეს ნათლიაა. ასევე, თიკამ, მარიამ ვაშაძესთან, ნინო ხოშტარიასთან და ლაშა ბასლანძესთან ერთად მონათლა გვანცა დარასელიას ქალიშვილი, ლილე.

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი დუტა სხირტლაძის ქალიშვილის, სოფოს ნათლიაა.
თეონა ცირამუამ რამდენიმე წლის წინ მუსიკოსი ქეთი მელუას ერთადერთი ვაჟი, სანდრო მონათლა.
ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო მეგობრის, ზურიკო დავითაშვილის ვაჟის ნათლიაა.

ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი სულ ცოტა ხნის წინ ლელა კილაძისა და გიორგი ცაგარელის ვაჟის, ანდრიას ნათლია გახდა.
ნატო გელაშვილმა საკუთარი შვილიშვილი, ნინა მონათლა.
