ნიუ იორკის შუაგულში, 57-ე ქუჩასა და მეშვიდე ავენიუს მიმდებარედ, დგას შენობა, რომლის სცენაზე უამრავი წარმატებული არტისტი მდგარა. კარნეგი ჰოლი - ადგილი, სადაც მუსიკა და მოძრაობა ისტორიის ნაწილად იქცევა და სადაც სცენაზე გასვლა მხოლოდ ხელოვნების უმაღლეს ნიშნულს ნიშნავს.
ამ ლეგენდარულ სცენაზე 17 იანვარს ქართული კულტურის კიდევ ერთი ისტორიული მომენტი დაიწერა - ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლში, „სუხიშვილების“ ნაციონალურმა ბალეტმა იცეკვა.
სუხიშვილების გამოსვლა მხოლოდ კონცერტი არ ყოფილა. ეს იყო კულტურული დიალოგი საქართველოსა და მსოფლიოს შორის, ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის, მოძრაობასა და ისტორიას შორის. სცენაზე გაცოცხლდა ის ქართული იდენტობა, რომელმაც გაუძლო საბჭოთა დიქტატურას, პოლიტიკურ წნეხს, გარდამტეხ ეპოქებსა და ისტორიულ ქარიშხლებს და მაინც შეინარჩუნა თავისი ჰაეროვანი, მაგრამ მტკიცე ფესვები.
ქართული ცეკვა სუხიშვილების შესრულებით ყოველთვის სცდება ფოლკლორის ჩარჩოებს. ეს არის თეატრალიზებული, დრამატული, ტექნიკურად ურთულესი და ემოციურად დატვირთული სანახაობა, რომელიც მაყურებელს არა მხოლოდ თვალით, არამედ გულითაც ამახსოვრდება.
სცენაზე ერთმანეთში გადაიკვეთა საუკუნოვანი ტრადიცია და თანამედროვე ქორეოგრაფიული ხედვა - ზუსტად ისე, როგორც სუხიშვილების ხელწერას შეეფერება. მამაკაცური სიმკაცრე და სიძლიერე, ქალების სინატიფე და გრაციოზულობა, რიტმის სიზუსტე და მოძრაობის დრამატიზმი ნიუ იორკელ მაყურებელს სრულფასოვან ისტორიად გადაეშალა.
კონცერტის შემდეგ სუხიშვილებს შეხვდა ჰოლივუდის ლეგენდა, ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო. მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის ინტერესი ქართული ცეკვის მიმართ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ სუხიშვილების ხელოვნება სცდება ეროვნულ საზღვრებს და უნივერსალურ კულტურულ ენად იქცევა.

კონცერტს ესწრებოდნენ როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ისე ამერიკელი და უცხოელი მაყურებლები, რომელთათვისაც ქართული ცეკვა შესაძლოა პირველად სწორედ ამ სცენაზე გახდა აღმოჩენა. აპლოდისმენტები დიდხანს არ წყდებოდა, დარბაზი ფეხზე წამომდგარი შეხვდა ქართულ ანსამბლს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე საკუთარ ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენდა.
რა თქმა უნდა, ეს მოვლენა ემოციური იყო თავად "სუხიშვილების" მოცეკვავეებისთვისაც:
"რაც კი აქამდე მიცეკვია მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, ეს ყველაფერი ერთად დაჯამდა და დღეს კარნეგი ჰოლის სცენაზე ვდგავარ. 17 იანვარი, 2026 წელი. განსაკუთრებული დღეა..
დაბადების დღეს ნიუ იორკში აღვნიშნავ კარნეგი ჰოლის სცენაზე, დიდი მადლობა "სუხიშვილებს", რომ საოცნებო სცენები ერთად დავიპყარით! გამიმართლა, რომ მისი ნაწილი ვარ…მუდამ თქვენი, ნათია ბაკურაძე!" - წერს მოცეკვავე ნათია ბაკურაძე და ფოტოებს აქვეყნებს.

