"არასოდეს, არც ერთი წამით არ მქონდა დაშვებული ჩემს ტვინში, რომ ოჯახი დამენგრეოდა. არის რაღაცები, რაც თავისთავად დაშვებულია, რომ, აი, ოდესღაც გარდავიცვლებით... მაგრამ ცხოვრების ეს ნაწილი, ოჯახის შექმნა, ჩემი გეგმის ნაწილი იყო და ეს გეგმა რომ ჩამოვწერე, 18 წლის ვიყავი. 29 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. გათხოვების შემდეგ ერთი კვირის მანძილზე თამარაშვილზე, ჩემს სახლში დავდიოდი, რადგან, ზოგადად, მიჭირს სიახლეების მიღება. განქორწინების გადახარშვაც ძალიან რთული იყო. ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარ თავზე აღებული, იმაზე მეტი, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ამ ყველაფერზე ხმამაღლა არ ვსაუბრობ.
ილია არის 8 წლის, კატო 4 - წლის. ილია არის გენიალური ადამიანი. კატოზე რომ ვიყავი ორსულად, რაღაცნაირი პროტესტი მქონდა მუცელში, მე ისე მიყვარს ილია, ვინ უნდა გაჩნდეს, მასზე მეტად რომ შემიყვარდეს-მეთქი. ძალიან მიყვარს კატო და ილია.
სხვამ ვინ? ისევ მე უნდა შემოვუძახო საკუთარ თავს - "ადექი, დროა!" და ასეც ვიქცევი, მაგრამ ზოგჯერ შესვენების პერიოდებიც მაქვს. მაგალითად, ჩემ მიმართ იმხელა "ჰეითი", სიძულვილის ტალღა იყო, რასაც მიჩვეული არ ვიყავი, "იმედში" მუშაობის გამო. სადაც უნდა ვწოლილიყავი და რაც უნდა მეკეთებინა, არასდროს მიგრძნია მანამდე ეს ყველაფერი. ბოლოს ვთქვი, ხალხოო, ჩამოყალიბდით, "ნაცი" ვარ თუ "ქოცი" და მერე მეც გამაგებინეთ-მეთქი. ამ პერიოდს დაემთხვა ოჯახის ამბებიც და ცოტა ხანს ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი.
მოვიკითხავ სანდროს, ჩემი მეგობარია აწი უკვე", - ამბობს რუსკა მაყაშვილი ვიკა ბუკიას პოდკასტში.
რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე, მსახიობი განმარტავდა, რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.
ცოტა ხნის წინ რუსკა მაყაშვილმა თქვა, რომ ის და სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს დაშორდნენ, ახლა კი შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს.
"ძალიან დიდი ხანი იყო ეს ყველაფერი. ბევრი წლის ფიქრი ბევრი წლის აწონ-დაწონა. არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა. ძალიან მიჭირს ცვლილებები. რა ჩანგლითაც ვჭამდი ბავშვობაში, იმ ჩანგლით ვჭამ ახლაც. ცვლილებების მეშინია. რომ გავთხოვდი და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, ძალიან დიდხანს ისევ ჩემს ოჯახში, ჩემს დანგრეულ სახლში მივდიოდი და იქ ვიჯექი. მიუხედავად იმისა რომ დიდი ვარ და ორი შვილი მყავს მიჭირს მაინც.

დაშორება რთულია. თანაცხოვრების პროცესში არ მიმდინარეობდა დაშორება. უბრალოდ ამაზე ფიქრი მიდიოდა. ეს არის ურთულესი მძიმე პერიოდი, ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდები. ახლაც გამკლავების პროცესში ვარ. რთულია, ორი შვილი რომ გყავს... ეს ისეთი თემაა, ძალიან მტკივნეული. 8 თვე გავიდა და ახლაც გამკლავების პროცესში ვარ" - თქვა რუსკა მაყაშვილმა.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა ორსულობაზე და დედობაზე "აჭარის ტელევიზიასთან" ისაუბრა.
"პირველი შვილი რომ გავაჩინე, მივხვდი, რა არის თურმე მნიშვნელოვანი. აქამდე რაც იყო და რაც მანერვიულებდა, თურმე, არაფერს აზრი არ ქონია. ჩემს შემთხვევაში ასეა, არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს. პირადად ჩემი ცხოვრება დაიწყო ილიას შემდეგ. ჯერ ეს ერთი, გმირი მეგონა ჩემი თავი, ვის არ გაუჩენია შვილი, ხალხი 10,15 და 20 შვილს აჩენს, ხომ არსებობს მრავალშვილიანი დედები და მე ერთი შვილი რომ გავაჩინე, შოკში ვიყავი, თავი მეგონა გმირი.
ერთი კვირა მატრიგერებდა, ღმერთო, ეს რა ვქენი და დღემდე ვამბობ, მაგრამ არავის არ სჯერა, ვგიჟდები მშობიარობაზე. შემიძლია დღეში 13-ჯერ ვიმშობიარო. ეს ჩემთვის იმდენად სასიამოვნო ტრიგერია, ყველანაირი სიამოვნება რომ შეკრიბო შენს ცხოვრებაში, ეს შვილის გაჩენაა. თავი მგონია ყოვლისშემძლე ქალი და ყველა ეგრეა, მერე აუფასურებენ, მაგრამ, რეალურად, ისეთ რაღაცას ჩადიხარ, მართლა გმირი ხარ", - ამბობს რუსკა მაყაშვილი.