მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახი ამჯერად ყურადღების ცენტრში ოჯახური კონფლიქტით მოექცა. დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინ ბეკჰემმა, საჯაროდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მშობლებს წლების განმავლობაში კონტროლსა და მანიპულაციაში ადანაშაულებს.
ბრუკლინის თქმით, ოჯახში მთავარი ღირებულება არა პირადი ურთიერთობები, არამედ „ბრენდი ბექჰემის“ შენარჩუნება იყო. ის ამტკიცებს, რომ მშობლები მუდმივად აკონტროლებდნენ პრესაში გავრცელებულ ნარატივებს, სოციალურ მედიაში კი ქმნიდნენ იდეალური ოჯახის იმიჯს, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა.
კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბრუკლინი მეუღლეს, ნიკოლა პელცს, უკავშირებს. მისი განცხადებით, მშობლები ქორწილამდე და მის შემდეგაც აქტიურად ცდილობდნენ მათი ურთიერთობის შერყევას - დაწყებული საქორწილო კაბის გაუქმებით, დამთავრებული ზეწოლით, რომ ბრუკლინს საკუთარი სახელის უფლებებზე ეთქვა უარი.

„წლების განმავლობაში ჩუმად ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რათა ეს საკითხები კონფიდენციალურად შემენახა.
სამწუხაროდ, ჩემი მშობლები და მათი გუნდი კვლავ აგრძელებენ პრესასთან კომუნიკაციას, რის გამოც არჩევანი აღარ დამრჩა - იძულებული გავხდი, საკუთარი სახელით მესაუბრა და სიმართლე მეთქვა იმ დაბეჭდილი ტყუილების შესახებ, რომლებიც ვრცელდება.
მე არ მსურს ჩემს ოჯახთან შერიგება. ისინი აღარ მაკონტროლებენ. ცხოვრებაში პირველად, მე ვიცავ საკუთარ თავს.
ჩემი ცხოვრების განმავლობაში მშობლები სრულად აკონტროლებდნენ ნარატივს, რომელიც პრესაში ჩვენი ოჯახის შესახებ ვრცელდებოდა. სოციალურ მედიაში პერფორმანსული პოსტები, ოჯახური ღონისძიებები და არაავთენტური ურთიერთობები ჩემი ცხოვრების მუდმივი ნაწილი იყო. ბოლო პერიოდში საკუთარი თვალით დავინახე, რამდენად შორს მიდიან ისინი მედიის საშუალებით ტყუილების გასავრცელებლად - ხშირად სრულიად უდანაშაულო ადამიანების ხარჯზე - მხოლოდ საკუთარი ფასადის შესანარჩუნებლად. თუმცა მჯერა, რომ სიმართლე საბოლოოდ ყოველთვის იჩენს თავს.
ქორწილამდე ჩემი მშობლები დაუსრულებლად ცდილობდნენ ჩემი ურთიერთობის გაფუჭებას და ეს დღემდე გრძელდება. დედაჩემმა ნიკოლას საქორწილო კაბის შეკერვა ბოლო წუთს გააუქმა, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან უხაროდა მისი დიზაინის ჩაცმა, რის გამოც ნიკოლა იძულებული გახდა, სასწრაფოდ მოეძებნა ახალი კაბა.
ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე მშობლები არაერთხელ ცდილობდნენ ჩემზე ზეწოლას და მოსყიდვას, რათა ჩემი სახელის უფლებებზე უარი მეთქვა - გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას მოახდენდა ჩემზე, ჩემს მეუღლეზე და ჩვენს მომავალ შვილებზე. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ხელი ქორწილის თარიღამდე მომეწერა, რადგან სწორედ მაშინ ამოქმედდებოდა შეთანხმების პირობები.
ქორწილის დაგეგმვისას დედაჩემმა „ბოროტი“ მიწოდა, რადგან მე და ნიკოლამ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს მაგიდასთან მსხდომიყვნენ ჩემი ძიძა სანდრა და ნიკოლას ნაუნი - ორივე მათგანს მეუღლე არ ჰყავდა. ამავე დროს, ორივე მშობელს საკუთარი მაგიდები ჰქონდა, რომლებიც ჩვენს მაგიდას ესაზღვრებოდა.
ქორწილის წინა ღამეს ოჯახის წევრებმა მითხრეს, რომ ნიკოლა „სისხლის ნაშიერი“ და „ოჯახის წევრი“ არ იყო. მას შემდეგ, რაც ოჯახის წინაშე საკუთარი თავის დაცვა დავიწყე, მშობლებისგან გაუთავებელი თავდასხმები მივიღე - როგორც პირადად, ისე საჯაროდ - რომლებიც მათი მითითებით პრესაში ვრცელდებოდა. ჩემს ძმებსაც კი იყენებდნენ სოციალურ მედიაში ჩემ წინააღმდეგ, სანამ საბოლოოდ ყველგან არ დამბლოკეს.
დედაჩემმა მიითვისა ჩემი პირველი ცეკვა მეუღლესთან ერთად, რომელიც კვირების განმავლობაში იყო დაგეგმილი რომანტიკული სიმღერის ფონზე. 500 სტუმრის წინაშე მარკ ენტონიმ სცენაზე დამიბარა, სადაც გეგმით მე და ჩემს მეუღლეს უნდა გვეცეკვა, თუმცა დედაჩემი ელოდა ჩემთან ერთად ცეკვას. მან სრულიად შეუფერებლად იცეკვა ჩემთან ყველას თვალწინ.
ჩემი ოჯახი სისტემატურად უპატივცემულოდ ეპყრობა ჩემს მეუღლეს, მიუხედავად იმისა, რამდენად ვცდილობდით ერთიანობის შენარჩუნებას. დედაჩემი არაერთხელ გვიწვევდა წარსულიდან ქალებს ჩვენს ცხოვრებაში ისეთი ფორმით, რომელიც აშკარად არაკომფორტული იყო ორივესთვის.
ამის მიუხედავად, ლონდონში გავემგზავრეთ მამაჩემის დაბადების დღეზე, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში სასტუმროს ნომერში გვამყოფებდნენ და უარს გვეტყოდნენ შეხვედრაზე. მამამ ყველა მცდელობა უარყო, გარდა დიდი დაბადების დღის წვეულებისა, სადაც ასობით სტუმარი და კამერები იყო. მოგვიანებით ჩემთან შეხვედრას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ ნიკოლა არ იქნებოდა მიწვეული - ეს ჩემთვის მძიმე შეურაცხყოფა იყო.
შემდგომ, როდესაც ჩემი ოჯახი ლოს-ანჯელესში ჩავიდა, მათ საერთოდ უარი თქვეს ჩემთან შეხვედრაზე.
ჩემი ოჯახი ყველაფერზე მეტად საჯარო იმიჯსა და პოპულარიზაციას აფასებს. „ბრენდი ბეკჰემი“ მათთვის პირველ ადგილზეა. ოჯახური „სიყვარული“ იზომება იმით, რამდენ პოსტს აქვეყნებ სოციალურ მედიაში ან რამდენად სწრაფად მიატოვებ ყველაფერს ოჯახური ფოტოს გადასაღებად, თუნდაც ეს პროფესიული ვალდებულებების ხარჯზე ხდებოდეს.
წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ყველა ჩვენებაზე, წვეულებასა და პრესკონფერენციაზე ვყოფილიყავით და გვეჩვენებინა „იდეალური ოჯახი“. თუმცა ერთხელ, როდესაც ჩემმა მეუღლემ დედაჩემს დახმარება სთხოვა ლოს-ანჯელესის ხანძრების დროს იძულებით გადაადგილებული ძაღლების გადასარჩენად, მან უარი თქვა.
ნარატივი, თითქოს ჩემი ცოლი მაკონტროლებს, სრულიად მცდარია. სინამდვილეში, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მშობლების კონტროლის ქვეშ გავატარე. გავიზარდე მუდმივ შფოთვაში. პირველად ცხოვრებაში, ოჯახისგან დისტანცირების შემდეგ, ეს შფოთვა გაქრა.
ყოველ დილით მადლიერი ვიღვიძებ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ავირჩიე. მე და ჩემს მეუღლეს არ გვინდა ცხოვრება, რომელიც იმიჯზე, პრესაზე და მანიპულაციებზეა დამოკიდებული. ჩვენ გვინდა მხოლოდ სიმშვიდე, კონფიდენციალურობა და ბედნიერება - ჩვენი და ჩვენი მომავალი ოჯახისათვის.“ - წერს ბრუკლინ ბეკჰემი.
ბეკჰემების ოჯახს ამ განცხადებაზე საჯარო პასუხი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა ფაქტია, რომ ეს კონფლიქტი უკვე გასცდა დახურულ ოჯახურ სივრცეს და გადაიქცა საჯარო დაპირისპირებად.