116 წელი ნინო რამიშვილის დაბადებიდან: გენია, რომელმაც ქართული სული ჰაერში გამოძერწა - Marao

116 წელი ნინო რამიშვილის დაბადებიდან: გენია, რომელმაც ქართული სული ჰაერში გამოძერწა

2026-01-20 10:52:12+04:00

"დღეს ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. ნინო რამიშვილმა გვარი "სუხიშვილი’’ ბრენდად აქცია. მისი ყოველი სიტყვა, ყოველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება ქართულ ცეკვას უკავშირდებოდა. ფიქრობდა პროგრესულად, ქმნიდა მომავალს და მისი საქმე მუდამ თანამედროვეობას პასუხობდა.

ის დროს არ ეწეოდა, არამედ დროს უსწრებდა.

ქმნიდა ხელოვნებას, რომელიც დღესაც ღირსეულად ვითარდება", - ვკითხულობთ "სუხიშვილების" ოფიციალურ გვერდზე, რომელიც ნინო რამიშვილის საარქივო კადრებსაც ავრცელებს.

  • ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა: ლეგენდარული ბალეტმეისტერის, ინგა თევზაძის განვლილი გზა

"უწინ მე მეგონა საუკუნე რაღაც საოცრება. ახლა? ახლა, არაფერი ყოფილა საუკუნე. დრო მიდის, იცვლება ცხოვრება, ადამიანები, ეს გარდაუვალი კანონია. ასეა! შეიცვლება თაობები, შეიცვლება ცოტა ცეკვებიც, მაგრამ ილიკო სუხიშვილის, სოლიკო ვირსალაძის და ჩემი, ნინო რამიშვილის სიყვარულით, აღელვებით ნაამბობი პატარა ერის ისტორია ხალხში დარჩება".

ramishvili

ნინო რამიშვილი

ნინო რამიშვილი დაიბადა 1910 წელს, ქალაქ ბაქოში. მისი ოჯახი რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში.12 წლის ასაკიდან ხუთი წლის მანძილზე (1922-1927) სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღეს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში, სადაც 1937 წლამდე მოღვაწეობდა. ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს ქართულ ოპერეტებსა და რუსულსა და ევროპულ ბალეტებში.

1938 წლიდან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში. ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე პირველი პრემია მიენიჭა ორივეს, ხოლო 1939 წელს ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო პრემიის ლაურეატი ხდება.

"იცით, რით ვარ ბედნიერი? დავიბადე არაჩვეულებრივ დღეს, ნათლისღებას. ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, იმიტომ, რომ მამაჩემი უმეტესად გადასახლებაში იყო და ჩვენ სოფელში წავედით, მაგრამ რამდენი ხანი ვიქნებოდით იმ სოფელში? როცა ქალაქში დავბრუნდით, სახლში აღარ შეგვიშვეს, იქ ვიღაც ბოლშევიკი შებრძანდა და ერთი სკამი და სინიც კი არ დაუბრუნებია. მას შემდეგ კეცხოველის ქუჩაზე ვცხოვრობდი".

ნინო სუხიშვილი ბებიის შესახებ

"მარტივი ცხოვრებით არ უცხოვრია. იოლად არაფრისათვის მიუღწევია. ცხოვრება, თან ჩვენს ანსამბლში, ისეთი ტემპით მიდის, რომ მოდუნება წარმოუდგენელია. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბებიაჩემის სიტყვებმა, როცა 90 წლის ასაკში მითხრა, შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა ცოტაა 90 წელიო. მახსოვს, როდესაც ვარსკვლავის გახსნა უნდოდათ, ეუბნებოდნენ, რომ სახე გადაეჭიმა, ის კი გამუდმებით ანა მანიანის სიტყვებს იმეორებდა,“თავი დაანებეთ ჩემს ნაოჭებს, ისინი ძალიან ძვირი დამიჯდაო.“ ნინო ჩემთვის მხოლოდ ბებია არ ყოფილა. ყველანაირად ვცდილობდი მას დავმსგავსებოდი. ბრძენი ქალი იყო. მისი წასვლით ისეთი სიცარიელე დარჩა ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ვერაფერი შეავსებს. ნინო არასოდეს არ იხდიდა დაბადების დღეს, მაგრამ სულ აღნიშნავდა ნინოობას. და ეს იყო სასწაული მთელი იანვარი ჩვენს ოჯახში დღესასწაული იყო. დღეს ეს ყველაფერი ძალიან მენატრება..."

ანსამბლი "სუხიშვილები"

ქორეოგრაფიული ანსამბლი "სუხიშვილები" 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა. პირველი კონცერტი  1945 წლის 11 ივნისს გაიმართა. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს კი  „აკადემიურის“ სტატუსი მიენიჭა.  2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი ნინო სუხიშვილია. წელს "სუხიშვილები" 80 წლის გახდა.