"სექტემბრიდან დღემდე, რამდენიმე სპექტაკლი გამოვუშვით, ახალი წლის პერიოდიც ძალიან დატვირთული იყო - დღეში 2-3 წარმოდგენა გვქონდა, ჩემი შვილისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, რასაც, რა თქმა უნდა განვიცდი. რომ არა დედაჩემი და დეიდაჩემი, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ჩემი მშობიარობის შემდეგ დედაჩემი სამსახურში აღარ გასულა.
ყველა დედა დამეთანხმება, რომ ბავშვის ემოციებთან ერთად, შენი ემოციური ბალანსის შენარჩუნება რთულია.
სიმართლე გითხრათ, არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ მარტოხელა დედობა არის ორმაგი პასუხისმგებლობა. გინდა, თუ არ გინდა, არის მომენტები, როდესაც გიწევს შეითავსო, როგორც დედის, ისევე მამის როლი. ფიზიკურად ისეთი რაღაცები უნდა აკეთო, როგორიცაა, სახლში მოსვლისას პროდუქტების მოტანა - სულ მიწევს რაღაცების წამოღება - საკვები, წყალი...მანქანიდან რომ გადმოვდივარ, ერთ ხელში მძიმე პარკი მიჭირავს, მეორეში - გასაღები, ჩიპი, ხურდა. ვფიქრობ, რთულია, ამ რუტინასთან ერთად, დედაც იყო და სახლში ეს ყველაფერი აკეთო. მერე მახსენდება, რომ ამას ხომ მამები აკეთებენ ოჯახში?!
ვისაც მეუღლე სახლში ჰყავს, ზოგჯერ მაინც თავად უწევს ამ პასუხისმგებლობის აღება - ძალიან ხშირადაა, რომ დედა გაცილებით მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე მამა. ასეთი ოჯახი უამრავია. მიუხედავად ამისა, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ - ბევრ კარგ მამასაც ვიცნობ, თუმცა ეს ამ ეპოქის ნაწილია.
სამი რამ, რაც ფეხზე მყარად დგომაში მეხმარება, არის - პასუხისმგებლობა ჩემი შვილის მიმართ.
მადლიერება დედაჩემის მიმართ არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს შვილს ზრდის, იმიტომაც, რომ 90-იან წლებში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა და დედაც მარტო დარჩა ორ შვილთან ერთად, მოახერხა და არ მოგვაკლო არც ყურადღება, არც განათლება. მაშინ, იმ ერთმა ქალმა, მუსიკის მასწავლებელმა, იმდენი მოახერხა, ახლა კიდევ ჩემს შვილს ზრდის - ამას რომ ვუყურებ, უბრალოდ არ მაქვს უფლება, რომ სადმე წავიქცე და გავტყდე, ვიწუწუნო ზედმეტად.
მესამე არის თვითრწმენა - რასაც გულით ვინდომებ, ყველაფერს ვაღწევ.
საკმაოდ დიდ ასაკში გავხდი დედა. მზად ვიყავი ფსიქოლოგიურად და ემოციურად, გააზრებულ ასაკში მომიწია ბავშვის გაჩენა. 20 წლის გოგომ შეიძლება რაღაც დაიკლოს შვილის გამო, მაგრამ მე მრავალფეროვანი ცხოვრება გავიარე, მადლიერი ვარ - კარგი მეგობრები მყავდა, ვიმოგზაურე კიდეც, გავერთე კიდეც, ახლა ნამდვილად იყო დრო, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა და ახლაც ვახერხებ, რომ პროფესიულად სიახლეებს ჩავეჭიდო", - ამბობს ნინო მუმლაძე Dedebi Podcast-ში სტუმრობისას. სრული ინტერვიუს ნახვას პოდკასტის არხზე შეძლებთ.
ნინო მუმლაძე ცნობილი და წარმატებული ქართველი მსახიობია. მას დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელსვე დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წლიდან კი თავისუფალი თეატრის მსახიობია.
ნინოს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალებმა "ჩვენი ოფისი", "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" და "ჩემი ცოლის დაქალები".
2023 წელს ნინომ მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და გაამხილა, რომ ის შეყვარებული იყო. მისი რჩეული ფერმწერი გუგა გოგინაშვილი გახდა. მათ ერთი წლის წინ პირველი საერთო შვილი შეეძინა, რომელსაც რონი დაარქვეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა ძალიან დამღლელია, ეს მაინც შეუდარებელი განცდაა! სხვა დედებისგან განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი: ბავშვის ერთი ჩახუტება გადაწონის ყველა იმ სირთულეს, რომელიც პატარას მოვლას ახლავს თან. რაც მთავარია, მშობიარობამ კარგად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, არანაირი გართულება არ მქონია.
მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. ახლა გადავწყვიტე, ისევ მივმართო ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, რომ გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია, ვჭამ, განვიცდი – ვჭამ, ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა…“ - ამბობდა მსახიობი.