კესანე ბარბაქაძე ზესტაფონიდანაა. მან კალათბურთის თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ ეს ამ სპორტის სიყვარულის, ან სიმპათიის გამო არ გაუკეთებია. კესანე ჭარბწონიანობას ებრძოდა და სწორედ ეს გახდა მისი კალათბურთით დაინტერესების მიზეზი. განვლილი გზის, სირთულეებისა და მიღწევების შესახებ მან ვიდეო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რის შემდეგაც დიდი მხარდაჭერა, ბევრი კომპლიმენტი და სიყვარული დაიმსახურა.
"კალათბურთის თამაში 15 წლის ასაკში დავიწყე, უბრალოდ ფორმაში ჩასადგომად. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს იყო სპორტი, რომლითაც მინდოდა დაკავებული ვყოფილიყავი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. კალათბურთის მიმართ სიყვარული დღითიდღე იზრდებოდა. პირველი ადამიანი, ვინც ჩემი პოტენციალი დაინახა, იყო თემურ ჯაშიაშვილი. ამასთან, ჩემი ოჯახის წევრებიც გვერდში მედგნენ.
ძალიან მალე მოვხვდი ასაკობრივ ნაკრებში. ამისთვის 6 თვეში 30 კილოგრამი დავიკელი და ევროპის ჩემპიონატზე ვასპარეზობდი. შემდეგ იყო ზაზა ფაჩულიას აკადემია, სადაც ვვარჯიშობდი. აქ მართლა ისე გავიზარდე, როგორც მოთამაშე.
15 წლის ასაკში მარტო წავედი იტალიაში. ყველაფერი უცხო იყო, ენა, ხალხი, გარემო, მაგრამ მალევე მოვახერხე თავის დამკვიდრება. ცოტა ხანში ყველა მიცნობდა, როგორც ქართველ კალათბურთელს. 2022 წელს A2-ის უმაღლეს დივიზიონში გადავედით, 2023 წელს კი იტალიაში კოლეჯი დავასრულე.
დღეს ვთამაშობ Basketball girl Ancona-ში და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვარ. ყველა სპორტსმენს ვეტყოდი, რომ არ შეეშინდეთ ოცნებების, რადგან ვარსკვლავებად არ იბადებიან, მას ქმნიან შრომით, გულით და რწმენით. შეუძლებელი არაფერია", - ამბობს კესანე Shoot 360 Tbilisi-თან ინტერვიუში.

ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენი იხსენებს, რომ გარეგნობის გამო ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. კესანე ბარბაქაძემ მოახერხა, რომ ეს წნეხი მოტივაციად ექცია და ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა:
"ძალიან ბევრი დაბრკოლება მქონდა წონის გამო. ბევრჯერ ყოფილა ბულინგის შემცველი ცინიზმი ჩემი მიმართულებით. მახსოვს ასეთი სიტყვებიც - მსუქანას კალათბურთი უნდა. წიგნი ყდით არ უნდა განსაჯო და სწორედ ამ სიტყვებმა დამადებინა ჩემს თავთან პირობა, რომ მემოქმედა და საქმით გამეცა პასუხი. დავისახე მიზანი, 6 თვეში დავიკელი 30 კილოგრამი, რამაც ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, როგორც კარიერული, ასევე ცხოვრებისეული", - იხსენებდა კესანე digest-თან ინტერვიუში.

კესანე ბარბაქაძემ პირველი კარიერული ნაბიჯები მწვრთნელებთან ერთად თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით გადადგა. 9 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიეღო მონაწილეობა და ეს ემოციები მისთვის დაუვიწყარია:
"ახლაც მახსოვს ის ემოციები, როდესაც პირველად შევდგი ფეხი ევროპის ჩემპიონატის დარბაზში, მოლდოვაში, კიშინიოვის დიდ დარბაზში. იმხელა განცდა იყო, გაკვირვება, ამდენი ხალხი ჩემთვის უცხო იყო. თან პირველი გასვლა იყო ქვეყნის გარეთ. ჩემს მუცელში მართლა პეპლები დაფრინავდნენ. თუ ამას ოდესმე შეიგრძნობ, შემდეგ სამმაგი ძალა გემატება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ბევრი იშრომო და დაიმსახურო მომდევნო წლებში ჩემპიონატზე თამაში საქართველოს სახელით", - ამბობს ახალგაზრდა სპორტსმენი.

კესანეს კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ზაზა ფაჩულიას აკადემიაში მოხვედრა. იქ მას სწავლისა და განვითარების შანსი მიეცა. თავად ამბობს, რომ გარდა სპორტული გარემოსა, მისთვის განსაკუთრებული იყო ადამიანური ურთიერთობებიც - რადგან თბილისში არ ცხოვრობდა, მას აკადემიაში დარჩენის საშუალებას ყოველთვის აძლევდნენ:
"არ არის სირცხვილი იმის თქმა, რომ რაიონიდან ხარ და ხელშეწყობა გჭირდება. პირიქით, თუ რაიმე ძალიან გინდა და გიყვარს, უნდა იბრძოლო და ყველა გზა უნდა გამონახო, რომ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდე შენს ოცნებას და მიზანს. ვარსკვლავებად არ იბადებიან, უნდა იმუშაო, რომ გახდე, უნდა გამოცადო ის ტკივილი, დაღლა, შრომა, რომ უფრო დიდი მიზნები დაისახო. გემო უნდა გაუგო შენი ოფლით და წვალებით მიღწეულ მიზანს", - ამბობს კესანე.

კესანე ბარბაქაძემ სწორედ ასე, ბევრი შრომით, მიზნისკენ შეუპოვარი სვლით შეძლო, რომ მისით FIBA დაინტერესდა:
"ვითამაშე 16-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საუკეთესო სტატისტიკები დავდე. FIBA-მ დაწერა ჩემზე სტატია. საშუალო სტატისტიკა მქონდა, 21 ქულა, 19 მოხსნა, ეს ყოველივე ნახა ჩემმა პირველმა კლუბმა, საიდანაც მომივიდა პირველი მიწვევა კონტრაქტით", - იხსენებს ის. აქედან დაიწყო კესანე ბარბაქაძის იტალიური წარმატება, რომელიც დღემდე გრძელდება.