„ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით. სკოლაში გავიცანით ერთმანეთი და იქიდან მოვდივართ ერთად. ერთმანეთითაც სკოლაში დავინტერესდით. სულ ვმეგობრობდით, ხან ერთად ვიყავით, ხან ვიშლებოდით. შეყვარებულებიც ვიყავით. უნივერსიტეტის პერიოდში პაუზა გვქონდა. მე სხვაგან ჩავაბარე, გიორგიმ - სხვაგან, გავერთეთ სხვადასხვა გარემოთი, მაგრამ ბოლოს ისევ შევიკარით და მას შემდეგ ერთად მოვდივართ.
საერთო ჯამში, დიდი ხანია, რაც ერთმანეთის ცხოვრებაში ვართ. ცხოვრების დიდი ნაწილი ერთად გვაქვს გატარებული, რადგან სკოლიდანვე ვმეგობრობთ. მალე ცხრა წელი შეგვისრულდება, რაც დაქორწინებულები ვართ“, – ოჯახისა და მეუღლის შესახებ ჟურნალისტმა სალომე ლემონჯავამ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.

სალომე ლემონჯავასა და გიორგი ცხადაძის ოჯახი
ულამაზეს ახალგაზრდა წყვილს, სალომე ლემონჯავასა და გიორგი ცხადაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. გიორგი მსახიობი და მუსიკოსია, სალომე კი - ჟურნალისტი. ის მაყურებელს არაერთი გადაცემის ეთერიდან მისალმებია და კამერებს მიღმაც ხშირად უმუშავია. სალომესა და გიორგის ერთი ქალიშვილი, უსაყვარლესი ნენე ცხადაძე ჰყავთ.
სალომე ლემონჯავა აფხაზეთიდან დევნილია. მძიმე გზა, რომელიც მისმა ოჯახმა გამოიარა, მას არ ახსოვს, რადგან მაშინ სულ ერთი წლის იყო.
აფხაზეთიდან დედასთან და და-ძმასთან ერთად წამოვიდა. მამა იქ დარჩა- - ომის ვეტერანი იყო. სოხუმის დაცემამდე იქ იყო და იბრძოდა. შემდეგ, ისევე როგორც სხვა გადარჩენილები, იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა. იგი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
გიორგი ცხადაძე მაყურებელმა პირველად „ერისიონის“ კლიპიდან „შატილის ასულო“ გაიცნო. მოგვიანებით მსახიობობა აირჩია და დღეს ახმეტელის თეატრში საქმიანობს. პარალელურად მღერის და მის მიერ შესრულებული სიმღერები მალევე იქცევა ხოლმე ჰიტებად.

გიორგი ცხადაძე ხონში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, მაგრამ გიორგი ხშირად დადიოდა სოფელში ბაბუასთან.
გიორგისა და სალომეს სიყვარულის ისტორია ლამაზ ზღაპარს ჰგავს, ამ ზღაპრის მთავარი გმირი კი დღეს უკვე პატარა ნენეა. ნენე უკვე წარმატებით ითავსებს მშობლების პროფესიას - უყვარს სოციალურ ქსელებში გამომწერებთან საუბარი, ამასთან, შესანიშნავად მღერის და მისი ვიდეოები ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.
