2024 წელს საქართველო შეძრა კესარია აბრამიძის სასტიკმა მკვლელობამ - დანაშაული მისმა შეყვარებულმა, ბექა ჯაიანმა ჩაიდინა. მკვლელს ახლა უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
ამ დრომდე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია კესარია აბრამიძის ოჯახის არც ერთ წევრს - მას მშობლები და ერთი და ჰყავს. ეს დუმილი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში დღეს კესარია აბრამიძის დედამ, გულისა სირბილაძემ დაარღვია და შვილზე პირველად ისაუბრა საჯაროდ.
კესარია აბრამიძის ბავშვობა
"14 წლის იყო როცა მარტო დაიწყო ცხოვრება. თბილისში მარტო წამოვიდა. სკოლის ასაკში, როცა უნდა ჩაეცვა შარვალი და პიჯაკი, უარს ამბობდა. ლამაზად იცვამდა, თმას იკეთებდა. თავიდან მიკვირდა, რატომ იქცეოდა ასე, რთული იყო ამის გააზრება, მაგრამ შევეჩვიე. ეკლესიაში დადიოდა, მე ეს ძალიან მომწონდა, მაგრამ დედაომ უთხრა, შენ შენს თავში ვერ გაერკვიეო, ამის შემდეგ აღარ მისულა ეკლესიაში. მასწავლებლებთან ჰქონოდა პრობლემა, რასაც გაექცა, მოშორდა ჩვენს გარემოს და თბილისში წამოვიდა.
თბილისში ისწავლა მაკიაჟის გაკეთება, ვარცხნილობის გაკეთება, ბევრს მუშაობდა და შრომობდა. თავიდანვე ძალიან ჭკვიანი და გამბედავი იყო.
მას უნდოდა, მე სულ პოზიტიური ვყოფილიყავი, ლამაზი ვყოფილიყავი, არაფერზე მენერვიულა... ახლა ვეტყოდი - დედა, მე კარგად ვარ და ძალიან მიყვარხარ".
კესარია აბრამიძის მკვლელობა
"არ ამბობდა, რომ რთულ სიტუაციაში იყო. მხოლოდ იმას მეუბნებოდა, რომ გვიყვარს ერთმანეთიო. ალბათ, იმიტომ მიმალავდა, რომ არ მენერვიულა.
შეიძლება, ახლა მისი ოჯახი მიყურებს. დიდ ბოდიშს მოვიხდი დედამისთან, მაგრამ როგორც ადამიანი, არ მომწონდა ეს ბიჭი და სულ ვეუბნებოდი ამას კესოს. ჩვენ, ოჯახში ძალიან თბილები, დამთმობები ვართ. მას [ბექა ჯაიანს] უხეში მიმართვები ახასიათებდა. როცა კესარიას ვეკითხებოდი, ბედნიერი ხარ-მეთქი? მპასუხობდა, კიო.
უნდა ეთქვა პირდაპირ, უნდა ესაუბრა ამ პრობლემაზე უფრო მეტი. ისეთი ძლიერი იყო, რატომ დამალა, არ ვიცი. წარმოიდგინეთ, როცა ასეთი პოპულარული ადამიანი ხარ, არ გინდა, სააშკარაოზე გამოიტანო ეს ყველაფერი არა მისი [ბექა ჯაიანის] პატივისცემის, არამედ, საკუთარი თავის პატივისცემის გამო.
საშინელება იყო ის დღე. მე არ მითხრეს, მომატყუეს, თითქოს საავადმყოფოში იყო... სულ მქონდა ფიქრი, ვინმემ რამე არ დაუშავოს, რამე არ დაემართოს-მეთქი. ეს, ალბათ, დედის ინსტინქტია, ყველა დედა ასეა შვილის მიმართ.
დიდი იყო, ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა, მე მესმოდა მისი და არ მეგონა, ეს თუ მოხდებოდა. ეს არის საშინელება. განაჩენით კმაყოფილი ვარ, რა უნდა მას გარეთ, მზის სინათლეზე?!
მის ოჯახს არ დავკონტაქტებივარ. ბრაზი კი მაქვს შინაგანად, მაგრამ რა აზრი აქვს მათთან საუბარს? ოჯახს ბოდიში არ მოუხდია, ტელევიზიით თქვა დედამისმა რაღაც.
მე მყავს კიდევ ერთი შვილი, ანა, მისთვის უნდა ვიცოცხლო. იმის იმედი მაქვს, რომ მეც იქ უნდა წავიდე, ველოდები წუთებს..."
მიმართვა დედებს, რომლებიც მსგავს გზას გადიან
სხვა დედებს ვეტყოდი, რომ ეს არის ყველაზე რთული სიტუაცია. არიან ადამიანები, რომლებიც შვილს ვერ იღებენ, არ მოსწონთ, სახლში არ აჩერებენ... ეს ხომ საშინელებაა. ამოუდექით მას მხარში, ის ხომ ადამიანია, ის ხომ სისხლი და ხორცია თქვენი, დაუდექით გვერდით და მიიღეთ ისეთi, როგორიც არის".
დედის თვალით დანახული კესარია აბრამიძე
"კესარია მარტო მაკიაჟი და ტანსაცმელი არ იყო - ის იყო სულიერი ადამიანი, ყველასთან შეეძლო ურთიერთობა, პატარასთან პატარა იყო, დიდთან - დიდი. კეთილშობილი ადამიანი იყო. შეიძლება ბევრს არ სიამოვნებს ჩემი ნათქვამი, შეიძლება ზოგმა ჩემზე ცუდიც თქვას, მაგრამ ვინც ცუდს იტყვის, ისიც კარგად იყოს..."
2024 წლის 18 სექტემბრის ღამით დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ჩადენილი სასტიკი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ელვისებურად გავრცელდა. მოკლული ყველასთვის კარგად ნაცნობი კესარია აბრამიძე აღმოჩნდა. 37 წლის ტრანსგენდერ ქალს ყოფილმა პარტნიორმა, 1998 წელს დაბადებულმა ბექა ჯაიანმა სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში დანით მიაყენა.
გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ მიდის ის კესარია აბრამიძის ბინაში და 14 წუთში ბინიდან გამორბის. ამ ფაქტს აბრამიძის მეზობლებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ დაინახეს, როგორც დატოვა ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსი.
კესარია აბრამიძე 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. ის პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია. იყო ცნობილი სახე, მოდელი, მსახიობი, ინფლუენსერი, ხშირად იწვევდნენ პოპულარულ შოუებში. 2018 წელს კესარია აბრამიძემ "მის ტრანს მსოფლიოს" სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საქართველო წარადგინა. კესარიას საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის გაყინვა ჩაუტარდა, რისი საშუალებითაც შეეძლო ბიოლოგიური შვილის ყოლა. "ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ დღეს. ვგრძნობ შინაგანად, რომ შევდექი. მე ბავშვობაში ყოველთვის ვხედავდი ჩემს თავს ასეთად და არამხოლოდ ვხედავდი, ვხატავდი კიდეც", - ამბობდა კესარია აბრამიძე.
"14 წლის ვიყავი, როცა დედამ პირველად მიმიყვანა ექიმთან. მაშინ ექიმებმაც ბევრი არაფერი იცოდნენ. მე ვიყავი ის, ვინც გზა გაკვალა ამ მიმართულებით და მაშინ ყველა სილა მე მომხვდა. 13 წლის ვიყავი, როცა დედას გამოვუცხადე, რომ დამოუკიდებლად მინდოდა ცხოვრება. დედა მაშინ შოკში იყო, მეუბნებოდა, სად უნდა წახვიდე, სად უნდა იცხოვროო. 15 წლის ვიყავი, როცა სახლიდან წავედი და დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება. ყველა გაგიჟდა, ჩემი ნათესავებიც, ნაცნობებიც, თუმცა დღეს ძალიან აფასებენ ჩემს ყველა ნაბიჯს და ტაშს მიკრავენ, იმიტომ, რომ ყველა დაბრკოლება გავიარე", - იხსენებდა ის.