ხათუნა სამნიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, სოციალურ ქსელში გულწრფელ და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. პოლიტიკოსი წერს, რომ მძიმე ფიზიკური ტკივილების მიუხედავად, ბრძოლას არ წყვეტს და იმედს ეჭიდება.
„ტკივილი…ფოტოში ხმა არ ისმის, ყრუ ყმუილი ტკივილისგან, დროზე გაგიაროს რომ ელოდები და მზის სიმხურვალის იმედიც გაქვს წამალთან ერთად. ყველაზე მეტად ტკივილი მაკარგვინებს იმედს, ძალას, ენერგიას, რომ ცოტაც და დასრულდება ეს საშინელი პერიოდი… როგორ ველოდები, როგორ მინდა გავუძლო, როგორ ვცდილობ, არ ჩავიქნიო ხელი არაფრით.
ჩემმა რეზიკო, გუშინ 5 წლის გახდა და ტორტზე სანთლების ჩაქრობისას „ხათუნა მალე მორჩესო“ ჩაიფიქრა, თურმე… ვიტირე… რანაირად? მხოლოდ 5 წლისაა. ჰოდა, სურვილის ასრულებაში მეც უნდა შევიტანო წვლილი, ვიბრძოლო, ყრუდ კი არა, უნდა ვიღრიალო ტკივილისას და მაინც გავუძლო და რეზიკო დიდი ბიჭი რო იქნება, ისეთი მაგარი ბიჭი იქნება, რომ უბედნიერესი ვიყო.
P.s. ეს ფოტო მამამისმა გადამიღო. დაბადების დღეს გერმანიაში ვიქნებიო რომ უთხრა, არა უშავსო, ხათუნას ხო დახმარება უნდაო. ყველაფერზე კი ვტირივარ, ისე მაქვს ნერვები, მაგრამ ეს რაღაც სხვა ცრემლებია,“ – წერს ხათუნა სამნიძე.

ხათუნა სამნიძის ბრძოლა მძიმე სენთან
ხათუნა სამნიძე 2023 წლის მიწურულს მოულოდნელად გაქრა. მას მძიმე დაავადების გამო ქვეყნის დატოვება და მკურნალობის გერმანიაში გაგრძელება მოუწია. აქტიურ პოლიტიკას კი სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.
სიმსივნესთან ბრძოლაში განვლილ გზაზე ხათუნა სამნიძე ნეტგაზეთს ესაუბრა:
"პირველ რიგში, ყველა ქალს ვურჩევ, 6 თვეში ერთხელ გადაამოწმონ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ამას ვაკეთებდი, რადგან დედა მყავს სიმსივნით დაკარგული, მისი თხოვნაც იყო და ისედაც ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ. არაფერი არ მაწუხებდა. შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ყველაზე ჯანმრთელად ვცხოვრობდი, ვვარჯიშობდი, კვებას ვაქცევდი ყურადღებას, რეჟიმს… ამიტომ არაფერი არ მაწუხებდა, პირიქით, ძალიან ენერგიაზე ვიყავი, დღეში 20 კილომეტრს დავდიოდი. ამიტომ, როცა იეჭვეს სიმსივნეზე, არ მჯეროდა, ჩავთვალე, ექიმები ცდებოდნენ, რადგან ჯერ ეჭვი გაჩნდა.
ბათუმში როცა ჩავდივარ, სიცივეშიც ვცურავ ზღვაში და ოქტომბერში, ერთ-ერთი ასეთი ცურვის დროს, ვიფიქრე, რომ გავცივდი და მივედი ექიმთან. აღმოჩნდა, რომ არ ვიყავი გაციებული და ამიტომ ვიეჭვეთ, რამე სხვა რამ ხომ არ ხდება. ონკომარკერმა, რითაც შეგიძლია გაიგო, რამე ხომ არ არის სხეულში ონკოლოგიური, აჩვენა, რომ იყო ნორმაზე მაღლა. თუმცა ექიმმა თქვა, რომ ეს შეიძლება რაღაც ანთების პროცესი იყოსო..."