"სერიოზული ტრავმა მივიღე, აპრილის შემდეგ ძალიან რთულ დღეში აღმოვჩნდი..." - ნუკრი კაპანაძე რთული პერიოდისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - Marao

"სერიოზული ტრავმა მივიღე, აპრილის შემდეგ ძალიან რთულ დღეში აღმოვჩნდი..." - ნუკრი კაპანაძე რთული პერიოდისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

2026-01-22 12:30:03+04:00

ცოტა ხნის წინ, რადიო „ფორტუნას“ გადაცემის სტუმარი მომღერალი ნუკრი კაპანაძე იყო. მან გადაცემაში რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, მათ შორის, იმ მიზეზებზე, რის გამოც საახალწლო გადაღებების პერიოდში ეკრანებზე არ ჩანდა.

როგორც მომღერალმა აღნიშნა, მიზეზი სერიოზული ტრავმა იყო - ფეხის მოტეხილობა, რომელმაც მისი ყოველდღიურობა და პროფესიული საქმიანობა დროებით შეცვალა.

"არ ვჩანდი, რადგან სერიოზული ტრავმა მივიღე, ფეხი მოვიტეხე და აპრილის შემდეგ ძალიან რთულ დღეში აღმოვჩნდი. ამიტომ ჩემი საქმეები გადავდე, თუმცა სიმღერაზე ფიქრი ერთი წუთით არ მიმიტოვებია, რადგან მის გარეშე არ შემიძლია, ჩემთვის სასიცოცხლო მაინც სიმღერა და მუსიკაა. უკვე მივდივარ გამოჯანმრთელებისკენ და მალე ჩავერთვები, ალბათ, საქმეში".

ინტერვიუს სრულად ნახვა"ფორტუნაზე" შეგიძლიათ.

  • 6-თვიანი ქორწინება, გზა წარმატებისკენ და საინტერესო ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან: ნუკრი კაპანაძის პორტრეტი 

ნუკრი კაპანაძე

როგორც თავად ამბობს, სიმღერებმა საშუალება მისცა, თავისი სატკივარი მსმენელამდე მიეტანა. აღნიშნავს, რომ რთული, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო გზა გამოიარა.

"არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. დღეს აღარ მინდა გახსენება, რადგან უბედნიერესი ვიყავი და დიდი ტკივილია, რაც ბავშვობასთან ერთად წავიდა – ბებიები ბაბუები, უსაყვარლესი ადამიანები... იმდენად გაუსაძლისი ტკივილია, დიდი კედელი ავაშენე და აღარ მსურს ბავშვობაში დაბრუნება. იყო და მორჩა! იმდენად დიდი სიყვარულია ბავშვობის მიმართ ჩემში, რომ ტკივილამდეა და ამიტომ ვბლოკავ ყველაფერს, საშინლად მტკივა. ჩემი ბავშვობა იყო ადამიანების ერთობლიობა, ეს ხომ არ იყო მხოლოდ პატარა ასაკი?! უამრავი ადამიანი იყო, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს, საოცარი სამყარო შემიქმნეს, ბედნიერი რომ ვყოფილიყავი" - იხსენებდა მომღერალი. 

ზესტაფონში სკოლა რომ დაამთავრა და თბილისში ჩამოვიდა, ნათესავებთან ცხოვრობდა და საკუთარი ჭერი სჭირდებოდა, შესაბამისად ბინის არ ქონა დიდ პრობლემას წარმოადგენდა. გავიდა წლები და ქავთარაძეზე ერთოთახიანი ბინა იყიდა, ამის პარალელურად მიდიოდა მისი პირადი ცხოვრება...

  • "ჩემს ასაკში ჩვენს ქვეყანაში სიყვარულზე ლაპარაკი უხერხულად მიიჩნევა, საკუთარ თავს გარკვეულ აკრძალვებს ვუწესებ, მაგრამ..." 

ძალიან ნანობს, რომ სოლფეჯიო არ ისწავლა და მუსიკალური განათლება არ მიუღია. პედაგოგმა ერთი-ორჯერ ხელზე დაარტყა და ამიტომ წამოვიდა. ხშირად უთქვამს, რომ მუსიკალური განათლება სიმღერაში ბევრ რამეს გაუადვილებდა. 

"ჩემი სიმღერა ქართულ სიტყვაზეა აგებული. ქართულ სიტყვას აქ იგებენ, ჩემს ქვეყანაში, სხვაგან ვერ გაიგებენ. ეს ხომ საესტრადო სიმღერაა, არ არის კლასიკა, საოპერო ხელოვნება, რომელსაც ყველა იგებს. საზღვარგარეთ შეიძლება გაიტანო ქართული ფოლკლორი, რომელსაც ენა არ სჭირდება. ქართული პოლიფონია ყველასთვის გასაგებია. როდესაც ქართულ საესტრადო სიმღერას ასრულებ, ერთადერთი გზა გრჩება – იყო იმდენად მართალი, უცხოელს დაანახვო. ვთქვათ, როდესაც ფრანგულ სიმღერებს ვისმენთ, არ ვიცით სიტყვები, მაგრამ ჩვენში შემოდის. აი, რა დონეზე უნდა იმღერო და შეასრულო, უცხოელი ადამიანი რომ დააინტერესო."