"ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვეუბნებით – „მიყვარხარ!”… ყველაფერი უსიტყვოდ ხდება" - ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის 30-წლიანი ამბავი სიყვარულზე - Marao

"ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვეუბნებით – „მიყვარხარ!”… ყველაფერი უსიტყვოდ ხდება" - ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის 30-წლიანი ამბავი სიყვარულზე

2026-01-22 15:29:52+04:00

ფოლკლორისტების ცნობილი წყვილის, პოეტ ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის სიყვარულის ამბავი 30 წელზე მეტს ითვლის. ქორწილი ვარდობისთვეში, მთაში შემონახული ყველა რიტუალის დაცვით გადაიხადეს. თამადა ვახუშტი კოტეტიშვილი გახლდათ. მათი შეუღლება მთელმა თუშეთმა, ხევმა და ხევსურეთმა იზეიმა. ახლა სამი შვილი ჰყავთ – მინდია, ანანო და მარიამი (თუთიკო).

  • "ძნელია, ჩაგეხუტოს, გადაგკოცნოს, სახლიდან გავიდეს და ეს გასვლა სამუდამო წასვლა აღმოჩნდეს..." - თათა ვარდანაშვილი პირადი და შემოქმედებითი გზა 

ბატონი ამირანი და ქალბატონი ეთერი სოფელ-სოფელ, მთა-მთა დადიან და ხალხში გაბნეულ მარგალიტებს აგროვებენ, რომ შთამომავლებს შემოუნახონ ქართული სიტყვის საგანძური. ამას უჩუმრად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე აკეთებენ. თავად ამ სუფთა ადამიანების ცხოვრებაშიც საოცარი, ზღაპარივით ამბები მომხდარა.

tataraidze

– უამბეთ მკითხველებს თქვენი სიყვარულის ამბავი, რომელმაც ამდენ წელს გაუძლო.

ეთერ თათარაიძე: მთის ხალხი ამ თემაზე მორიდებულად საუბრობს, მაგრამ ფაქტია, რომ სიყვარულია ყველაფრის საფუძველი. ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვეუბნებით – „მიყვარხარ!” „შენზე ვგიჟდები!”… ყველაფერი უსიტყვოდ ხდება.

24 წლის ვიყავი, როცა ვიქორწინეთ. ახლა სულ ვფიქრობ, თურმე მაშინ რამდენ რამეზე არ გვიფიქრია. ამირანს ცოლად ისე გავყევი, მისი თვისებები ბოლომდე არც კი ვიცოდი. რომ ვთქვა, ამირანზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა-მეთქი, ასე ნამდვილად არ იყო, მაგრამ მას ხალხში გამოვარჩევდი. გუმანი თუ გული მეუბნებოდა, რომ საოცრად სუფთა იყო.

  • "სერიოზული ტრავმა მივიღე, აპრილის შემდეგ ძალიან რთულ დღეში აღმოვჩნდი..." - ნუკრი კაპანაძე რთული პერიოდისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ამირან არაბული: ამაზე ლაპარაკს დუმილს ვამჯობინებ, რადგან ეს თემა მთაში სულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც ტაბუდადებულია. ყველაფერი შიგნით, შენს არსებაში უნდა ტრიალებდეს. ამ საზღვრებს თუ გასცდება, ის კარგავს ხიბლს, იდუმალებას და იმასაც, რასაც სამუდამოდ შენახული საიდუმლო ჰქვია.

– როგორი ქორწილი გადაიხადეთ?

ეთერი: მთაში გადავიხადეთ და ამას ქორწილი არც ერქვა, ეს იყო პოეზიის დიდი საღამო. თამადა ვახუშტი კოტეტიშვილი იყო. ქორწილს ლამის მთელი საქართველო ესწრებოდა. ჯერ ალვანში, თუშური რიტუალებით გადავიხადეთ. მერე ყაზბეგში, ამირანის სოფელ ჯუთაში წავედით. გზა და გზა ხევსურები, მთელი ხევი გვეგებებოდა. ჩემი მამამთილი, დავით არაბული, გამორჩეული ადამიანი იყო, მთელი ხევი და ხევსურეთი პატივს სცემდა. სუფრები ქუჩაში ჰქონდათ გაშლილი და ისე გვეგებებოდნენ. ბევრი ოჯახი გულდაწყვეტილი დარჩა, რადგან ყველგან გაჩერებას ვერ ვასწრებდით. სანამ ჯუთაში მივედით, ლამის დაგვაღამდა.

– ჯვარი სად დაიწერეთ?

ეთერი: ჯვარი ანანურში უნდა დაგვეწერა. მაშინ ეს ტაძარი მოქმედი არ იყო. ამირანის მეჯვარე გოდერძი ჩოხელი გახლდათ, ჩემი – გუგა კოტეტიშვილი და ნატო მირზაშვილი. გოდერძი თბილისში მოძღვარს მოელაპარაკა, რომ ანანურში ამოსულიყო და ჯვრისწერის რიტუალი შეესრულებინა. გოდერძი მთელი გზა საოცრებებს აკეთებდა. გზადაგზა მინდვრის ყვავილებს კრეფდა და ჩვენს მანქანას აყრიდა. მთელი გზა არ ისვენებდა. ამიტომ ანანურში დავიგვიანეთ. თურმე მოძღვარი გველოდა. მერე იფიქრა, ალბათ აღარ მოვლენო და თბილისში გაბრუნდა.

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ sarkenews.ge