„რა თქმა უნდა,ბედნიერი ვარ, რადგან უსაყვარლესი რონი მყავს. მამამისმა დაარქვა რონი, მე უფრო ქართულ სახელებზე ვფიქრობდი.
მე და გუგა დავშორდით. მამა როცა არ არის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართული, მაშინ დედას უწევს ისეთი რაღაცების კეთება, რაც, ალბათ, მამამ უნდა გააკეთოს. ბავშვს ვზრდით სამი ადამიანი - მე, დედაჩემი და დეიდაჩემი. მე და დეიდაჩემი ვმუშაობთ, ბავშვთან უფრო მეტად დედაჩემია", - ამბობს ნინო მუმლაძე Prime Time-თან ინტერვიუში.

მეუღლესთან დაშორების შესახებ ნინომ მანამდე Dedebi Podcast-ში სტუმრობისას ისაუბრა:
"სექტემბრიდან დღემდე, რამდენიმე სპექტაკლი გამოვუშვით, ახალი წლის პერიოდიც ძალიან დატვირთული იყო - დღეში 2-3 წარმოდგენა გვქონდა, ჩემი შვილისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, რასაც, რა თქმა უნდა განვიცდი. რომ არა დედაჩემი და დეიდაჩემი, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ჩემი მშობიარობის შემდეგ დედაჩემი სამსახურში აღარ გასულა.
ყველა დედა დამეთანხმება, რომ ბავშვის ემოციებთან ერთად, შენი ემოციური ბალანსის შენარჩუნება რთულია.
სიმართლე გითხრათ, არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ მარტოხელა დედობა არის ორმაგი პასუხისმგებლობა. გინდა, თუ არ გინდა, არის მომენტები, როდესაც გიწევს შეითავსო, როგორც დედის, ისევე მამის როლი. ფიზიკურად ისეთი რაღაცები უნდა აკეთო, როგორიცაა, სახლში მოსვლისას პროდუქტების მოტანა - სულ მიწევს რაღაცების წამოღება - საკვები, წყალი...მანქანიდან რომ გადმოვდივარ, ერთ ხელში მძიმე პარკი მიჭირავს, მეორეში - გასაღები, ჩიპი, ხურდა. ვფიქრობ, რთულია, ამ რუტინასთან ერთად, დედაც იყო და სახლში ეს ყველაფერი აკეთო. მერე მახსენდება, რომ ამას ხომ მამები აკეთებენ ოჯახში?!
ვისაც მეუღლე სახლში ჰყავს, ზოგჯერ მაინც თავად უწევს ამ პასუხისმგებლობის აღება - ძალიან ხშირადაა, რომ დედა გაცილებით მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე მამა. ასეთი ოჯახი უამრავია. მიუხედავად ამისა, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ - ბევრ კარგ მამასაც ვიცნობ, თუმცა ეს ამ ეპოქის ნაწილია.
სამი რამ, რაც ფეხზე მყარად დგომაში მეხმარება, არის - პასუხისმგებლობა ჩემი შვილის მიმართ.
მადლიერება დედაჩემის მიმართ არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს შვილს ზრდის, იმიტომაც, რომ 90-იან წლებში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა და დედაც მარტო დარჩა ორ შვილთან ერთად, მოახერხა და არ მოგვაკლო არც ყურადღება, არც განათლება. მაშინ, იმ ერთმა ქალმა, მუსიკის მასწავლებელმა, იმდენი მოახერხა, ახლა კიდევ ჩემს შვილს ზრდის - ამას რომ ვუყურებ, უბრალოდ არ მაქვს უფლება, რომ სადმე წავიქცე და გავტყდე, ვიწუწუნო ზედმეტად.
მესამე არის თვითრწმენა - რასაც გულით ვინდომებ, ყველაფერს ვაღწევ.
საკმაოდ დიდ ასაკში გავხდი დედა. მზად ვიყავი ფსიქოლოგიურად და ემოციურად, გააზრებულ ასაკში მომიწია ბავშვის გაჩენა. 20 წლის გოგომ შეიძლება რაღაც დაიკლოს შვილის გამო, მაგრამ მე მრავალფეროვანი ცხოვრება გავიარე, მადლიერი ვარ - კარგი მეგობრები მყავდა, ვიმოგზაურე კიდეც, გავერთე კიდეც, ახლა ნამდვილად იყო დრო, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა და ახლაც ვახერხებ, რომ პროფესიულად სიახლეებს ჩავეჭიდო", -თქვა მსახიობმა.