„ისე ვქენი, რომ ლამის კახექსიური გავხდი და ჩემი თავი ასეთ წონაში მომწონდა“ - მაია ასათიანი გულშემატკივრებს მადლობას უხდის და წონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს - Marao

„ისე ვქენი, რომ ლამის კახექსიური გავხდი და ჩემი თავი ასეთ წონაში მომწონდა“ - მაია ასათიანი გულშემატკივრებს მადლობას უხდის და წონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს

2026-01-23 11:29:07+04:00

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც წონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გულწრფელად ისაუბრა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, 48 წლის ასაკში პირველად შეექმნა წონასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური კომპლექსი. მაია აღნიშნავს, რომ გარკვეულ ეტაპზე საკუთარი წონის ზედმეტად მკაცრი კონტროლი დაიწყო, რის შედეგადაც ძალიან გახდომამდე მივიდა.

„უდიდესი მადლობა ყველას, იმიტომ, რომ ჩემი ახალი კომპლექსის დამარცხებაში დამეხმარეთ. 48 წლის ასაკში ვარ და მანამდე წონის კომპლექსი არ მქონია. ახლა თითოეულ კილოგრამს ვაკონტროლებ ხოლმე. ბოლოს ისე ვქენი, რომ ლამის კახექსიური გავხდი და ჩემი თავი ასეთ წონაში მომწონდა. თითქმის ყველამ მომწერეთ, რომ ასე, როგორც ახლა გამოვიყურები - ახლა 55 კილოს ვიწონი - ასე უკეთესია და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მუდმივად თითო-თითო კილოგრამის კონტროლი ფსიქოლოგიურად ძნელია. უდიდესი მადლობა, რომ დამეხმარეთ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის მართლა დახმარება იყო. მეტს არ მოვიმატებ, მაგრამ აღარც გავხდები“, - ამბობს მაია ასათიანი ვიდეომიმართვაში.

  • "ეს ჩემთვის,ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერვიუა..." - რას წერს მაია ასათიანი 

მაია ასათიანი

მაია ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ტელე-პერსონაა თანამედროვე საქართველოს მედიასივრცეში. მის სახელს არაერთი გადაცემა უკავშირდება. განსაკუთრებული პოპულარობა კი საავტორო შოუ "პროფილმა" მოუტანა. 

მაია ასათიანმა ტელევიზიაში კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გამოჩენა მაყურებელმა გადაცემა "ალიონში" იხილა, რითაც ახალგაზრდა წამყვანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდგომ წლებში კი იგი კორესპონდენტის ამპლუასაც წარმატებით ირგებდა. 2000-იანი წლების დასაწყისში მაია ასათიანმა წამოიწყო საავტორო გადაცემა "პროფილი", რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ქართულ ტელესივრცეში. გადაცემაში გაჟღერებული ადამიანური ისტორიები, გულწრფელი საუბრები მაიას ხელწერად იქცა.

მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ. 

რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელის შემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.