წლების განმავლობაში მეზღვაურობა საქართველოში კაცების პროფესიად ითვლებოდა - სივრცედ, სადაც ქალებისთვის გზა თითქმის დახშული იყო. თუმცა ეს რეალობა იცვლება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ნათია ლაბაძე გახდა ქვეყნის პირველი ქალი გემის კაპიტანი - ისტორიული პრეცედენტი, რომელიც არამხოლოდ ერთ პროფესიულ წარმატებას, არამედ მთელი დარგის ტრანსფორმაციას ნიშნავს.
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში. ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. მისი პროფესიული გზა 2015 წელს კადეტობიდან დაიწყო. ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის, ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა.
ნათია ლაბაძის პროფესიული მიღწევა მნიშვნელოვანი მაგალითია ქალთა ჩართულობის ზრდის თვალსაზრისით საზღვაო დარგში. ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული, საიდანაც 120 საკრუიზო გემებზეა დასაქმებული, როგორც დამხმარე პერსონალი. რაც შეეხება დანარჩენ 10 ქალ მეზღვაურს, ისინი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობენ, ოთხი მათგანი ახლა შორეულ ნაოსნობაშია.
საქართველოში ქალები გასული საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენ საზღვაო პროფესიებში დასაქმებას. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იულია ფაილოძემ, ვაიდე გვარიშვილმა, ნინო კალანდაძემ და შუშანა თუმანიშვილმა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი დაამთავრეს და შორეულ ნაოსნობაში გასვლის სურვილი გამოთქვეს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში ქალების მსახურება შორეულ ნაოსნობაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შეზღუდვების გამო, ქალები საზღვაო დარგში ძირითადად სანაპირო და დამხმარე მიმართულებებში საქმიანობდნენ-— მეტეოროლოგიაში, რადისტებად, სამედიცინო პერსონალში, ჰიდროგრაფიაში და სხვა სანაპირო სტრუქტურებში. სწორედ ამიტომ, ნათია ლაბაძის პრეცედენტი გამორჩეულია და საქართველოს იმ ქვეყნების გვერდით აყენებს, სადაც ქალს გემზე უმაღლესი თანამდებობის დაკავება შეუძლია“, - წერს სოციალურ ქსელში „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო".

"ჩემი აზრით, მზად ვარ უკვე გემი ჩავიბარო და გავიყვანო შორეულ ზღვაოსნობაში. საზღვაო აკადემიაში რომ ჩავაბარე, 121 ბიჭი იყო და ერთადერთი გოგონა ვიყავი კურსზე. როცა გავიგე, რომ ჩავაბარე, უბედნიერესი ვიყავი, ცაში დავფრინავდი. ყველაზე მაგარი მომენტი იყო, როდესაც გავიგე გემზე მივდიოდი, 2015 წელი იყო. 11 წელია, ზღვაში დავდივარ და ჩემს ოცნებამდეც მივაღწიე. მინდა უახლოეს მომავალში გემზე ავიდე, როგორც კაპიტანი", - ამბობს ნათია ლაბაძე ტელეკომპანია "იმედის" ინტერვიუში.
ნათია ლაბაძის ოჯახიც მჭიდროდაა დაკავშირებული საზღვაო სფეროსთან - მამა, ბაბუა და ბიძაშვილები მეზღვაურები არიან. როგორც თავად ამბობს, პროფესიის არჩევისას სწორედ ოჯახის წევრები გახდნენ მისი მთავარი სტიმული.
რამდენიმე წლის წინ ნათიასთან ინტერვიუ "ბათუმელებმა" ჩაწერა, სადაც ამბობდა, რომ საზღვარგარეთ ძალიან ბევრი მეზღვაური ქალია:
„მეზღვაური ქალი აღარ არის სიახლე ევროპასა და ამერიკაში. მამაჩემი მეუბნებოდა, მიკვირდა და თან ძალიან მომწონდა, როცა ეკიპაჟში ქალებს დავინახავდიო. სხვათა შორის, თურქულ გემებზე ბევრი მექანიკოსი ქალია. მეც ვიცნობდი ერთ ებრაელს, რომელმაც აქ დაამთავრა აკადემია და ახლა ისრაელში სამხედრო გემის კაპიტანია“, – თქვა ნათია ლაბაძემ "ბათუმელებთან" საუბრისას.