"დედობაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?! ჩემს ცხოვრებაში ახლა იმდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ეტაპია" - მარიამ ელიეშვილი დედობაზე, აშშ-ში ცხოვრებასა ოჯახზე - Marao

"დედობაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?! ჩემს ცხოვრებაში ახლა იმდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ეტაპია" - მარიამ ელიეშვილი დედობაზე, აშშ-ში ცხოვრებასა ოჯახზე

2026-01-23 16:43:46+04:00

მარიამ ელიეშვილმა მისი ვოკალური შესაძლებლობით ქართველი მსმენელის გული მალევე მოიგო. მან ქართულ ფოლკლორს მისი შესრულებით ახალი სიცოცხლე შესძინა. მარიამი ცოტა ხნის წინ, ამერიკაში ქართველ ბიზნესმენზე დაქორწინდა. წყვილს ერთი შვილი, საბა ჰყავს. 

– საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილხარ, როგორ უმკლავდები მონატრების გრძნობას?

– რა თქმა უნდა, რთულია. საცხოვრებლად სრულიად ახალ გარემოში გადმოვედი, სადაც ყოველდღიურად ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვერ ვხედავ. გარდა ამისა, ჩემს საქმიანობას დროებით მოვწყდი. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ახლა იმდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ეტაპია, რომ მთელი ყურადღება ამაზე მაქვს გადატანილი. სიახლეებით ვარ დატვირთული. დედობაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?! შესაბამისად, მთელი მზრუნველობა ჩემი შვილისკენ მაქვს მიმართული. თან, რადგან ჩემი ოჯახის წევრებიც ხშირად ჩამოდიან და სატელეფონო კომუნიკაციებმაც ბევრი რამ გაამარტივა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ფიზიკური სიშორის მიუხედავად, ყველა საყვარელი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ვარ. ამასობაში საბაც იზრდება და მომავალ წელს აუცილებლად ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას. ბევრი მწერს, რომ ძალიან ელიან და გაუხარდებათ ჩემი ტელეეკრანებზე გამოჩენა. მეც ერთი სული მაქვს, ეს მოხდეს. ალბათ, განსაკუთრებული იქნება ჩემთვისაც და ჩემს გულშემატკივრისთვისაც ამდენი ხნის შემდეგ საქართველოში სტუმრობა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "თბილისელებში"

elieshvili

მარიამ ელიეშვილის ოჯახი და კარიერა

მარიამ ელიეშვილი  მარიამ ელიეშვილი 1997 წლის 15 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მარიამმა დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს მიმართულებით, უკრავს რამდენიმე ინსტრუმენტზე. 

მარიამ ელიეშვილის ცხოვრება ერთმა სიმღერამ – „ჩვენ ახლა ერთურთს“ – სრულიად შეცვალა. მის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა და მას შემდეგ, მისი შემოქმედებითი ცხოვრება ყურადღების ცენტრში მოექცა.

მისი სიმღერისადმი სიყვარული ოჯახმა განაპირობა. იგი ქართულ ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, სადაც სიმღერა, ცეკვა და ფოლკლორი პირველ ადგილზე დგას. მისი ბაბუა ქართულ ხალხურ საკრავებზე უკრავდა და სწორედ ამან განაპირობა მისი სიყვარული ქართული ხალხური სიმღერების მიმართ.

"მთელი ჩემი ცხოვრება სცენასა და სიმღერასთან ასოცირდება, მაგრამ ამასთან ერთად, ჩემთვის განათლებაც პრიორიტეტი იყო. ბავშვობიდან მოყოლებული ყველაფერი მაინტერესებდა, ძალიან მიყვარდა ცეკვა და სიმღერა, დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით, სკოლა – ოქროს მედალზე და ზოგადად, ძალიან აქტიური და მიზანსწრაფული ვიყავი. ხალხმა ფოლკლორული სიმღერებით გამიცნო, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი მაქვს. ჩემი სიმღერები არ არის მხოლოდ ხალხური და ქართული, რადგან 15 წლიდან მოყოლებული, ძალიან ხშირად მიწევს გასტროლებზე სიარული საქართველოს ფარგლებს გარეთაც."

elieshvili