ქალმა ისეთი შეძრწუნებული სახით დაიხია უკან, თითქოს სილა გამეწნას.
_ ახლა რატომ მეუბნები ამას? _ ჩაიჩურჩულა მან.
_ იმიტომ, რომ შენ მთელი საათის განმავლობაში ერთხელაც არ მკითხე ამის შესახებ, _ ვუპასუხე მკაცრად.
მეორე დილით ჩემი უფროსის, ხუტა ვარშალომიძის მოსმენის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. ის ცხრაასოთხმოცდაცხრამეტ კითხვას დასვამდა, რომლებზეც მე ვერ ვუპასუხებდი. ამიტომ სასწრაფოდ წავედი სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში და ათის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი. მზიანი დილა იყო, მოსალოდნელი ხვატი უკვე იგრძნობოდა, ისე მაჭერდა მზე თავის დაუნდობელ სხივებს. თუმცა ოთხსაათიანი ძილის შემდეგ ბუნებით ტკბობა ვერ მოვახერხე. უძილობა ყოველთვის მჭედავს, ბოლომდე ვერაფერს ვიაზრებ.
სერგო უჩვეულოდ ხალისიანად და აჟიტირებულად გამოიყურებოდა და დღევანდელი ამინდივით ამწუთას ისიც მეჯავრებოდა.
_ ფოტოები მზად არის, _ ისეთი ხმით მითხრა, თითქოს ანიმაციურ ფილმში წითელქუდაზე მონადირე მგელს ახმოვანებდა.
_ გმადლობ, _ მშრალად ჩავიბურტყუნე, _ ხომ გითხარი, მობილურზე გადმომიგზავნე-მეთქი, აქ რისთვის გამომიყვანე? _ აღრენილმა ვუსაყვედურე და ფოტოები პიჯაკის შიდა ჯიბეში ჩავიდე, _ ან ასე ადრიანად რამ მოგიყვანა, მთელი ღამე ხეზე იჯექი, თუ როგორაა შენი საქმე? _ ვკითხე იმავე ტონით.
_ დილის შვიდიდან აქ ვარ, _ მისი ინტონაციით თუ ვიმსჯელებდ, სერგო, უბრალოდ, ბედნიერი იყო, _ მძულს მზის ამოსვლის შემდეგ საწოლში კოტრიალი. მარჯვე კაცმა მზეს უნდა დაასწროს ადგომა, _ დასძინა კიდევ უფრო მხიარულად.
_ გასაგებია. ვამპირები, ჩვეულებრივ, ღამით მუშაობენ, მაგრამ შენ ხომ დღის ვამპირი ხარ!
_ ბალისტიკოსებმა შეამოწმეს ეს ტყვია, _ ჩემს ნათქვამზე სერგოს პასუხი არ გაუცია, ისე გააგრძელა დაწყებული, _ ვინჩესტერია და არა შაშხანა, 12-კალიბრიანი, დასაკეცი კონდახით. აქ იშვიათად თუ აქვს ვინმეს, უფრო ალბათ მონადირეებს. მეორადი რომ იყიდო, სადღაც ათასი ლარი დაგიჯდება, შეიძლება ცხრაასადაც გამოჰკრას კაცმა ხელი. ჩვეულებრივ, გლუვლულიანია. ეს თოფია, ისე, თუ არ იცი.
_ მართლა? მე კი სულ მეგონა, რომ ვინჩესტერი კამასუტრას სამოცდამეცხრე პოზის მეტსახელი იყო, _ სარკაზმი მოვიშველიე, _ თუ არ იცი, მეც გეტყვი, რომ კამასუტრა უძველესი ინდური ჰინდუს ტექსტია, რომელიც მიიჩნევა ადამიანის სექსუალური ქცევის შესახებ შესრულებულ სტანდარტულ ნამუშევრად სანსკრიტულ ლიტერატურაში. ტექსტის ავტორია ვატსიანა მალანგა. ნამუშევრის გარკვეული ნაწილი შეიცავს სქესობრივი აქტის პრაქტიკულ რჩევებს, _ დავასრულე და ნიშნის მოგებით შევხედე.
_ აი, სულ მაინტერესებს, როგორ მუშაობ პოლიციაში შენი ინტელექტით? _ დაფიქრებულმა თქვა, _ ეს, უბრალოდ, გასაოცარია. ამდენი რამე მაგ წიგნზე მართლა არ ვიცოდი. უყურე შენ კამასუტრას! ჰმ!.. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ახლა შენ გაქვს შანსი, სხვა მიმართულებით იმუშაო.
_ რას გულისხმობ? _ ვერ ჩავწვდი მის შეგონებას და ფრთხილად ვკითხე.
დახრილმა სერგომ ჩემი პიჯაკის გულის ჯიბეს ხელი მოუთათუნა და მხიარულად ჩაიცინა:
_ პორნოგრაფიულ სურათებს!
_ სასაცილოა, _ თავი გავაქნიე, _ გახსოვს, გუშინ მითხარი, ლაბორატორიაში რაღაცებს კიდევ გადავამოწმებ, შენ მანამ ეს საყვარელი ქალბატონები იპოვე, რათა შედარება გააკეთო _ სინამდვილეშიც ასეთი მიმზიდველები არიან შიშვლები, თუ მართლა მხატვრის ფანტაზიის ნაყოფიაო?
_ რა თქმა უნდა, მახსოვს, _ თავი დამიქნია, _ მერე რა?
_ რა და ის, რომ სამი მათგანი უკვე მესტუმრა ჩემს ბინაში ზუსტად იმავე განზრახვით. ყველა ქალბატონი მზად იყო დაეთმო ჩემთვის თავისი სხეული საკუთარი პიროვნების გასაიდუმლოების სანაცვლოდ, არავის არ სურს მოწმედ ყოფნა.
_ კარგი, რა, მართლა? _ სერგომ სწრაფად დაახამხამა წამწამები, _ იტყუები!
_ რა თქმა უნდა, არა, _ მშვიდი, ნამძინარევი ღიმილით ვუპასუხე.
_ დაგენაძლევები, რომ წუხელ პირდაპირ სახლში წახვედი და საწოლზე მიეგდე, რომ მკვდარივით დაგძინებოდა, _ მის ხმაში სუსტი იმედი იგრძნობოდა, რომ ვიტყუებოდი.
_ ნაწილობრივ მართალი ხარ. კორპუსამდე შენ არ მიმიყვანე? როგორც კი სახლში აღმოვჩნდი, ეგრევე დასაძინებლად გავეშურე, _ დავუდასტურე, _ მაგრამ ვინ მაღირსა დაძინება…
_ რატომ? _ ხმადაბლა მკითხა.
_ ეხ, სერგუშ! _ ტკივილიანი მზერა მივაპყარი, _ ოდესმე გიცდია დაძინება სამ ქალთან ერთად საკუთარ საწოლში? _ უფრო და უფრო ვამძაფრებდი ჩემს ტყუილს.
გეგონებოდათ, კრუნჩხვამ მოუარაო, ისე გადაყლაპა ნერწყვი და შურით გავსებული ხმით ჩაილაპარაკა:
_ მაინც არ მჯერა!
_ წითურთმიანს ეცვა ძალიან კაშკაშა საცვლები _ დიდი წითელი ვარდები ყვითელ ფონზე, _ მეოცნებე ხმით გავაგრძელე, _ შენ უნდა გენახა, როგორ ცეკვავს ჩა-ჩა-ჩას მხოლოდ ბიკინით…
კოლეგა ანთებული თვალებით მიყურებდა.
_ ის წითური? შეშლილი ვარცხნილობით? _ დააკონკრეტა, _ და დანარჩენი ორი? გრძელთმიანი ქერა ასეთი ფიგურით, _ ხელები ჰაერში აატრიალა და შესაბამისი კოხტა ფორმები დახატა, _ და მესამე?
_ ყველაფერს გეტყვი, ძმაო, თუ ჯერ შენ მეტყვი რამე საიმედოს, _ დავპირდი.
_ რა თქმა უნდა, ყველაფერს გეტყვი, აბა რა! _ სერგომ თავი ისე ენერგიულად დამიქნია, შემეშინდა, კისერი არ მოეტეხა.
_ ჰოდა, გისმენ, კიდევ რა იცი მაგ ვინჩესტერზე? _ საქმიანად ვკითხე.
***
მზე უკვე ზენიტში იყო და მეჩვენებოდა, რომ ასეთი კაშკაშა დღე აქამდე არ მენახა.
მუქი მზის სათვალე გავიკეთე და ჩემ გარშემო სამყარო მაშინვე მუქი მწვანე გახდა. “ალბათ ჩემი ღვიძლიც ასეთი ფერისაა ამდენი სმის შემდეგ”, _ უსიამოვნოდ გავიფიქრე გარეთ გამოსულმა. ახლა არაფრის თავი არ მქონდა, საკუთარი ავტომობილისთვის უნდა მიმეხედა. ახალი ფარები რომ არ ჩამესვა, ტრანსპორტით მომიწევდა სიარული, რაც ასეთ სიცხეში ნამდვილად არ მხიბლავდა.
ნახევარი დღე მოვანდომე მანქანის შეკეთებას. მანამ არ წამოვედი სახელოსნოდან, სანამ ფარები არ გამოვაცვლევინე, მერე კი გეზი შაუმიანის ქუჩისკენ ავიღე, სადაც, აველინას თქმით, დაღუპული მხატვრის აგენტი გაბროს ბიზნესს “მართავდა”.
სამხატვრო გალერეის ფასადს ორივე მხრიდან ამშვენებდა ქალის ტანსაცმლის მაღაზია და მდიდრული ვიტრინა, რომელშიც ეგზოტიკური ხილი იყო გამოფენილი. როგორც კი კარი შევაღე და ზღურბლს გადავაბიჯე, მაღალი, გამხდარი გოგონა ჩემკენ გადამწყვეტი გამომეტყველებით გამოემართა. მოკლე კაბა მკვეთრად აჩენდა მის გამხდარ ფეხებს და თითქმის არაფერს მალავდა. გოგონას ყელს ლამაზი მძივები იდუმალად შემოხვეოდა. ნამდვილი ანტისექსი იყო თავისი ვიზუალით.
_ რით შემიძლია დაგეხმაროთ? _ ისეთი ტონით მკითხა, თითქოს ახლო ნათესავის გარდაცვალებას თანამიგრძნობდა.
ცნობისმოყვარე მზერა შევავლე იქვე მდგარ ლითონის კონსტრუქციას, რომელიც ალბათ ქანდაკება უნდა ყოფილიყო. არადა, ჩემში საშინელი ავტოავარიის შედეგად დარჩენილი ნამსხვრევების ასოციაცია გამოიწვია. იმ ნახატებთან შედარებით, რომლებიც კედლებს იკავებდნენ, აბსტრაქტული მხატვრების შემოქმედება ბავშვების ნახატებს ჰგავდა. ერთ-ერთი ასეთი “შედევრი” იყო მთლიანად შავად შეღებილი ტილო, რომელიც თავისი “გაშავებული” ცხოვრებით იწონებდა თავს. ტილოს ცენტრში ყოველ ხუთ წამში ნეონის წარწერა ანათებდა: “ცხოვრება ერთუჯრედიანი ამებაა”.
ამ მესიჯის მნიშვნელობა, რატომღაც, ჩემამდე ვერ დავიდა.
_ გისმენთ, რით დაგეხმაროთ? _ გაიმეორა გამხდარმა გოგონამ. ამჯერად მოუთმენლობის ნოტი შეეპარა მის “ვიზიარებ” ტონს.
_ ნახატს ვეძებ, _ საქმიანი სახით ვთქვი, _ შემთხვევით პიკასოს ბაბუის პორტრეტი ხომ არ გაქვთ?
პასუხოდ გოგონამ რაღაც გაურკვევლად მომაკნავლა. ამავდროულად, ისე გამოიყურებოდა, თითქოს მეტალის სკულპტურასთან შეხამებულ რაღაც სამშვენისად აპირებდა გადაქცევას, _ მგონი, არასწორ მისამართზე მოხვედით, _ გააგრძელა კნავილი, _ ამ გალერეაში მხოლოდ ავანგარდი მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი.
_ უბრალოდ, ვიხუმრე, _ სულგრძელად დავამშვიდე, _ ბატონი ლერი აქ არის, დიდიძე?
_ მისი კაბინეტი გალერეის ბოლოშია, _ საეჭვოდ შემათვალიერა, _ მაგრამ ახლა ძალიან დაკავებულია.
_ ეგ არაფერი. მე მაინტერესებს მხატვარ გაბრიელ გოთუას ნამუშევრები, რომლის ბიზნესსაც დიდიძე უძღვება, _ ავუხსენი.
გოგონამ ხელები გაშალა.
_ დარწმუნებული ვარ, ბატონი ლერი დაგეხმარებათ.
_ შენ არ მოგწონს გაბროს სტილი? _ უეცრად კარგი მეგობარივით ვკითხე და შევამჩნიე, როგორც შეეცვალა სახეზე გამომეტყველება.
_ ჩემი აზრით, დიდი ხანია წავიდა ის დრო, როდესაც მხატვარი სურათებს ფოტოაპარატის სიზუსტით ხატავდა!
_ ეგ გოთუა ძირითადად შიშველ ქალებს ხატავს, არა?
_ გაბროს ერთადერთი ნახატი, რომელიც მინახავს, იყო ეტიუდი თავისა და მხრების მოყვანილობით, _ გულგრილად მომიგო “მის ანტისექსმა”, _ მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბატონი ლერი ყველაფერს გეტყვით, რისი გაგებაც თქვენ გსურთ.
მითითებული მიმართულებით გავედი და პირდაპირ დიდიძის კაბინეტს მივადექი. დაუკაკუნებლად შევედი, რადგან კარი ფართოდ იყო ღია.
მაგიდასთან მჯდომმა თავი ასწია და გაკვირვებულმა შემომხედა. ეს იყო პატარა, გაწლიკული მამაკაცი სახის გამოკვეთილი ნაკვთებით, ღრმად ჩამჯდარი თვალებითა და ხშირი, წაბლისფერი ხუჭუჭა თმით. მის პორტრეტს ავსებდა ლურჯი პიჯაკი, რომელიც ვარდისფერ მაისურზე მოეცვა და ჯიბის საათის ფორმის მედალიონი ოქროს ჯაჭვზე. ერთი სიტყვით, მთელი თავისი გარეგნობით ეს პატარა კაცი სიბერის გზაზე შემდგარ ბერბიჭას ჰგავდა.
_ ბატონ ლერი ბრძანდებით? _ ვკითხე.
_ დიახ, ლერი დიდიძე გახლავართ, _ მის რბილ ხმაში იმერული აქცენტი იგრძნობოდა, _ რით შემიძლია დაგეხმაროთ?
_ მინდა გამაცნოთ გაბრო გოთუას ინტიმური ცხოვრების დეტალები, _ ეგრევე მივახალე.
_ რა? _ გალერეის მფლობელს ყბა, ფაქტობრივად, ჩამოუვარდა.
სერგოს მიერ გადაღებული და დაბეჭდილი ოთხივე ფოტო ამოვიღე პიჯაკის გულის ჯიბიდან და მის წინ მაგიდაზე დავდე.
_ არ მითხრათ, რომ მან ესენი მხოლოდ თავისი ფანტაზიის გამოყენებით დახატა და ეს ქალბატონები თავის სიცოცხლეში თვალით არ უნახავს.
მან სწრაფად დაათვალიერა სურათები და დაეჭვებულმა შემომხედა:
_ თქვენ ვინ ბრძანდებით?
ჩემი მოწმობა ამოვიღე და ისიც მაგიდაზე დავუდე.
_ კაპიტანი უნდილაძე. გუშინ ღამით გოთუა მოკლეს, _ ისე მივაყარე, რომ გონს მოსვლა ვერ მოესწრო.
_ გაბრო მოკლეს? _ ლერი დიდიძემ გაოგნებულმა ჩაიჩურჩულა.
_ და, ალბათ, შენ იყავი უკანასკნელი ადამიანი, ვინც ის ცოცხალი ნახა, _ დავამატე.
_ ხო, რა თქმა უნდა, ცოცხალი იყო, როდესაც მისგან წამოვედი წუხელ, დაახლოებით ათ საათზე, _ სწრაფად მომიგო მან, _ ამ ნახატებს რაიმე კავშირი აქვს მის სიკვდილთან?
_ ტილოები მის სხეულზე იდო და ქვედა ნაწილს უფარავდა, _ ავუხსენი, _ ამასთან, მკვლელმა არ დაიზარა და მას სახეზე ულვაში და წვერი მიახატა. იქნებ მკვლელი ხელოვნებათმცოდნე კრიტიკოსია?
კაბინეტში სიჩუმე გამეფდა. გაბროს აგენტმა კუბური სიგარის მოკიდება სცადა, რომელიც იქვე, მაგიდაზე კოლოფში ეწყო, მაგრამ ხელები აუკანკალდა. ბოლოს როგორც იქნა, მოაბა თავი, ძლივძლივობით მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა, ისე ღრმა, რომ ხველება აუტყდა. ძვირადღირებული თამბაქოს არომატის შეგრძნებისას თავი წამით ფიდელ კასტროდ წარმოვიდგინე, რამაც ღიმილი მომგვარა.
_ ეს ჩემთვის ნამდვილი შოკია, კაპიტანო, _ თქვა ბოლოს დიდიძემ ჩუმად, _ მე გაბროს მეგობარი ვიყავი და ამავე დროს მისი აგენტიც. გაქვთ რამე ხელმოსაჭიდი შესაძლო მკვლელის შესახებ?
_ იმედი მქონდა, რომ თქვენ დამეხმარებოდით ამაში, _ ვთქვი ნიშნის მოგებით.
_ მისი ერთადერთი გატაცება ქალები გახლდათ. აი, ეს, _ ლერიმ მსუბუქად დააკაკუნა თითი აველინა ნემსაძის ფოტოზე, _ მისი ბოლო საყვარელი იყო. წუხელ ლამის კინწისკვრით გამომაგდო სახლიდან, რადგან თერთმეტ საათზე ამის მოსვლას ელოდებოდა.
_ გვამი სწორედ მან აღმოაჩინა, _ ვუთხარი, _ რომელიმე სხვა ქალს თუ იცნობთ ამ სურათებიდან?
მან ერთი წუთით ყურადღებით შეისწავლა ფოტოები, შემდეგ კი თავი გააქნია.
_ არა. ვშიშობ, ვერ დაგეხმარებით. გაბროს არასდროს უსაუბრია ჩემთან თავის პირად ცხოვრებაზე. აველინას მხოლოდ ერთხელ შევხვდი მის სახლში, ისიც სრულიად შემთხვევით.
_ იყო თუ არა გოთუა წარმატებული მხატვარი?
_ ფინანსურად არა. მის ფოტოგრაფიულ ნიჭს ჩვენს დროში არ აფასებენ. ახლა სხვა მხატვრობაა მოდაში. შემოსავალი არსებობისთვის ჰყოფნიდა, მაგრამ მეტი არაფერი.
_ იქნებ შემოსავლის სხვა წყაროც ჰქონდა? _ სიტყვა “შევაშველე”.
_ შეიძლება ჰქონდა კიდევაც, მაგრამ მე არაფერი ვიცი ამის შესახებ.
_ წუხელ მისი სახლიდან რომ წამოხვედით, მერე რა გააკეთეთ?
_ აქ დავბრუნდი, რამდენიმე საათი ვიმუშავე და შემდეგ სახლში წავედი.
_ ვინმეს შეუძლია ამის დადასტურება?
_ სამწუხაროდ, არა, კაპიტანო, _ დიდიძემ სიგარის ფერფლი სპილენძის საფერფლეში ჩაყარა, _ მე არასდროს მიმიღია ბევრი ფული გაბროს ტილოების გაყიდვით, მაგრამ ის ცუდი კლიენტი სულაც არ იყო, _ სუსტი ღიმილი გამოესახა ტუჩებზე, _ ყოველ შემთხვევაში, მე არაფერში მჭირდებოდა მისი მოკვლა!
_ ძალიან სასაცილოა, _ მშვიდად წარმოვთქვი, _ არაფერი გახსენდებათ ისეთი, რაც შეიძლება მკვლელზე მიუთითებდეს? ვინმეს ხომ არ გაიხსენებდით მასზე განაწყენებულს? არავინ უხსენებია ბოლო დროს თქვენთან ან კონფლიქტი ხომ არ ჰქონია?
_ მაპატიეთ, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მახსენდება, _ ხელები გაშალა, _ ეჭვიანობის გამო ხომ არ მოკლეს?
_ აველინას ქმარი წუხელ ქუთაისში იყო, შევამოწმეთ.
_ იქნებ ამ დანარჩენ ქალებსაც ჰყავთ ქმრები?
_ შესაძლოა, _ ფოტოები შევაგროვე და ისევ პიჯაკის შიდა ჯიბეში დავმალე, _ თუ რამე გაგახსენდებათ, ბატონო ლერი, დამირეკეთ, მოხარული ვიქნები.
_ რა თქმა უნდა, კაპიტანო, _ დიდიძე ადგა და როცა წელში გასწორდა, ოდნავ მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
_ იმედს ვიტოვებ, იპოვით გოთუას მკვლელს! _ ამ სიტყვებით დამემშვიდობა გაბროს აგენტი.
კაბინეტის კარი ზურგს უკან მოვიხურე და ნელა გავუყევი გრძელ გალერეას. დიდიძისგან მიღებული ინფორმაციის ღირებულებას თუ გავითვალისწინებდი, შემეძლო სახლში დავრჩენილიყავი. “მის ანტისექსი” გალერეის შესასვლელთან მელოდა, ტუჩებზე შხამიანი ღიმილი დასათამაშებდა.
_ რამდენი ტილო იყიდეთ? _ მკითხა მან. _ ექვსი?
_ ექვსი რაა? _ ეჭვის თვალით შევხედე.
_ გაბრიელ გოთუას ნახატები. რა თქმა უნდა, ლერიმ გაგაოცათ, არა?
_ ისე ძალიან “სვეცკი” ფრაზებით მელაპარაკები, ისე მაღალფარდოვნად, _ ვთქვი შეგნებულად, _ რომ, უბრალოდ არ მესმის, რაზე საუბრობ. ცოტა მდაბიურად ვერ ამიხსნი?
_ ფასს ვგულისხმობ! _ ზიზღნარევი გამომეტყველებით ჩაიკნავლა გოგონამ, _ ანუ თქვენ და დიდიძე ვერ მორიგდით? ფასებით გაგაოცათ? ეს ვიგულისხმე, რა იყო აქ გაუგებარი?
_ ჰო, ვერ მოვრიგდით. _ მივუგე და ჩემში უცებ ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა, _ ბოლო ხანებში როდის და რამდენი გაიყიდა გოთუას ტილოები? კიდვ ხომ არ ელოდება შენი შეფი მის კლიენტს?
_ ბოლო ნახატი სამი ათას დოლარად წაიღეს, _ გამხდარმა გოგონამ უხერხულად ჩაიცინა, _ ოღონდ გული არ წაგივიდეთ. მე თვითონაც შოკში ვიყავი, მაგრამ, მეორე მხრივ, უსამართლო იქნებოდა, ასეთ მდიდრებს მხატვრული გემოვნებაც ჰქონოდათ.
_ ალბათ მართალი ხარ, _ მხარი ავუბი, _ და ვინ არის კაცი, რომელსაც ბევრი ფული აქვს და გემოვნება არა?
_ მისი სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ ქალბატონი იყო, _ გოგონამ ისევ ჩაიკნავლა და მივხვდი, რომ ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი ჩვევა იყო, _ ის ქალი რომ წავიდა, მას მერე საღამომდე ანიავებდა ლერი კაბინეტს, რომ მისი სუნამოს მახრჩობელა სუნი გაექრო ოთახიდან.
_ შეგიძლია მისი ამოცნობა? _ პირდაპირ ვკითხე.
_ მგონი კი… მაგრამ… რა მოხდა? _ უცებ დაფრთხა.
_ შენ ისეთი დახვეწილი, ულტრათანამედროვე გოგო ხარ, ისეთი გემოვნებიანი, როგორიც ეს დახვეწილი მძივებია შენს ყელზე, _ კომპლიმენტებით შევიარაღდი და მაშინვე თამამად გადავედი შეტევაზე. ჯიბიდან ფოტოები სწრაფად დავაძრე და გოგონას მივაწოდე, _ აბა, ვნახოთ, ამ ქალებს შორის თუ იცნობ მყიდველს?
გაგრძელება იქნება