იცით, როგორ გაითეთროთ კბილები 7-8 ტონით 45 წუთში? - Marao

იცით, როგორ გაითეთროთ კბილები 7-8 ტონით 45 წუთში?

2026-01-26 10:57:33+04:00

იცით, რა განსაზღვრავს თქვენი კბილის ფერს ან როგორ უნდა მიიღოთ ბუნებრივი თეთრი კბილები? ზოგადად, კბილი შედგება მინანქრისგან, დენტინისა და დუღაბისგან. შეფერილობას კი, მინანქრის შიგნით მოთავსებული დენტინის რაოდენობა და ფერი განსაზღვრავს. 

როგორც თამარ ორდენიძის სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი, პროფესორი თამარ ორდენიძე განმარტავს, დენტინის პარალელურად, კბილის შეფერილობას მიღებული საკვები და პირის ღრუს მოვლის რუტინა განსაზღვრავს.

„ყველა ადამიანს კანის, თმის თუ თვალის ფერის მსგავსად, კბილის განსხვავებული ფერი აქვს. მას ორი საკითხი განსაზღვრავს. მინანქრის შიგნით არსებული დენტინი მინანქარს შედარებით თეთრ ან შედარებით ყვითელ ფერს აძლევს. რა თქმა უნდა, ფერზე გავლენას ახდენს მიღებული საკვებიც. საჭმლისა და სასმლის პიგმენტი დროთა განმავლობაში ღებავს მინანქარს და ფერს უცვლის მას. მის მოსაშორებლად კი საჭიროა 6 თვეში ერთხელ პროფესიონალური წმენდის ჩატარება,“ - განმარტავს თამარ ორდენიძე, რომელიც კბილების გათეთრებაზე დეტალურად გვესაუბრება.

- თამარ, კბილის გათეთრების რა გზები არსებობს?

- როგორც აღვნიშნეთ, კბილის ფერს განსაზღვრავს როგორც მისი შემადგენლობა, ისე მიღებული საკვები. პროფესიონალური წმენდა გვეხმარება ნადების მოშორებასა და ბუნებრივი ფერის დაბრუნებაში. თუმცა თუ არ გვაკმაყოფილებს კბილის ბუნებრივი ფერი, მაშინ არსებობს ქიმიური გათეთრებაც. ის მოიცავს ორი ტიპის პროცედურას: საოფისე და სახლის პირობებში გათეთრება. თანამედროვე სტომატოლოგიაში საოფისე გათეთრება უფრო მიღებული პროცედურაა, რადგან პაციენტების დიდ ნაწილს სახლის პირობებში რეკომენდაციების სრულყოფილი დაცვა უჭირს.

- როგორ ხდება კბილების საოფისე გათეთრება, რა ტიპის პროცედურაა და რამდენი ხანი გრძელდება?

- საოფისე გათეთრების პირველი ეტაპი არის კბილების პროფესიონალური წმენდა. შემდეგ კი მინანქრის ფერისა და სტრუქტურის მიხედვით ხდება მასზე მაქსიმალურად მორგებული პრეპარატის შერჩევა, რომლითაც ვფარავთ კბილის ზედაპირს. სტანდარტულად, პროცედურა 3-ეტაპიანია და დანათებაც სამ ეტაპად ხდება. თუმცა ეს საკითხიც ინდივიდუალური მდგომარეობით განისაზღვრება და შეიძლება 2 დანათება საკმარისი იყოს.

საერთო ჯამში, კბილების საოფისე გათეთრება დაახლოებით 45 წუთი გრძელდება და პირველივე ვიზიტის შემდეგ პაციენტი კლინიკიდან გათეთრებული კბილებით გადის.

tamar_ordenidze 

- საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქიმიური გათეთრების დროს კბილი ზიანდება და იზრდება მგრძნობელობა. სიმართლეა თუ არა ეს?

- თუ ექიმის სწორად აფასებს მინანქრის სტრუქტურას და შესაბამისად არჩევს გამოსაყენებელ პრეპარატს, კბილი არათუ ზიანდება, არამედ რემინერალიზაცია უკეთდება მას. კბილის მგრძნობელობა მოკლე პერიოდით იზრდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კბილი ზიანდება. ეს გახლავთ რეაქცია, რომელიც დანათებას მოჰყვება და მის ინტენსივობას მინანქრის სისქე განსაზღვრავს. მგრძნობელობის გაზრდა ყველა პაციენტს არც აღენიშნება. პროცედურის დროს, ფერის შეცვლასთან ერთად კბილის დენტინის რემინერალიზაცია ხდება.

კბილების საოფისე გათეთრებას უკუჩვენება არ გააჩნია, თუ ის სწორი პროტოკოლითა და სწორად შერჩეული პრეპარატითაა ჩატარებული.

- რამდენით ტონით შეიძლება გათეთრდეს კბილები საოფისე გათეთრების დროს?

- ეს საკითხი დამოკიდებულია კბილის მინანქრისა და დენტინის რესურსზე. საოფისე გათეთრების დროს 7-8 ტონით გათეთრება სრულიად შესაძლებელია. ინდივიდუალურმა მდგომარეობამ შეიძლება ამდენით გათეთრების შესაძლებლობა ვერ მოგვცეს, თუმცა კბილის ელფერი ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ხშირად მოსალოდნელზე უკეთეს შედეგსაც ვიღებთ.

- რამდენი ხანი ნარჩუნდება კბილების საოფისე გათეთრებით მიღებული შედეგი?

შედეგის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის მიერ მიღებული საკვებსა და სასმელზე. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გათეთრებიდან 2 კვირის განმავლობაში დაცულ კვების რეჟიმს. ამ პერიოდის განმავლობაში კბილის მინანქრის ფორები შედარებით ღია რჩება და თუ პაციენტი თეთრ დიეტას არ დაიცავს, მინანქარი საკვების პიგმენტით შეიღებება. 2 კვირის განმავლობაში რეკომენდებული არ არის წითელი ღვინის და წითელი პიგმენტის მქონე სხვა საკვებისა და სასმლის მიღება, ასევე ყავა და ჩაი. ნეგატიურ გავლენას ახდენს თამბაქოსა და აიქოსის მოწევაც. 2 კვირის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს და იცავს ექიმის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებით.

რეკომენდაციების სრულად დაცვის შემთხვევაში შედეგი 12-18 თვის განმავლობაში ნარჩუნდება.

- პროცედურის განმეორებით ჩატარება შესაძლებელია? 

- დიახ, პროცედურის განმეორებით ჩატარება შესაძლებელია და ეს არანაირ რისკს არ უკავშირდება. მაქსიმალური შედეგის მისაღებად, ზოგ პაციენტს 6 თვეში კბილების პროფესიონალურ წმენდასთან ერთად ერთი დანათების დამატებასაც ვურჩევთ.

- რას გვეტყვით კბილების სახლის პირობებში გათეთრებაზე?

- სასურველია პაციენტმა ჯერ გაიკეთოს საოფისე გათეთრება და შემდეგ გააგრძელოს სახლის პირობებში გათეთრება. ამ დროსაც სპეციალისტის მიერ ხდება პრეპარატის შერჩევა. ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის ჩვენსავე კლინიკაში მზადდება კაპები, რომელშიც მოათავსებს პრეპარატს და ექიმის მიერ მიცემული რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენებს. სახლის პირობებში პროტოკოლის მაქსიმალურად დაცვა უფრო რთულია და ამიტომ საოფისე გათეთრება უკეთეს შედეგს გვაძლევს. თუმცა ორივე პროცედურის გაკეთების შემთხვევაში, შედეგი ბევრად უფრო ხანგრძლივი და სტაბილურია.

- რა ასაკიდან არის შესაძლებელი კბილების ქიმიური გათეთრება?

- პროცედურის ჩატარება 16-17 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. მაქსიმალური ზღვარი კი არ გააჩნია.

- რამდენად რეკომენდებულია პროცედურა მათთვის, ვისაც  წინა კბილებზე ბჟენები აქვს?

- კბილისგან განსხვავებით, ბჟენის პიგმენტი გათეთრებას ნაკლებად ემორჩილება. შესაბამისად ამ დროს კბილის ერთგვაროვან შეფერილობას ვერ მივიღებთ. თუ პაციენტს მაინც სურს გათეთრება, მაშინ ვატარებთ პროცედურას და შემდეგ ბჟენს მიღებული ფერის შესაბამისად ვუკეთებთ კორექციას. ასე კბილს ერთგვაროვანი და ჯანმრთელი შეფერილობა ექნება.

- რა რეკომენდაციებს აძლევთ პაციენტებს კბილების გათეთრების შემდეგ?

- კბილების ქიმიური გათეთრება განსაკუთრებულად არ ცვლის პირის ღრუს მოვლის რუტინას. როგორც აღვნიშნეთ, 2 კვირის განმავლობაში აუცილებელია თეთრი დიეტის დაცვა და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გამოყენებული კბილის პასტა უნდა იყოს თეთრი, ფერადი გრანულების გარეშე. რეკომენდებულია ისეთი კბილის პასტა, რომელსაც მათეთრებელი ეფექტი აქვს. კბილის ჯაგრისის სიხისტეს კი ექიმი ინდივიდუალურად ურჩევს თითოეულ პაციენტს.

R