ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი მაია ასათიანი გოგოლა კალანდაძის რუბრიკის, "სახლის" სტუმარი იყო. მაიამ გადაცემაში მის კუმირზე ისაუბრა, რომელმაც მას იმედები გაუცრუა.
„ერთი ასეთი ისტორია შემემთხვა. ხომ აქვთ ხოლმე გოგონებს აკვიატება, რომელიმე ცნობილ მსახიობზე. 10 წლის ვიყავი, როდესაც სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი შემიყვარდა. მისი ყველა ფოტო მქონდა და ყველა როლი - ნანახი. ვოცნებობდი, რომ ოდესმე რეალურად მენახა.
გავიდა წლები, მე უკვე ნუცა მყავს, გათხოვილი ვარ და „ღამის კურიერისთვის“ მასთან ინტერვიუზე გამაგზავნეს. ყველა ემოცია გამიცოცხლდა - ჩემი ბავშვობის კუმირს უნდა შევხვდე. იქ მიდიოდა არა ჟურნალისტი, არამედ პატარა შეყვარებული გოგო.
ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება. მოხდა ისე, რომ ღამის კურიერში ვიზიტის დაგეგმვაზე ვერ შეთანხმდნენ. ამ ადამიანს გადამღები ჯგუფის მიმართ დიდი აგრესია დაეწყო. ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც პატარა გოგო-ბიჭებს ჩაგრავენ თავისი დიდებულებით. ძალიან შეურაცხმყოფლად გვიყვიროდა მხოლოდ იმის გამო, რომ დროზე ვერ შეთანხმდნენ. სახლიდან გამოგვყარა. ადამიანმა, რომელიც რაინდი მეგონა, ასეთი შეურაცხყოფა მომაყენა.
მას როდესაც ვხედავ ხოლმე ეკრანებზე, მუდამ მისი ყვირილი მახსენდება. ამ დროს მე კედელზე მისი ფოტოები მქონდა გაკრული.
ქუჩაში როდესაც ექიმი მიდის და მას ვერ ცნობენ, მან შესაძლოა იმ დღეს ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა. ზოგიერთს კი იცნობენ, მხოლოდ იმიტომ რომ ეკრანზე ხშირად ჩნდება“, – ამბობს მაია ასათიანი.
მაია ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ტელე-პერსონაა თანამედროვე საქართველოს მედიასივრცეში. მის სახელს არაერთი გადაცემა უკავშირდება. განსაკუთრებული პოპულარობა კი საავტორო შოუ "პროფილმა" მოუტანა.
მაია ასათიანმა ტელევიზიაში კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გამოჩენა მაყურებელმა გადაცემა "ალიონში" იხილა, რითაც ახალგაზრდა წამყვანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდგომ წლებში კი იგი კორესპონდენტის ამპლუასაც წარმატებით ირგებდა. 2000-იანი წლების დასაწყისში მაია ასათიანმა წამოიწყო საავტორო გადაცემა "პროფილი", რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ქართულ ტელესივრცეში. გადაცემაში გაჟღერებული ადამიანური ისტორიები, გულწრფელი საუბრები მაიას ხელწერად იქცა.
მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ.

რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელის შემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.