ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე, ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლში, ტრიუმფით წარდგა.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი, გამოსვლას არა მხოლოდ დასის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებად აფასებს. მისი თქმით, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან კარნეგი-ჰოლში საცეკვაო დასები აქამდე არასდროს გამოსულან. აღნიშნულ საკითხზე მან "ფორმულასთან" ისაუბრა:
„კარნეგი-ჰოლი მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული და დიდი სცენაა, ძალიან ბევრს ნიშნავს ამ სცენაზე გამოსვლა, თან კარნეგი-ჰოლში ცეკვა ჯერ არასდროს ყოფილა წარმოდგენილი, საცეკვაო ანსამბლი იქ არ გამოდის, სხვა ფორმატის დარბაზია, ამიტომ კარნეგი-ჰოლისთვის პირველი იყო ჩვენი საცეკვაო დასი. ძალიან საპასუხისმგებლო იყო, ბოლო მომენტამდე იმდენად დატვირთული ვიყავით ემოციებით…
კონცერტის ორგანიზებაში ქართველი გოგო – სალომე ლილუაშვილი იყო ჩართული, სწორედ მისმა საპროდიუსერო კომპანიამ გააკეთა ეს ჩვენი წარდგენა, თვითონაც არ სჯეროდა, რომ ეს გამოვიდოდა. ამ ფასად კარნეგი-ჰოლს ბილეთი არ გაუყიდია აქამდე, ძალიან მაღალი ფასი იყო.
რობერტ დე ნირო შემოვიდა მოსალოცად კონცერტის მერე, თორემ ნაკლები ვარსკვლავები არ იყო დარბაზში, კულტურის ტოპ ხალხი იყო მოსული. ეს ხომ მარტო ჩვენი წარმოდგენა არ იყო, ეს იყო ქვეყნის წარდგენა, საქართველოს წარმატება“, – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

ნიუ იორკის შუაგულში, 57-ე ქუჩასა და მეშვიდე ავენიუს მიმდებარედ, დგას შენობა, რომლის სცენაზე უამრავი წარმატებული არტისტი მდგარა. კარნეგი ჰოლი - ადგილი, სადაც მუსიკა და მოძრაობა ისტორიის ნაწილად იქცევა და სადაც სცენაზე გასვლა მხოლოდ ხელოვნების უმაღლეს ნიშნულს ნიშნავს.
ამ ლეგენდარულ სცენაზე 17 იანვარს ქართული კულტურის კიდევ ერთი ისტორიული მომენტი დაიწერა - ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლში, „სუხიშვილების“ ნაციონალურმა ბალეტმა იცეკვა.
სუხიშვილების გამოსვლა მხოლოდ კონცერტი არ ყოფილა. ეს იყო კულტურული დიალოგი საქართველოსა და მსოფლიოს შორის, ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის, მოძრაობასა და ისტორიას შორის. სცენაზე გაცოცხლდა ის ქართული იდენტობა, რომელმაც გაუძლო საბჭოთა დიქტატურას, პოლიტიკურ წნეხს, გარდამტეხ ეპოქებსა და ისტორიულ ქარიშხლებს და მაინც შეინარჩუნა თავისი ჰაეროვანი, მაგრამ მტკიცე ფესვები.
ქართული ცეკვა სუხიშვილების შესრულებით ყოველთვის სცდება ფოლკლორის ჩარჩოებს. ეს არის თეატრალიზებული, დრამატული, ტექნიკურად ურთულესი და ემოციურად დატვირთული სანახაობა, რომელიც მაყურებელს არა მხოლოდ თვალით, არამედ გულითაც ამახსოვრდება.
სცენაზე ერთმანეთში გადაიკვეთა საუკუნოვანი ტრადიცია და თანამედროვე ქორეოგრაფიული ხედვა - ზუსტად ისე, როგორც სუხიშვილების ხელწერას შეეფერება. მამაკაცური სიმკაცრე და სიძლიერე, ქალების სინატიფე და გრაციოზულობა, რიტმის სიზუსტე და მოძრაობის დრამატიზმი ნიუ იორკელ მაყურებელს სრულფასოვან ისტორიად გადაეშალა.
კონცერტის შემდეგ სუხიშვილებს შეხვდა ჰოლივუდის ლეგენდა, ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო. მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის ინტერესი ქართული ცეკვის მიმართ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ სუხიშვილების ხელოვნება სცდება ეროვნულ საზღვრებს და უნივერსალურ კულტურულ ენად იქცევა.
კონცერტს ესწრებოდნენ როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ისე ამერიკელი და უცხოელი მაყურებლები, რომელთათვისაც ქართული ცეკვა შესაძლოა პირველად სწორედ ამ სცენაზე გახდა აღმოჩენა. აპლოდისმენტები დიდხანს არ წყდებოდა, დარბაზი ფეხზე წამომდგარი შეხვდა ქართულ ანსამბლს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე საკუთარ ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენდა.