"უშეცდომოდ ვერ იცხოვრებ, მთავარია, რას ისწავლი, რა დასკვნებს გამოიტან, ის არასწორი ნაბიჯი რა გამოცდილებას დაგიტოვებს", - ამბობს მომღერალი კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე. რა დროს იტყუება, რა ვერ გაბედა დღემდე, რაში შველის გურული ხასიათი და რა აკვირვებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას...
- რჩევას ყოველთვის ჩემს მეუღლეს ვეკითხები. ლელუკა ძალიან კარგი მრჩეველია, 100-დან 100 ქულას მივანიჭებ. ჩვენ ერთად ვმსჯელობთ, ვფიქრობთ. როდესაც მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას საყვარელ ადამიანს ვუთანხმებ, თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ. ლელუკას ყველა რჩევამ ძალიან გაამართლა.
- ჩემი პირველი წარმატება...
- იყო მაშინ, როდესაც "თეატრალური კვარტეტის" 5 წლის იუბილეზე გავაკეთეთ პირველი სოლო კონცერტი. კვარტეტის ბიჭები დავრწმუნდით, რომ შეგვეძლო სერიოზული წარმატებისთვის მიგვეღწია. ყველა ჩვენგანს უდიდესი ემოცია გვქონდა. ახლაც სულ ძიების პროცესში ვართ, ვკამათობთ, ვმსჯელობთ, სულ ვფიქრობთ, მოკლედ, ძალიან მოუსვენრები ვართ.
ახლა კვარტეტი 22 წლის არის. საქმეში პატარა იმედგაცრუება თუ გვექნება, ერთმანეთს ისევ ჩვენ გავაძლიერებთ, ისევ თავიდან დაწყებით, დაუღალავი შრომით. ჩვენს წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვით ჩვენი ოჯახის წევრებს, მხარში გვიდგანან და ცდილობენ, ყველანაირი სირთულე დაგვაძლევინონ. როცა მახსენდება პირადად მე რა სირთულეები მაქვს გადალახული, დღეს მიკვირს კიდეც, ასე მარტივად როგორ გავუმკლავდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს ასეთი მეუღლე, შვილები, მეგობრები...
- სიყვარული, ეს...
- ვერ ავხსნი, რა არის, მამოძრავებელი ძალაა, ყველაფრის ინსპირაციაა.
- როგორი მამა ხართ?
- ძალიან მეგობრული, შვილების აღზრდის პროცესში შეძლებისდაგვარად ჩართული ვარ. შვილები ძალიან მკაცრი შემფასებლები არიან, მათი კრიტიკა არაერთხელ დამხმარებია.
წაიკითხეთ სრულად