გადაცემა „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარი მწერალი გიორგი კეკელიძე იყო. გადაცემის ფარგლებში მან არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, მათ შორის - მამობაზე, შვილზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც ახალი სიცოცხლის გაჩენა მოაქვს.
გიორგი კეკელიძის თქმით, შვილის დაბადება მისთვის არა მხოლოდ ცხოვრების გაგრძელება, არამედ ძლიერი შინაგანი იმპულსი აღმოჩნდა.
„მნიშვნელოვანია, როდესაც ხვდები ადამიანს, რომელთან ერთადაც შემდეგ შენს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც ვიღაცისთვის ბიოლოგიურად, მაგრამ ჩემთვის ემოციურად გაგრძელებს. შვილი ჩემთვის აღმოჩნდა არა იმდენად რაღაცა ტიპური ამბავი, არამედ საკუთრივ ჩემი სიცოცხლისთვის იმპულსის მიმცემი, გარდა იმისა, რომ ის ჩემს სიცოცხლეს აგრძელებს. ეს დაკვირვება, ეს განცდა იმის, რომ ახალი სიცოცხლე შედის ამ ცხოვრების ორომტრიალში ძალიან ამაღელვებელია, რადგან ერთის მხრივ ძალიან სასიამოვნოა მეორე მხრივ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. წინდაწინვე იცი, რომ ამ ადამიანს რაღაც ცუდიც შეემთხვევა და ეს შენს გამოა, წინდაწინვე იცი, რომ ეს ცუდი მისთვის უსიამოვნოც კი აღმოჩნდეს. მშობლად ყოფნა არის ამისთვის მომზადება, არა იმისთვის რომ უთხრა ცხოვრება ია-ვარდით არის მოფენილი, არამედ ასწავლო მაქსიმალურად ტკივილის არიდება. შენ ხარ ამის მიზეზი, რადგან შენ მოიყვანე ის ამ ცხოვრებაში და შენ უნდა იყო მიზეზი, რომ ის ბევრად უკეთ ცხოვრობდეს, ვიდრე შენ იცხოვრე. მშობლად ყოფნა კი ეს მისია მგონია. ჯერ კეკე არ არის იმ ასაკის, რომ ამაზე ველაპარაკო. ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ და ამის განცდა მეც და მარიამს, ორივეს გვაქვს.

არ ვიცი როგორი მამა ვარ, ეს სხვებს უფრო უნდა კითხოთ, მცდელობა მაქვს რომ ვიყო კარგი. არ მაქვს რაღაც განსაზღვრული წესები ამ თვალსაზრისით, რომ ეს უნდა ვქნა და კარგი მამა ვიქნები. ვაკვირდები და მის სიხარულს რაც გამოიწვევს იმის გაკეთება მირჩევნია. ახლა 8 თვისაა. სანამ დაიბადებოდა მეგონა, რომ ხელს დიდი ხანი ვერ მოვკიდებდი, მაგრამ ეს შიში ძალიან მარტივად გადავლახე. მშობიარობასაც ვესწრებოდი და ჩემს თავს ვუთხარი, რომ მე ამას შევძლებდი.
რომ გაიზრდება, კეკეს ვეტყოდი, ისწავლოს და გაიაზროს, რომ ის არის ადამიანთა საზოგადოების ნაწილი და ადამიანი არ არის თავისთავადი მოცემულობა. ადამიანობას სჭირდება ვარჯიში და ადამიანობას სჭირდება ამ ვარჯიშის კვალად გაზრდა და ახალი საფეხურების მოსინჯვა. ამას როცა ისწავლის, მარტივად მიხვდება, რომ სხვა დანარჩენი ადამიანები, რომლებიც ცუდები, ბოროტები, ცილისმწამებლები არიან უბრალოდ ის არსებები არიან, რომლებმაც არ ივარჯიშეს და არაფერი გასაოცარი არ არის ამაში, ამიტომ მას იმედგაცრუება აღარ ექნება. მიხვდება, რომ იმ არსებების სამყაროში ცხოვრობს, რომელთაც ერთი მხრივ შეუძლიათ გააკეთონ უდიდესი სიკეთე და მეორე მხრივ უდიდესი ბოროტება. თუ ამ ყველაფერს გაიაზრებს გაცილებით იოლად იცხოვრებს, რადგან ნაკლები იმედგაცრუება ექნება" - ამბობს გიორგი კეკელიძე.