ლელა წურწუმიას ორი და ჰყავს. მისი უფროსი და – ხათუნა ექიმია, ხოლო უმცროსი, ეკა – პედაგოგი. რამდენიმე წლის წინ, წურწუმიების ოჯახი დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მომღერლის ორივე დას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ დებმა ეს დაავადება დაამარცხეს.
ხათუნა წურწუმია: ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებთან ერთად ზღვაზე მივდიოდით. შვებულება ერთად დავგეგმეთ და სახლიც ვიქირავეთ. იმიტომ რომ ჩემი მეგობრების უმეტესობა ემიგრაციაშია. გავავსე მანქანის ბაკი ბენზინით და დილით პრევენციის მიზნით, ავიტეხე, ახლა უნდა წავიდე, ფარისებრი შევიმოწმო-მეთქი. მანამდე აღებული მქონდა ჰორმონალური ანალიზი, მაგრამ ფარისებრ ჯირკვალს ფუნქციურად დარღვევა არ ჰქონდა, უბრალოდ, წანაზარდი, რომელიც ფარისებრ ჯირკვალზე გაჩნდა, დამოუკიდებლად იყო და ალბათ, ოდესმე დაარღვევდა ფუნქციას. ეს საყურადღებო სტადია იყო. ექიმს მივაკითხე, ოღონდ, არ ვიცი, წასვლის წინ რატომ. ეტყობა, ზღვაზე არ უნდა წავსულიყავი, თორემ არ ვიცი, ამის გაგრძელება რა იქნებოდა. მართლა პრევენციის მიზნით წავედი და აღმოჩნდა, რომ ფარისებრ ჯირკვალზე მართლაც იყო მესამე სტადიის სიმსივნე – არაფერი გაწუხებს და ამიტომ არის ეს დაავადება ვერაგი. მიუხედავად მესამე სტადიისა, არ არის საგანგაშო, გააჩნია ორგანიზმს რა ბრძოლის რესურსი აქვს.

– ლელა როგორ გედგათ გვერდით ამ დროს?
– მარტო მაშინ არა, ლელა ყოველთვის გვერდით მიდგას. ჩვენ მართლა განსაკუთრებული დობა გვაქვს. შეიძლება, თვეობით არ ვნახოთ ერთმანეთი, მაგრამ სისხლი ერთია, ხორცი ერთია, დედ-მამა ერთია, ერთია ყველა ტკივილი, სევდა, მონატრება და გაუცხოება არ არსებობს. ერთი სიტყვა არა, სიტყვის ასოც რომ დამცდეს, ეგრევე ჩემ გვერდითაა. იმავეს ვიტყვი მამულიჩაზე, ასეთი დის ქმარი წარმოუდგენელია – ისე მეხმარება, რომ ლელამაც არ იცის. მათ ოჯახში ეს აუცილებლობაა: ჯერ მიხედავენ ლელას ოჯახს, მერე მამულიჩას ოჯახს, მერე სამეგობროს, ეს მათი ცხოვრების წესია.

– რა სირთულეები გაიარეთ დაავადების მკურნალობის პერიოდში?
– თუ ადრე მიხვდებით და ადრე მიაქცევთ ყურადღებას, ამაში საგანგაშო არაფერია. ჩემი დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო იოდით თერაპია ჩამეტარებინა, რომელსაც ჩემს შემთხვევაში, ბევრი გართულება მოჰყვა. საკმაოდ მძიმედ გადავიტანე, მაგრამ გადავიტანე. ჩემს დას ეკას, რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა ონკოლოგიური პრობლემა – მეორე სტადია იყო ძუძუზე, რომელიც ასევე, შემთხვევით, პრევენციის მიზნით მისულებმა აღმოვაჩინეთ. ისეთი სისწრაფით ხდებოდა ყველაფერი, ახლა ამ გადმოსახედიდან მეშინია.
წაიკითხეთ სრულად