თამაშიდან გასული - თავი VIII - Marao

თამაშიდან გასული - თავი VIII

2026-01-28 10:45:40+04:00

წინა თავი

მან მზერა შეავლო ფოტოებს და შიშველი ქალების დანახვაზე თვალები კინაღამ ამოუცვივდა ბუდეებიდან. როგორც ჩანს, დროა საბუთი აჩვენო, ედი! ისე შეშინდა, კრინტსაც არ დაძრავს! შეიძლება პროფესიონალ მოძალადედაც ჩამთვალოს, რომელიც ცოლის კვალზეა გასული და კომპრომატებს ეძებს. ან მანიაკად, რომელიც შიშველ ქალებზე ნადირობს.

სხვა გზა აღარ დამრჩა, მაშინვე ვუთხარი გოგონას, რომ გოთუა მოკლეს და მის სხეულზე ეს ნახატები აღმოაჩინეს. რატომღაც, ასეთი ახსნა-განმარტების შემდეგ, მან გამბედაობა მოიკრიბა და უფრო ყურადღებით დაათვალიერა დარჩენილი ფოტოები.

_ ეს ერთი ვიცი! _ უცებ შესძახა, _ ეს წითური…

_ გაჩეჩილი თმით? _ დავაზუსტე, _ როდის იყიდა მან ეს ნახატი?

_ დაახლოებით სამი თვის წინ, მგონი.

_ გალერეაში უნდა გქონდეთ ჩანაწერი, _ ვუთხარი მე, _ მისი სახელი, გვარი და მისამართი მჭირდება!

_ რა თქმა უნდა, _ თავი დამიქნია ჩემმა თანამოსაუბრემ.

_ როცა ლერი დიდიძე ოფისში არ იქნება, შეგიძლია გადაამოწმო ამ ყიდვა-გაყიდვის დამადასტურებელი ფაქტი და მომაწოდო ინფორმაცია? _ ვკითხე და ჩემი სავიზიტო ბარათი გავუწოდე, _ ნებისმიერ დროს დამირეკე და, სხვათა შორის, პარალელურად შეამოწმე, გაიყიდა თუ არა გოთუას სხვა ნახატები.

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კაპიტანო, _ მან ნერვიული მოძრაობით გამომართვა სავიზიტო ბარათი, _ მაგრამ თქვენ თავადაც შეგეძლოთ ეს ყველაფერი ბატონი ლერისგან გაგეგოთ, _ თქვა ყოყმანით.

_ მოგწონს აქ მუშაობა? _ ვკითხე მშვიდად.

_ როგორ არა, მშვენიერია! _ სახე გაუბრწყინდა, _ ყოველთვის ვგიჟდებოდი თანამედროვე მხატვრობაზე და…

_ ერთი წინათგრძნობა მაქვს, _ შევაწყვეტინე, _ თუ დიდიძე ოდესმე გაიგებს იმას, რაც შენ მითხარი, აქ ვეღარ იმუშავებ.

გაშეშებულმა ქვედა ტუჩზე იკბინა.

_ ამით იმის თქმა გინდათ, რომ ჩემი უფროსი ეჭვმიტანილია?

_ ვფიქრობ, მას რაღაც აქვს დასამალი. და ეს ამწუთას შენ გამიმხილე.

_ როგორმე უნდა ვისწავლო ენაზე კბილის დაჭერა, _ მწარედ შენიშნა გოგონამ.

_ იქნებ შეძლო ყიდვა-გაყიდვის ჩანაწერებს გადახედო, როდესაც ის საჭმელად გავა? სახელი რა გქვია?

_ დეა. ვფიქრობ, შევძლებ და დაგირეკავთ, _ მან დამიბრუნა ფოტოები და ღრმად ამოისუნთქა, _ იცით, რა მაბრაზებს? მე რომ გავშიშვლდე, ნებისმიერი ხელოვანი სიცილით მოკვდება.

_ ტყუილად ფიქრობ ასე. ყველა შიშველი ქალი თავისებურად მომხიბვლელია. ქალი ამიტომაც არის ქალი, _ გამამხნევებლად გავუღიმე, მკლავზე ოდნავ მოვუჭირე თითები, “ჩვენ ორმა ვიცით” ღიმილით გავუღიმე და წამოვედი.

***

გალერეიდან წამოსულმა პირველსავე შემხვედრ კაფეში შევიარე. მგელივით მშიოდა. ბურგერი მივირთვი და სამი ფინჯანი ყავაც დავაყოლე. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სიცოცხლე მშვენიერი კი არა, უმშვენიერესი იყო. ახლა კი გავძლებდი საღამომდე და სიკვდილი არ მემუქრებოდა, მით უფრო, შიმშილით. მწვანე სამყაროც კი, რომელსაც ჩემი მუქი სათვალის მინებიდან გავყურებდი, აღარ მეჩვენებოდა ადრინდელივით მოსაწყენი და პირქუში.

როდესაც სამსახურში მივედი, ანა, ჩემი შეფის მდივანი და მთელი შენობის სიამაყე, კარადის ქვედა უჯრას მისდგომოდა და წინ იყო გადახრილი. მისი მინი-ქვედაბოლო თვალისმომჭრელ პანორამას მთავაზობდა.

ჩემი ნაბიჯების გაგონებაზე მდივანი სწრაფად გასწორდა და ღია ცისფერ თვალებში მტრული ნაპერწკალი აუკიაფდა. ჩემთვის გავიფიქრე, რომ მისი ლამაზად შეღებილი ოქროსფერი თმა კიდევ უფრო ალამაზებდა მის ლამაზ თავს, წინამო ისე ჰქონდა ჩამოვარცხნილი, წარბებს მთლიანად უფარავდა.

_ მომწონს შენი ახალი ვარცხნილობა, საყვარელო ანნა, _ მოწონებით ვუთხარი.

_ წამის წინ შენ საერთოდ არ უყურებდი ჩემს ვარცხნილობას! სხვაგან გაგირბოდა მზერა! _ წამეირონიავა.

_ შენ რა იცი? _ მშვიდად ვკითხე, ვითომ ვერ მივხვდი, რაზეც წამკბინა.

_ ვიგრძენი. შენი მზერით ლამის ცეცხლი წაუკიდე ჩემს… _ აქ ანა გაჩუმდა.

_ ლურჯ ბიკინს გულისხმობ? _ მივეშველე, _ არც კი შემიმჩნევია იგი.

გოგონა გაწითლდა.

_ ედიშერ უნდილაძე, ყველაზე ამაზრზენი კაცი ხარ, ვინც კი ოდესმე ცხოვრებაში შემხვედრია!

_ და ყველაზე სექსუალურიც, _ თვითკმაყოფილი ტონით დავამატე, _ სად არის შეფი?

_ გავიდა! _ ანა თავის მაგიდას მიუჯდა და გაღიზიანებულმა ააწკაპუნა კომპიუტერის კლავიატურა.

_ და ნიკო? ჩვენი “ჯერ მხოლოდ ლეიტენანტი”?

კლავიშების წკაპაწკუპი შეწყდა.

_ გეძებდა დღეს დილით, მაგრამ მერე ხუტამ გოთუას სახლის გასაჩხრეკად გაგზავნა, _ თავშეკავებულად მიპასუხა.

_ კი მაგრამ, წუხელ აბა, რას ვაკეთებდი იქ მთელი ღამე! _ გავბრაზდი.

_ ალბათ იმიტომ გაგზავნა, რომ ყველაფერი გულმოდგინედ შეემოწმებინა, _ მიამიტად გაიღიმა ანამ, _ შენ ხომ იცი, რამდენად გენდობა ჩვენი შეფი!

_ როგორც ჩანს, დროა შევიცვალო სამსახური, _ ჩავიბურტყუნე, _ არ გინდა რამდენიმე პორნოგრაფიული სურათი იყიდო? _ გავეხუმრე და მისკენ გადახრილმა ფოტოებით დავუნიავე.

მდივანმა პასუხი არ გამცა, თავი ჩაღუნა და კლავიატურის ღილაკებზე დაკვრა გააგრძელა. კაბინეტში გავედი და ჩემს არეულ მაგიდას მივუჯექი. სიგარეტს მოვუკიდე. ამ დროს ჩემმა მობილურმა დარეკა და, როგორც მჩვეოდა, ეგრევე ვუპასუხე, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ნომერი იყო.

_ კაპიტანი უნდილაძე გისმენთ! _ ავტომატურად წარმოვთქვი დაზეპირებული ფრაზა.

_ კაპიტანო, _ გაისმა ქალის ხმა, _ დეა ვარ.

_ რომელი დეა? _ უგულისყუროდ ვიკითხე.

_ გოგონა გალერეადან.

_ ო, რა თქმა უნდა, ბოდიში, უცებ ვერ გავიხსენე, რა გერქვა. არ მეგონა ასე სწრაფად თუ დამირეკავდი, _ თავის გამართლება ვცადე.

_ არა უშავს, ყველა კაცი ერთნაირია, _ სევდიანად თქვა მან, _ არცერთი არ ინტერესდება იმით, რა მქვია. მისმინეთ! წონის მოსამატებელი რაიმე დიეტა ხომ არ იცით?

_ წონის მოსამატებელი? როგორ არა, მაგის მეტი რა ვიცი! უბრალოდ, დილიდან საღამომდე შეუჩერებლად უნდა ჭამო, _ ვურჩიე.

_ ხუმრობთ ხომ?! _ სევდიანად ჩაიცინა დეამ, _ იცით რამდენს ვჭამ დღის განმავლობაში? ტონა საჭმელს, მაგრამ არაფერი მშველის, _ მსუბუქად ამოიოხრა, _ ბატონო კაპიტანო, უკვე გავაკეთე, რაც მთხოვეთ.

_ შეუდარებელი გოგო ხარ! _ მისი პასუხით ამწუთას ბედნიერი ვიყავი.

_ გაყიდვის მხოლოდ სამი ფაქტი დაფიქსირდა, _ სხაპასხუპით ჩამოარაკრაკა, _ პირველი ნახატი თერთმეტ თებერვალს აველინა ნემსაძეს მიჰყიდეს. ეს მას სამი ათასი დოლარი დაუჯდა. გჭირდებათ მისი მისამართი?

_ არა, _ ვუპასუხე, _ დანარჩენ ორზე რას იტყვით?

_ მეორე ნახატი ოცდაშვიდ აპრილს გაიყიდა. ვინმე ჯონი სივსივაძემ ორი ათასი დოლარი გადაიხადა. ეს ტიპი ელიზა ზამბახიძემ გამოგზავნა, ამ დილით რომ გელაპარაკეთ, იმან.

_ მისი მისამართი მჭირდება, _ რბილად ვთხოვე.

_ სამწუხაროდ, მისამართი არ წერია, მხოლოდ ქალაქი თბილისია მითითებული.

_ გასაგებია, _ ამოხვნეშით მივუგე, _ და ბოლო? მესამე ვინ იყიდა?

_ ათ ივნისს ვინმე ნატა ლოლაძემ წაიღო ოთხი ათას დოლარად, ოღონდ არ გამყიდოთ, რა, ეს ინფორმაცია რომ მოგაწოდეთ.

_ მისი მისამართი?

_ დელისის ქუჩა 14.

_ დიდი მადლობა, დეა, _ გულწრფელად გადავუხადე მადლობა, _ ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება, გპირდები, ოღონდ გთხოვ, თვალი ადევნო შენს უფროსს, კარგი?

_ აუცილებლად… მართლა არ იცით რამე, რაც წონის მომატებაში დამეხმარება? ის დაწყევლილი ფოტოები რომ მაჩვენეთ, მას მერე ჭკუაზე არ ვარ! ძალიან მინდა ცოტა მოვიმატო, იქნებ მეც დავემსგავსო ქალს.

_ დეა, ერთი წუთი მაცადე, _ ხელისგულით ავაფარე მობილურს და მისაღებში გავედი, _ ანნაჩკა! _ ჩურჩულით დავუძახე.

_ რა? _ მდივანმა ბეჭდვა შეწყვიტა და შემომხედა.

_ რამე გასასუქებელი დიეტა ხომ არ იცი შემთხვევით?

_ რა თქმა უნდა, ვიცი, _ თქვა მან დარწმუნებით, _ შენ არ დაიჯერებ, მაგრამ ერთ დროს ყველაზე გამხდარი გოგო ვიყავი თბილისში!

_ შეუძლებელია! _ პათეტიკურად შევძახე.

_ გეფიცები, _ თავდაჯერებით წარმოთქვა, _ ყველა ბიჭი დამცინოდა, როცა…

_ შენი ავტობიოგრაფია არ მჭირდება, _ მოუთმენლად შევაწყვეტინე, _ მხოლოდ დიეტა.

_ სხვათა შორის, შემთხვევით გადავაწყდი, _ თქვა ანამ, _ სამ დღეში ერთი კილოს მომატება შეგიძლია, თუ ამ დიეტას დაიცავ. დღეში ოთხჯერ _ პიცა და ნაყინი, მეტი არაფერი! შუალედში არაქისი შეიძლება. გარდა ამისა, რაც შეიძლება მეტი სოდიანი წყალი უნდა დალიო.

_ მატყუებ! _ აღშფოთებისგან ლამის დავიხრჩვი.

_ მართლა გეუბნები, რატომ არ გჯერა?! ღმერთს გეფიცები, _ მდივანმა ნაჩქარევად გადაიწერა პირჯვარი, რამაც მის გულწრფელობაში დამარწმუნა და ისევ კაბინეტში შევბრუნდი.

_ დეა, _ ჩავძახე მობილურში, _ ეს დიეტა ერთმა უმაგრესმა გოგომ მიკარნახა ამწუთას. ერთ დროს იგი ჩხირივით იყო, ახლა კარგა გვარიანი მსუყე ლუკმაა. ამიტომ მომისმინე.

როცა დიეტის მთლიანი რეცეპტი დეტალურად გავიმეორე, ხაზის მეორე ბოლოში მტკივნეულმა სიჩუმემ დაისადგურა.

_ ალო, მისმენ? _ ვიკითხე.

_ ჯანდაბამდის გზა ჰქონია გასუქებას! _ გაისმა ბოლოს მისი ხმა, _ მირჩევნია გამხდარი დავრჩე! _ და გამითიშა.

ცოტა ხანში კვლავ ანასთან გავედი.

_ ერთი მითხარი, _ მუდარის ტონით ამოვთქვი, _ საიდან მოთხარე ეგ დიეტა?

_ არც არსაიდან. ძალიან არ მომწონდა, გამხდარი რომ ვიყავი. ამიტომ გადავწყვიტე მეჭამა ყველაფერი, რაც მიყვარდა. ჰოდა, ბოლოს მოვიმატე. სულ ეგ იყო. შენ მაინც იცი, როგორ მიყვარს პიცაც და ნაყინიც. ასე რომ, ეს დიეტა ჩემი აღმოჩენაა, ედი. ასე გადაეცი იმ შენს გამხდარ ქალბატონს.

გაგრძელება იქნება