ვიქტორ დოლიძის უკვდავი კომიკური ოპერის "ქეთო და კოტე" პრემიერა იოსებ გრიშაშვილის ლიტერატურული რედაქციით თბილისში 1919 წელს გაიმართა. მას შემდეგ „ქეთო და კოტე“ ჩვენი კულტურის სავიზიტო ბარათად იქცა. ის სხვადასხვა დროს წარმატებით იდგმებოდა მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე.
ოპერა „ქეთო და კოტე“ დაიწერა ცნობილი კომედიოგრაფის, დრამატურგ ავქსენტი ცაგარელის პიესის, „ხანუმას“ მიხედვით. ქეთოს როლში ჩვენ არაერთი ვარსკვლავი გვინახავს, მათ შორის: მედეა ჯაფარიძე, მერი ნაკაშიძე, სოფო ნიჟარაძე... ქართველმა მაყურებელმა წარმოდგენა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ იხილა - ამჯერად კი ქეთოს როლი ახალგაზრდა ქართველმა სოპრანომ, ლინა წიკლაურმა შეასრულა. კადრები შთამბეჭდავი წარმოდგენიდან, რომელსაც "სუხიშვილები" აფორმებდნენ, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

- სიმღერა ჩემთვის პროფესია კი არა, არსებობის ფორმაა. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ეს გზა შემთხვევით არ ამირჩევია - მუსიკა ჩემში ბავშვობიდან ბუნებრივად ცხოვრობდა. არასდროს მიფიქრია, რომ მომღერლობა შეიძლებოდა დროებითი არჩევანი ყოფილიყო; პირიქით, იგი ჩემთვის შინაგან აუცილებლობად ჩამოყალიბდა. როგორც ხშირად მითქვამს, მომღერლობა თითქოს ჩემს ბუნებაშია ჩაწერილი და მთელი ცხოვრება ღმერთისგან ბოძებულ ნიჭად მიმაჩნია, რომლის მეშვეობითაც სამყარო რაღაცით უკეთესი უნდა გავხადო. ვსაქმიანობ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჩემი პროფესიის მიუხედავად, ხალხში გამოჩენას ყოველთვის ვერიდებოდი, რადგან მიმაჩნია, რომ ის დამსახურებები ჯერ არ გამაჩნია, რითაც ძალიან ვაამაყებ ქართველ ხალხს, თუმცა ამისთვის ძალიან ბევრს შრომობ და შედეგიც უკვე ნელ-ნელ ჩანს.
- როგორი იყო თქვენი ბავშვობა - რა გახსენდებათ თქვენი ბავშვობიდან ყველაზე მძაფრად?
- ბავშვობა ადვილი არ ყოფილა, რადგან მამა 3 წლის ასაკში გარდამეცვალა, ამ მოვლენამ შემაჯახა რეალობას და წამართვა ბავშვური გულუბრყვილობა. მაშინვე უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი ჩემი ოჯახის მიმართ და დედას ყოველთვის ვეხმარებოდი. ასევე, გამზარდა მამიდამ, რომელიც ყოველთვის მაძლევდა არჩევანის თავისუფლებას და ასე უფრო მომანდომა სწავლაც, წიგნების კითხვაც და ბრძოლაც იმ იდეალებისათვის, რომელსაც ჩემი შინაგანი ბუნება უხმობდა.
განსაკუთრებულად მახსენდება, სოფელში როცა ჩავდიოდი ბებოსთან, ეზოში მთელ ხმაზე ვმღეროდი და სამეზობლოს კონცერტს ვუწყობდი. ჩემი დღევანდელი მიღწევები მათ არ უკვირთ, რადგან ეს ჩემგან მოსალოდნელი იყო.
- მოგვიყევით თქვენს ოჯახზე - რა როლი აქვთ ოჯახის წევრებს თქვენს კარიერულ არჩევანში?
- ჩემი კარიერული არჩევანი დამოუკიდებლად გავაკეთე, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ, ვფიქრობ, ეს ვალდებულება ღმერთმა დაბადებიდან დამაკისრა. ჩემი ოჯახის წევრებს მუსიკალურ სფეროსთან კავშირი არასდროს ჰქონიათ.
პატარა ასაკიდან, 16 წლიდან ვხვდებოდი ჩემს მომავალ მეუღლეს და 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დავოჯახდით. უკვე 14 წელია, შეყვარებულ-ცოლ-ქმარი ვართ. მას სწორედ იმიტომ მოვეწონე, რომ ჩამოყალიბებული ვიყავი ჩემს სამომავლო გეგმებში და გადაწყვიტა, რომ ეს რთული გზა ერთად გაგვევლო. მეუღლე მუდამ ჩემ გვერდით დგას და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია მუდმივ განშორებას გულისხმობს, ერთად ვახერხებთ ყველა სირთულის გადალახვას. მისი მხარდაჭერა ჩემთვის ფუნდამენტურია.
თავიდან მეც სკეპტიკურად ვუყურებდი, რა იქნება, როგორ იქნება საით წამიყვანდა ჩემი სიმღერა, მაგრამ როდესაც ბავშვი შეგვეძინა, ამან საბოლოოდ დამარწმუნა ჩემს გადაწყვეტილებებში. მთელი ორსულობის მანძილზე ვმღეროდი და მაგისტრატურაშიც 5 თვის ორსულმა ჩავაბარე გრანტით კოვიდპანდემიის პერიოდში. შვილის დაბადება ჩემთვის უდიდესი სტიმული გახდა - მან სრულიად ახალი ძალა და შინაგანი სიმტკიცე მომცა. მიუხედავად სირთულეებისა, რომლებთანაც დედობაა დაკავშირებული, ამ გამოცდილებამ პიროვნულად სრულიად შემცვალა და გამაძლიერა.
ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემი მეგობრების წრე - ადამიანები, რომლებიც მუსიკალურ სფეროს წარმოადგენენ. მათთან მუდმივი კონტაქტი მაძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიურად განვიხილო ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები და პროფესიულად მუდმივ ვვითარდებოდე.

- როდის და როგორ გადაწყვიტეთ, რომ ეს იყო საქმე, რომლის კეთებაც მთელი ცხოვრების მანძილზე გსურდათ?
მუსიკასთან ჩემი პირველი შეხება სწორედ ოჯახში მოხდა. ბავშვობაში მახსოვს მომენტი, როდესაც დედაჩემი ტელევიზორში ჟორჟ ბიზეს „კარმენს“ უსმენდა. იმ დროს უნებლიედ დავიწყე არიის იმიტირება - ეს იყო სრულიად სპონტანური და ბავშვური ჟესტი, თუმცა ჩემმა ხმამ ოჯახის წევრები ძალიან გააოცა. სწორედ მაშინ გაჩნდა პირველად ის შეგრძნება, რომ ჩემი ხმა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა და ეს ემოცია, ალბათ, ქვეცნობიერად ჩამებეჭდა.
11 წლიდან დავიწყე ნიჭიერთა ათწლედში სხვადასხვა ინსტრუმენტზე სიარული, მაგრამ 18 წლიდან უკვე დავიწყე საოპერო ვოკალში მომზადება საქართველოს დამსახურებულ არტისტთან, ლიანა კალმახელიძესთან. მან მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ჩემს ტექნიკასა და ვოკალს. ძალიან მიზიდავდა და გამომდიოდა ფიზიკა და ისტორია და ვფიქრობდი, რომ ჩემს პროფესიას აქედან ავირჩევდი, მაგრამ, მუსიკისგან თავბრუდახვეული, ისევ კონსერვატორიას მივადექი. პირველად მუსიკის ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე და დავამთავრე, პარალელურად კი ჩავაბარე საოპერო ვოკალზე ჯერ ბაკალავრიატის საფეხურზე და შემდეგ - მაგისტრატურის - ჯერ მედეა ამირანაშვილთან, შემდეგ კი - გულიკო კარიაულთან.
ჩემი დღევანდელი ტექნიკური მდგომარეობა და წინსვლა განსაკუთრებით უკავშირდება ბრწყინვალე სოპრანოს, ბარბარა ფრიტოლის. მასთან რამდენჯერმე ვიმეცადინე და დავხვეწე ვოკალი. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჩემი მიმართულება და ხმის წარმოება. დღეს ვმეცადინეობ და ვმუშაობ მხოლოდ პიანისტებთან. ახალ საოპერო პარტიებზე მეხმარება ეკატერინე ჩინჩალაძე, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო საოპერო სტუდიაშიც და უამრავი პარტიის სწავლაში დამეხმარა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პიანისტი მარინა მეტრეველი, რომელთანაც ბოლო წლებია აქტიურად და ნაყოფიერად ვმუშაობ, ის წლების განმავლობაში მედეა ამირანაშვილის კლასის პიანისტი იყო, სწორედ აქედან დავახლოვდით. ის ტექნიკური საკითხების გარდა, ასევე მეხმარება პერსონაჟის ხასიათისა და მუსიკალური მომენტების გახსნაში.

- რა იყო მანამდე, სანამ იქნებოდა „ქეთო და კოტე“?
- ქეთომდე იყო ჩემი გამარჯვება თბილისის ოპერის კონკუსში “ოპერა ქრაუნში”, რის შემდეგაც ჩემ მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა. ბატონი ბადრი მაისურაძის ხელშეწყობით, მომეცა შესაძლებლობა სპექტაკლებში მიმეღო მონაწილეობა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი, რადგან, როგორც ყველა ქართველი მომღერლის, ისე ჩემი უდიდესი ოცნება იყო, ჩვენს უძველეს და უმნიშვნელოვანეს სცენაზე ფეხი დამედგა უკვე სპექტაკლებში. 2024 წელს ბატონ ლადო ათანელთან ერთად შევასრულე არიები და დუეტები ოპერის სცენაზე, როგორც მისი კონკურსის ლაურეატმა, მაგრამ ახლა სპექტაკლებში ჩემი დებიუტი შედგა, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის.
- როგორც ვიცით, 2023 წელს შედგა თქვენი დებიუტი ევროპაში;
- ამ წელს ახალგაზრდულ პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, გავიარე რთული კასტინგი და ვიმღერე შვეიცარიაში, “ტიჩინო მუსიკა ფესტივალზე”, დომენიკო ჩიმაროზას ოპერაში “საიდუმლო ქორწინება” ერთ-ერთი მთავარი როლი. ევროპაში დებიუტის შემდეგ ჩემი კარიერა ძალიან დინამიკურად განვითარდა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ჩემი პირველი სააგენტო და პირველი აგენტი, რომლებთანაც პროფესიული მენეჯმენტის ახალი ეტაპი დაიწყო. ამან მომცა შესაძლებლობა, უფრო ფართო, საერთაშორისო სივრცეში ახალი როლები და სცენები აღმომეჩინა.
გასულ ზაფხულს ერთ-ერთ დიდ ფესტივალზე შევასრულე მიუზეტას პარტია ჯაკომო პუჩინის ოპერაში „ლა ბოჰემა“ გერმანიაში, DomStufen-Festspiele-ზე, რაც ჩემთვის განსაკუთრებული პროფესიული გამოცდილება იყო. მანამდე ვმღეროდი ნორინას პარტიას დონიცეტის „დონ პასკუალედან“ სხვადასხვა ქალაქში - ლუქსემბურგში, მონცაში და ვიჩენცაში.
ამავე პერიოდში შედგა ჩემი დებიუტი სხვა ოპერებშიც: ადელე - იოჰან შტრაუსის „ღამურაში“ იტალიაში, უდინეს ოპერაში. ცერლინა - მოცარტის “დონ ჯოვანიდან” სიბიუს ოპერის ფესტივალზე, რუმინეთში. გარდა საოპერო სპექტაკლებისა, მქონდა არაერთი კონცერტი და კამერული პროგრამა სხვადასხვა ფორმატში.
2025 წლის სექტემბერში იყო ალფრედო კრაუსის კონკურსი ესპანეთში, გრან კანარიაზე, სადაც მეორე ადგილი და საუკეთესო ოპერის შემსრულებლის პრიზი დავიმსახურე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო კონცერტი ციურიხში, Van Cleef & Arpels-ის ცნობილი ბრენდის ღონისძიებაზე, სადაც ციურიხის ოპერის ორკესტრთან ერთად გერმანულ არიებსა და კამერულ პროგრამას ვასრულებდი. ამ საღამომ დიდი გამოხმაურება და ახალი პროფესიული შემოთავაზებები მომიტანა.
ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა მხოლოდ სად მღერი - გადამწყვეტია, როგორ მუშაობ, რამდენად გულს დებ თითოეულ შესრულებაში და რამდენად პროფესიონალურად ეკიდები საქმეს. სწორედ ეს ქმნის ახალ პერსპექტივებს და განსაზღვრავს არტისტის მომავალ გზას.
„ქეთო და კოტე“
- ვისაუბროთ „ქეთო და კოტეზე“ - ყველა წარმოდგენამ ანშლაგით ჩაიარა - როგორი იყო მუშაობის პროცესი?
- „ქეთო და კოტე“ დატვირთული და დინამიკური სპექტაკლია, ამიტომ რეპეტიციებიც საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მიუხედავად შეზღუდული დროისა, პროცესმა ძალიან კონცენტრირებულად და ეფექტურად ჩაიარა. რამდენიმე რეპეტიცია დირიჟორთან და რეჟისორთან ერთად გვქონდა, სადაც ეტაპობრივად დაიხვეწა ყველა დეტალი და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ის ვერსია, რომელიც მაყურებელმა სცენაზე იხილა.
ქეთოს როლი ჩემთვის ახალი არ იყო - იგი ჯერ კიდევ ოპერის სტუდიაში, თბილისის კონსერვატორიაში მქონდა ნამღერი. მაშინ პრემიერა გვქონდა - რეჟისორმა ლელა გვარიშვილმა და დირიჟორმა პაპუნა ღვაბერიძემ დადგეს. დღეს პაპუნა ჩვენს გვერდით აღარ არის, მაგრამ სულ მახსენდებოდა მისი სიტყვები რეპეტიციების დროს და ძალიან ამაღელვებელი იყო. ვფიქრობ, იამაყებდა, რომ მისი სტუდენტი დღეს ამ სპექტაკლით წარსდგა ოპერის სცენაზე და მისი დიდი წვლილიც იყო ამ ყველაფერში. ამიტომ, ამ სპექტაკლში თავისებური ნაზავი შევქმენი: ერთი მხრივ, იმ ქეთოსი, რომელიც შვიდი წლის წინ არსებობდა და, მეორე მხრივ - იმ ქეთოსი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩემთან ერთად გაიზარდა და დღეს უკვე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დიდ სცენაზე დადგა.

რეპეტიციები, მიუხედავად ინტენსიურობისა, ძალიან თბილ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობდა. კოლეგების, რეჟისორებისა და მთელი თეატრის გუნდის მხარდაჭერამ პროცესი არა მხოლოდ შედეგიანი, არამედ შემოქმედებითადაც სასიამოვნო გახადა. ეს იყო ერთიანი, პოზიტიური და პროდუქტიული მუშაობა, რაც საბოლოო შედეგშიც გამოჩნდა.
- მაყურებლის პერსპექტივიდან, ეს იყო დაუვიწყარი, შთამბეჭდავი წარმოდგენა - როგორია სცენიდან დანახული ეს პროცესი?
- ხელოვანისთვის და განსაკუთრებით ქართველი ხელოვანისთვის, არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე საკუთარი ხალხის წინაშე გამოსვლაა. სცენაზე ყოფნა საშუალებას მაძლევს, ვაჩვენო, რამდენად ბევრს ვშრომობ, რამდენად პროფესიონალურად ვეკიდები საქმეს და რატომ ვაკეთებ ყველაფერს - იმისთვის, რომ მაყურებელმა შეაფასოს და მიიღოს სიამოვნება. ეს გრძნობა ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ეროვნული სცენა არის ის სივრცე, სადაც ქართველი ხელოვანი რეალურად სრულად გამოიხატება.
ყველაზე ემოციური მომენტები მაყურებელთან უშუალო კავშირია. გენერალურ რეპეტიციაზე რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვები, მათი გახარებული თვალები, ათობით ფოტო და ჩახუტება იყო, ეს მომენტები განუმეორებელია. სცენიდან ვხედავ, როგორ აღიქვამს მაყურებელი ყველაფერს, რასაც ვქმნით: სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, შრომა, შემოქმედება - ეს ყველაფერი ხიბლავს და აძლევს მათ ახალ ენერგიას, ახალ განცდებს.

ჩემთვის ეს არის ნამდვილი ბედნიერება - როცა მაყურებელი გრძნობს ემოციებს, ვხედავ, რომ ჩვენი ხელოვნება არ არის მხოლოდ დადგმული ტექსტი და მუსიკა, არამედ ცოცხალი გამოცდილება, რომელიც გულიდან გულამდე მიდის. სწორედ ამიტომ, თეატრი და საოპერო ხელოვნება არასოდეს მოკვდება - რადგან ემოცია, გამოცდილება და ხალხთან ნამდვილი კავშირი მარადიულია.
- ქეთოს როლში მაყურებელს უკვე ნანახი ჰყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან, მედეა ჯაფარიძე, მერი ნაკაშიძე, სოფო ნიჟარაძე... თქვენთვის რას ნიშნავს ეს? რომელი მათგანის შესრულებაა თქვენთვის განსაკუთრებული?
- ქეთოს როლი ქართულ მუსიკალურ თეატრში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ პერსონაჟთან ასოცირდებიან ისეთი დიდი სახელები, როგორებიც არიან, მედეა ჯაფარიძე, მერი ნაკაშიძე და სოფო ნიჟარაძე. ეს ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობაც არის და მოტივაციაც - როცა იცი, რომ შენამდე ამ როლს ის არტისტები ასრულებდნენ, რომლებმაც ეპოქა შექმნეს.
მედეა ჯაფარიძის შესრულება ჩემთვის უკავშირდება ქეთოს კლასიკურ, ძლიერ და შინაგანად მდიდარ სახეს - დიდი თეატრალური სკოლა, უზადო დიქცია და ღრმა დრამატურგიული გააზრება. მერი ნაკაშიძეს კი განსაკუთრებული ხიბლი და სიმსუბუქე შემოჰქონდა ამ როლში, რაც ქეთოს ხასიათს ძალიან ორგანულად ერწყმოდა.

ასევე აუცილებლად გამოვყოფდი ჩემს პედაგოგს, ლიანა კალმახელიძეს - საოპერო ჟანრის ერთ-ერთ გამორჩეულ ქეთოს, რომელმაც ამ როლს განსაკუთრებული სიღრმე და ღირსება შესძინა. მისი შესრულება დღემდე ითვლება ეტალონად, ხოლო ქეთოს როლის უზადო გააზრებისა და შესრულებისთვის იგი ღირსების კავალერის ორდენითაც დაჯილდოვდა. ჩემთვის ეს არა მხოლოდ პროფესიული მაგალითია, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც - როდესაც შენს პედაგოგს ასეთი მემკვიდრეობა აქვს, ბუნებრივია, კიდევ უფრო ფრთხილად და სიღრმისეულად ეკიდები ამ როლს.
რაც შეეხება სოფო ნიჟარაძეს, მისი ქეთო ჩემთვის განსაკუთრებით ახლოა. სოფოს შესრულებაში ვხედავ თანამედროვე ქალის ენერგიას, სცენურ თავისუფლებას და უშუალობას. მისი ქეთო უფრო უშიშარი, უფრო გახსნილი და დღევანდელ რეალობასთან ახლოს მდგომი პერსონაჟია. ამასთანავე, მასსა და ჩემს ხედვას შორის გარკვეული მსგავსებაც არსებობს, ორივესთვის მნიშვნელოვანია, რომ ქეთო არ იყოს მხოლოდ ხასიათის ტიპაჟი, არამედ ცოცხალი, მრავალშრიანი ადამიანი, იუმორით, ემოციებითა და შინაგანი ძალით. განსხვავება კი, ალბათ, ინდივიდუალურ ინტერპრეტაციაშია - მე ვცდილობ, ქეთო დავინახო როგორც ქალი, რომელიც საკუთარი თავისუფლებისა და არჩევანისთვის იბრძვის და ეს ბრძოლა მსუბუქ იუმორსა და სიღრმეს შორის ბალანსში გადავიტანო.
ჩემთვის დიდი პატივია ამ როლის შესრულება იმ კონტექსტში, სადაც უკვე არსებობენ ასეთი ძლიერი წინამორბედები. ეს მაძლევს სურვილს, დავუტოვო ჩემი ხმა და ჩემი დროის ქეთო ამ უწყვეტ ისტორიას.

გამოგვყევით ფეისბუკზე https://www.facebook.com/www.marao.ge