კარინა და რატი ფართო საზოგადოებამ პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო, სადაც მათ არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ ერთმანეთისადმი თბილი დამოკიდებულებითაც მოიგეს მაყურებლის გულები. სწორედ ამ პროექტმა გახადა წყვილი განსაკუთრებით პოპულარული.
მოცეკვავეები, კარინა ლისენკო და რატი გაჩეჩილაძე ცოტა ხნის წინ გოგონას, პატარა ემილიას მშობლები გახდნენ. სასიხარულო ამბავი წყვილმა საზოგადოებას მალევე გაუზიარა და უამრავი მილოცვაც დაიმსახურა.
დღეს კარინა ლისენკო კვლავ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი მონაწილეა და, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივ ფორმაშია. აღსანიშნავია, რომ მშობიარობის შემდეგ მან ძალიან მოკლე დროში მოახერხა ფორმაში ჩადგომა და საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა, რაც მაყურებლის მხრიდან განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს.

რატი გაჩეჩილაძე ოთხგზის საქართველოს ჩემპიონია დიდების კატეგორიაში (2016–2019) და ამავე წლებში ოთხჯერ მოიგო საქართველოს თასი. მისი საერთაშორისო წარმატებები მოიცავს მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილს და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლას. ის ასევე იყო პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული.
რატი არის საქართველოს პირველი კატეგორიის მსაჯი და მრავალი წარმატებული მოცეკვავის მწვრთნელი, მათ შორის სოლო და წყვილ კატეგორიებში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან რატი გაჩეჩილაძე საერთაშორისო კატეგორიის სტატუსის მქონე მსაჯიც გახდა.
რატის ოჯახში ცეკვა ტრადიციაა და ის მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ტრადიციას საკუთარ სტუდიაში აგრძელებს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა რატის ძმა, გიგი გაჩეჩილაძეც. ის საქართველოს სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის ამპლუაშიც ვიხილეთ.
რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დის ქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა, საბოლოოდ, მაინც საქართველოში ამჯობინა დაბრუნება.
კარინა ლისენკო უკრაინელი პროფესიონალი მოცეკვავეა, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა და ახლა აქ საქმიანობს. ის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაშიც არაერთხელ ვიხილეთ. მომხიბვლელმა გოგონამ განსაკუთრებით დადებითი აურით მალევე შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს.
რატიმ და კარინამ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცეს. მათ ერთმანეთთან პროფესიული საქმიანობა აკავშირებდათ, თუმცა ეს ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში და მათ 2021 წელს იქორწინეს.

"მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. კარინა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ. რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება… კარინას გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე ძალიან მისი გაკეთებული ბორშჩი მიყვარს. როცა იტყვის, დღეს ბორშჩის ვაკეთებო, ვიცი, რომ სასწაული მელოდება…" - ამბობდა რატი.