"ყველანაირად ბედნიერი ვიყავი... თითქოს ეს იყო ადამიანი, რომელსაც მთელი ბავშვობის განმავლობაში ვეძებდი" - ქეთათო ჩარკვიანი ირაკლი ჩარკვიანთან ურთიერთობაზე - Marao

"ყველანაირად ბედნიერი ვიყავი... თითქოს ეს იყო ადამიანი, რომელსაც მთელი ბავშვობის განმავლობაში ვეძებდი" - ქეთათო ჩარკვიანი ირაკლი ჩარკვიანთან ურთიერთობაზე

2026-01-29 10:49:16+04:00

ცოტა ხნის წინ ქეთათო ჩარკვიანი ნანკა გვარის პოდკასტის — „მარტოობის 15 წუთის“ სტუმარი იყო. მომღერალმა გულწრფელად ისაუბრა ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე, მათ შორის ირაკლი ჩარკვიანთან ურთიერთობაზე, სიყვარულზე, შემოქმედებით გზასა და მძიმე დანაკარგზე.

ქეთათოს თქმით, ირაკლი ჩარკვიანთან ურთიერთობა მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

„მე ვიყავი 17 წლის, ირაკლი – 34-ის, ზუსტად ორჯერ ჩემზე დიდი, როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ. 16 წლიდან ვიცნობდი, თუმცა 17 წლის ვიყავი, როცა ერთად აღმოვჩნდით… ეს ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი, გარდამტეხი და ყველანაირად ბედნიერი ვიყავი. თითქოს ეს იყო ადამიანი, რომელსაც მთელი ბავშვობის განმავლობაში ვეძებდი, რომელიც იქნებოდა მეგობარი, საერთო ინტერესებით, საერთო საქმით, სიყვარულით, ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს – ეს ყველაფერი ერთად რომ თანხვედრაშია, ძალიან კარგია…

ბალერინა ვიყავი და მანამდე მუსიკაზე სულ არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, მუსიკა მიყვარდა, მაინტერესებდა, თან ჩემი თინეიჯერობის დროს ძალიან ბევრი მუსიკალური ტენდენცია იყო, ახალი ჯგუფები, სხვადასხვა კლიპი… მუსიკა ძალიან გცვლის შინაგანად, იცვლები იმის მიხედვით, რა მუსიკას უსმენ, რა წიგნებს კითხულობ და რა ინფორმაციასაც შეისრუტავს ადამიანი, ის არის მერე…

ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და თვითონ მუსიკის კეთების პროცესზეც გავგიჟდი, ისე მომეწონა. მერე თავისთავად მოხდა, რომ რაშიც მეტი ინტერესი მქონდა, იმ სფეროში უფრო შევედი და ბალეტი ნელ-ნელა უკანა პლანზე გადავიდა. ირაკლი სულ მეუბნებოდა, იმღერეო და არ ვაპირებდი სიმღერას, მერე ნელ-ნელა დავიწყე“, – ამბობს მომღერალი.

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებაზე საუბრისას ქეთათო ემოციურ მომენტებს იხსენებს.

„კოშმარია… მაგ დროს თავდაცვის ინსტინქტი გერთვება. ბოლომდე ვერ იაზრებ, იმდენად შოკში ხარ… ძალიან მტკივნეულია, აბსოლუტური სიცარიელე რჩება. რასაც ჰქვია შავი ხვრელი… ერთ თვეში გახდება 20 წელი, რაც აღარ არის… როცა კარგად იცნობ ადამიანს და ძალიან გიყვარს, მისი გარდაცვალების შემდეგაც თითქოს შინაგანი დიალოგი გაქვს მასთან, როგორც საკუთარ თავთან… თავიდან იბადები და სწავლობ ცხოვრებას.

ჩვენ არ გვქონდა სტანდარტული ურთიერთობა, მართლა 24 საათი ერთად ვიყავით, წამი მენანებოდა მის გარეშე გატარებული. ალბათ ინტუიტიურად იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს იმდენად კარგი პერიოდია, ეს არის დროებითი. მე სულ ამით ვცხოვრობდი, სამწუხაროდ. ამ ბედნიერებას, სანამ ირაკლისთან ვიყავი, თან სდევდა ეს მომენტი, რომ ეს არის დროებითი. გვერდიდანაც კი მიგრძნია, თითქოს სპექტაკლია და ვთამაშობთ და ეს არის დროებითი… ღამის კოშმარებიც მაწუხებდა მაგასთან დაკავშირებით. როცა ასაკით შენზე უფროსია, როცა ძაან გიყვარს, ეს შიშები გაქვს“, – ამბობს ქეთათო.