ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელი მოიცვა ამბავმა, რომ ქართველი გოგო მსოფლიო ვარსკვლავის, სოფი ლორენის ჯერ სარძლო, შემდეგ კი - რძალი გახდა. მარიამ შარმანაშვილმა კარლო პონტიზე იქორწინა და ბედნიერი ოჯახი შექმნა. სოფი ლორენზე, მასთან, როგორც დედამთილთან ურთიერთობასა და დამოკიდებულებეზე კი "თბილისელებთან" ისაუბრა:
– მოდი, ისიც თქვით, როგორი დედამთილია სოფი ლორენი?
– ქალბატონი სოფი არის საოცარი პიროვნება, ის არის ქალურობის ეტალონი არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც. როგორც დედამთილი, ძალიან თბილი, ყურადღებიანი და უბრალოა. პირველივე შეხვედრისას მისგან ისეთი სითბო ვიგრძენი, რომ ყოველგვარი დაძაბულობა მომეხსნა. ის არაჩვეულებრივი ადამიანია.
– ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება ამ საზოგადოების წევრობამ…
– შეიცვალა გარემო, ღონისძიებები, ადამიანები, ვისაც ვხვდები, მაგრამ შინაგანად მე ისევ ის მარიამი ვარ, ვინც უწინ ვიყავი. კიდევ ის შეიცვალა, რომ ადამიანები ქუჩაში მცნობენ და უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ, რაც ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელია.
– როგორც აღნიშნეთ, ხშირად გეუბნებიან: „საკუთარ ბედნიერებაზე ამდენს ნუ საუბრობ, თვალი არ გეცეს“. რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?
– მე მჯერა, რომ ბედნიერების გაზიარებით სხვა ადამიანების ცხოვრებაშიც ამრავლებ კეთილდღეობას და პოზიტივს, როცა გულწრფელი ხარ და სხვებს უზიარებ შენს სიხარულს, ეს დადებითი ენერგია უკან გიბრუნდება და გიცავს. „თვალი“ ვერ მოერევა იმ სიყვარულს და სინათლეს, რასაც გასცემ. კარგი იქნება, თუ ამას დავიჯერებთ და მუდამ შიშის ვიბრაციებში არ დავრჩებით.

ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა.
აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.
„კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.
ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს "ოსკარი" დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება“, – ამბობდა მარიამი.