"გზის თანაზიარი არასდროს მყოლია - თურმე, არ არის სირცხვილი, შენს სისუსტეებზე ილაპარაკო" - ნანკა გვარის წერილი - Marao

"გზის თანაზიარი არასდროს მყოლია - თურმე, არ არის სირცხვილი, შენს სისუსტეებზე ილაპარაკო" - ნანკა გვარის წერილი

2026-01-30 11:11:08+04:00

„როგორ ხარ?“ – ერთი შეხედვით მარტივი და ყოველდღიური კითხვა, რომელიც ხშირად ფორმალური პასუხით, „კარგად ვარ“ სრულდება. ეს ფრაზა ნანკა გვარისთვის ბევრად უფრო ღრმა შინაარსს ატარებს. გულწრფელ წერილში ის საუბრობს იმ დაღლილობაზე, რომელსაც ადამიანები ხშირად მალავენ; შიშზე, ბოლომდე გაიხსნა და თქვას, რაც რეალურად გაწუხებს. ნანკა გვარი მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებს ერთმანეთის მდგომარეობა არა ფორმალურად, არამედ გულით აინტერესებდეთ.

ნანკა გვარის წერილი

„როგორ ხარ?” ეს კითხვა რამდენად გულახდილიც შეიძლება იყოს, იმდენად ფორმალურია... როცა მეკითხებიან, სულ მიელვებს ფიქრი, მართლა აინტერესებს და ვუთხრა, რომ დღეს მთელი დღეა უმადოდ ვარ, ვნერვიულობ ჩემს მომავალზე, თუ ფორმალურად ვუპასუხო, რომ ძალიან კარგად... ან იქნებ თვითონ არაა კარგად, ამიტომ ვეტყვი. რომ ნორმალურად ვგრძნობ თავს… ყოველთვის მქონდა კომპლექსი, ადამიანებთან ბოლომდე გავხსნილიყავი, მელაპარაკა რთულ პერიოდებსა და მიზნებზე, რომლებთან მიახლოებაც მიჭირდა, ყველას მხოლოდ მიღწეულ შედეგებს ვანახებდი.

დაღლილობას არ ვიმჩნევდი, შესაბამისად, არავის უჩნდებოდა კითხვა, რა ფასად დამიჯდა ეს ყველაფერი… მარტივად ვაწოდებდი, ყველას ეგონა, რომ უბრალოდ გამიმართლა, ან ვიშრომე და, აი, შედეგიც მივიღე...  პროცესის და გზის თანაზიარი არასდროს მყოლია. და „როგორ ხარ” – ის შინაარსი არასდროს მიგრძნია ბოლომდე.

მაგრამ რაღაც მომენტიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება, სადაც უცებ ჩემი გასავლელი გზის პროცესით უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე შედეგით. სადაც მინდება უბრალოდ დასვენება, გრძნობენ ამას და მეუბნებიან, რომ დავისვენო, სადაც მახსენებენ, რომ უკეთესი მწვერვალების დაპყრობის ღირსი ვარ, სადაც გეგმების გადადება არაა სიზარმაცე.

  • გამორჩეული გარეგნობა, ერთ დღეში მოსული პოპულარობა და ცხოვრება სოფელში: ნანკა გვარის ამბები ეკრანს მიღმა 

უბრალოდ დაიღალე და არ გრცხვენია. და, თურმე, ხალხო, თურმე, არ არის სირცხვილი, შენს სისუსტეებზე ილაპარაკო, შენს რთულ დღეზე იწუწუნო, ხანდახან არაფრის კეთება გინდოდეს, ხანდახან უბრალოდ ტიროდე, მერე უცებ იცინოდე, გუშინდელი პიჟამოთი იარო ოთახში. მეათედ გინდოდეს ერთი და იგივე ფილმის ყურება, რომლის ტექსტიც ზეპირად იცი... სწორი ადამიანები ამისთვის არ გაგკიცხავენ, სუსტად არ ჩაგთვლიან, არც სიზარმაცეში ჩაგითვლიან, აზრი შენზე არ შეეცვლებათ. და, რაც ყველაზე მთავარია, გაგაჩერებენ, თვალებში ჩაგხედავენ და გკითხავენ - „როგორ ხარ”, შენ გულახდილად უპასუხებ…

და მიხვდები, რომ ისეთი, როგორიც ხარ, მისაღები ხარ, საკმარისი ხარ და მარტო აღარასდროს იქნები. ხშირად კითხეთ მნიშვნელოვან ადამიანებს, როგორ არიან, ოღონდ მართლა, აი, როგორ არიან ახლა, რას ებრძვიან, რა უხარიათ... ეს, ერთი შეხედვით, მარტივი და გაფორმალურებული კითხვა, ვიღაცისთვის გადარჩენის ტოლფასია, დღეს ახალისებს, ფიქრებს ფილტრავს და ცხოვრებას ცვლის“, – წერს ნანკა გვარი.