"ჩემი შვილი ექიმების დაუდევრობის გამო, დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა..." - ნინო ქაჯაიას დაბრუნება: ცნობილი ჟურნალისტის ოჯახი, განვლილი გზა და ცხოვრება დღეს - Marao

"ჩემი შვილი ექიმების დაუდევრობის გამო, დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა..." - ნინო ქაჯაიას დაბრუნება: ცნობილი ჟურნალისტის ოჯახი, განვლილი გზა და ცხოვრება დღეს

2026-01-30 11:44:32+04:00

ნინო ქაჯაია ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო, როცა ის ტელეეკრანებზე პირველად გამოჩნდა. მას შემდეგ, განსაკუთრებული შარმითა და პროფესიონალიზმით უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი. ნინომ დაამთავრა ჟურნალისტიკის სკოლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1995-2005 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში. 2006–2008 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი. იყო პირველი არხის გადაცემის „ცხოვრება მშვენიერია“ ავტორი და წამყვანი.

  • "ძალიან თბილი, ყურადღებიანი და უბრალო დედამთილია... საოცარი პიროვნებაა" - მარიამ შარმანაშვილი სოფი ლორენისა და მასთან ურთიერთობის შესახებ 

რამდენიმე წლის წინ ნინო ქაჯაია ეკრანებიდან გაქრა - როგორია მისი ცხოვრება დღეს, ამის შესახებ ეკა ხოფერიას გადაცემაში ისაუბრა. ტელეწამყვანმა გაიხსენა რთული მომენტები, ისაუბრა განვლილ ცხოვრებაზე, შვილსა და ოჯახზე: 

nino kajaia

ნინო ქაჯაია 

“თაია 7 იანვარს დაიბადა - ყველაზე საოცარი, საშობაო საჩუქარი. ვფიქრობდი, როგორ ვცხოვრობდი მანამდე, როგორ მიხაროდა, როგორ მეგონა, რომ რაღაც სხვა იყო მთავარი. ყველაფერი არაფერია იმ სიხარულთან შედარებით, რასაც დედობა ჰქვია, რასაც თაიას დედობა ჰქვია.

მე ძალიან მძიმე გამოცდილება მქონდა, 26 წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა, ანა, რომელიც 26 წლის წინ, ექიმების დაუდევრობის გამო, დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება დედას დაემართოს. როცა მითხრეს, ეს ყველაზე მძიმე და საშინელი წუთი, ჩემთვის ყველაზე გადამწყვეტი მომენტი იყო. ყოველთვის ვაფასებდი ცხოვრებას, ყოველთვის ვიყავი მადლიერი, ბედნიერი, მაშინ კი მივხვდი, რომ ამას ვერ აცნობიერებ, გგონია, რომ ასეც უნდა იყოს. არასდროს არ იცი, რა გელის, ამიტომ ყოველი წუთის მადლიერი უნდა იყო. ამიტომ თაიას გაჩენა ჩემთვის ათასმაგად ბედნიერი იყო. თან ის თითქოს ანას ნაწილია, თითქოს გიცოცხლდება რაღაცნაირად, თან ის განცდაა, რომ ამის ღირსი გავხდი. მე დედა ვარ, შვილი მყავს და ეს ყველაზე მაგარი რამაა.

  • პირველი შთაბეჭდილება, პირველი პაემანი და განსაკუთრებული მომენტები - მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი პირად ისტორიებზე

ამ თემაზე არასდროს ვლაპარაკობ, ძალიან მძიმე იყო. რთულია, როცა ქუჩაშიც კი მეკითხებოდნენ, რა მოხდა. ზოგს მართლა აინტერესებდა, ზოგისთვის მხოლოდ სეირი იყო“.

nino_kajaia

ნინო ქაჯაიას ქალიშვილი, თაია ქაჯაია ახლა მადრიდში ცხოვრობს და სწავლობს. გადაცემაში ის ონლაინ ჩაერთო და დედის შესახებ ისაუბრა: 

„ჩემი დედიკო ყველაზე ციმციმა ვარსკვლავია. გამოირჩევა ადამიანობით, გულით, იმ თვისებებით, რომლებიც, მგონია, რომ ბევრს არ ახასიათებს. ბავშვობაში სულ აღფრთოვანებული ვიყავი, როგორ ანათებდა თავისი ფერადი, ციმციმა თვალებით ყველაფერს. მგონია, რომ ყველა ვინც მას იცნობს, ბედნიერია. მე რამდენჯერაც უნდა მქონდეს არჩევანის საშუალება, ყველა ჯერზე ნინოს ავირჩევდი დედაჩემად“.