მუსიკოსი, ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე ქეთათო პოპიასვილი ნანკა გვარის პოდკასტის, "მარტოობის 15 წუთის" სტუმარი იყო. პოდკასტში მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ირაკლი ჩარკვიანთან ურთიერთობაზე, ქალიშვილზე, ნანა ჩარკვიანზე, ოჯახზე, შემოქმედებასა და დღევანდელ ცხოვრებაზე.

„ნანა ფიზიკურად ძალიან ჰგავს ირაკლის, ჩემს რაღაცებსაც ვხედავ, მაგრამ ხასიათით თვითონაა, ნანაა. ბავშვობიდან სულ უნდოდა, რომ არავის ჩრდილში ყოფილიყო - მე მე ვარ - ამბობდა.
ადვილად წერს მელოდიას, ტექსტს, ალბათ, ესეც გენეტიკურია. მინდა, რომ მეტად აკეთოს მუსიკა, თუმცა თვითონ ბევრი სხვადასხვა ინტერესი აქვს. მომწონს, რომ სულ თავის თავის ძიებაშია. ბავშვობაში მცხობელობა უნდოდა და სულ აცხობდა რაღაცებს. 10 წლისას სკოლაში ტორტები მიჰქონდა.
ახლა თითქოს როლებიც გვაქვს შეცვლილი და ის დედაა, მე - შვილი, ჭკუას მარიგებს ხოლმე. მეგობრები ვართ და თან სულ ვაკონტროლებთ ერთმანეთს”.
ქეთათო პოპიაშვილმა დღევანდელ ცხოვრებასა დ აურთიერთობებზეც ისაუბრა:
“მყავს მეგობარი, ადამიანი, რომელთან ერთადაც ვარ ათი წელია. არის ხოლმე აღმასვლები და დაღმასვლები, სულ კარგად ვერ იქნები, მაგრამ ათი წელია, ერთად ვართ”.

ირაკლი ჩარკვიანის მამა იყო ჟურნალისტი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი, ხოლო ბაბუა - კანდიდ ჩარკვიანი, საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე 1938–1952 წლებში.
1982 წელს ირაკლი ჩარკვიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი. სწავლის პარალელურად, ირაკლი ჩარკვიანი აქტიურად ქმნიდა მუსიკას და დგამდა პირველ სერიოზულ ნაბიჯებს ამ სფეროში. მისი მუსიაკლური კარიერა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად. შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი „ტაქსი“, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის „ტაქსი“ (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ.
ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Children's Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Daira (1997) - პროექტი, რომელიც ლივერპულში განხორციელდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი ჩარკვიანი და დადა დადიანი.
ირაკლის პირველი სოლო-ჩანაწერი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-ალბომი, „Svan Songs“ ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს გერმანიაში. 1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისთვის „ორფეოსის სიკვდილი“.
1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა „საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო“ გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი“ და „ორგანი'78“.
2004 წელს გამოჩნდა ალბომი „სავსე“, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“. ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია.
2006 24 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში.

მოგვიანებით შეგროვდა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე“. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, „თეთრი ღმერთი“. 2014 წელს გამოვიდა კომპილაციური ალბომი რემასტერებით - „The Best of King“.
გამომცემლობა „ინტელექტმა“ ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ მოიძია ლექსები და გამოსცა კრებული „მეფე ირაკლის ლექსები“ (2008, 2011). ირაკლი ჩარკვიანი არის რამდენიმე მოთხრობისა და ერთი რომანის, „მშვიდი ცურვის“ ავტორი, რომელიცგამოქვეყნდა 2006 წელს. მისმა რომანმა 2014 წელს გაიმარჯვა ქართულ ლიტერატურულ მარათონში – „ჩემი წიგნი“, რომელშიც ხმების რაოდენობით გადაუსწრო ისეთ წიგნებს როგორიცაა მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, თომას მანის „ჯადოსნური მთა“, ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“.