სიბრაზისგან ავკანკალდი, მაგრამ მაშინვე შევიკავე თავი.
_ ერთ ადგილას უნდა გავიდე, _ ჩავიდუდღუნე, _ და გთხოვ, გააკეთე რამე, რომ ეს ჩვენი სულელური საუბარი დამავიწყო, კარგი? თორემ შემომეცემები.
_ რა იყო, განიხიბლა შენი მორიგი საყვარელი? _ ბოროტად ჩაიცინა, _ უკვე დაგადო?
_ მე ქალებს იმედებს არ ვუცრუებ, ანნაჩკა. და ის ჩემი საყვარელი არ არის. უბრალოდ, ნაცნობია.
_ ჩემთვის სულერთია, ედი!.. ხუტა ორ საათში უნდა დაბრუნდეს, _ ანამ მორკალული წარბები აათამაშა, _ არაფერი გადავცე შენგან, ედიშერ?
_ შენს ირონიას კუდი ყავარზე აქვს გადებული, _ ჩავიცინე, _ უთხარი, რომ გოთუას საქმის მასალების გადამოწმებას ვაპირებ. ამავე დროს, ჰკითხე, დაინტერესებულია თუ არა პორნოგრაფიული სურათებით, კარგი? ეს უკანასკნელი განსაკუთრებულად ჩაინიშნე, არ დაგავიწყდეს!
***
დელისის ქუჩის მე-14 ნომერი უზარმაზარი კერძო სახლი აღმოჩნდა. ვერაფრით დავიჯერებდი, ეს სამსართულიანი შენობა ერთი ოჯახის სამფლობელო ყოფილიყო. ალბათ, ერთი სართული უჭირავს იმ ვიღაც ნატა ლოლაძეს.
მანქანა ბორდიურთან გავაჩერე და ფართო გზით სახლის შესასვლელისკენ გავემართე. ზარის მელოდიამ ცხელი დღის ნამძინარევი სიჩუმე დაარღვია. კარი თითქმის მაშინვე გაიღო და ზღურბლზე მაღალი მამაკაცი გამოჩნდა, რომელმაც დაჟინებით შემათვალიერა.
ორმოცი წლის იქნებოდა. დაახლოებით ჩემი სიმაღლის იყო, მაგრამ გაცილებით მასიური. მის სქელ შავ თმას უკვე საფუძვლიანად მოსდებოდა ვერცხლისფერი ჭაღარა, თუმცა ეს სულაც არ აკლებდა მისი გარეგნობას მამაკაცურობას _ მაისურის ქვეშ ამობურცული კუნთები და სახის პირქუში გამომეტყველება კარგს არაფერს მიქადდა.
_ რა უბედურებაა! _ ეგრევე დამიყვირა, _ ნუთუ არ შეიძლება ადამიანს საკუთარ სახლში დასვენების უფლება მისცენ?
ვუთხარი, ვინც ვიყავი და მოწმობაც ავუფრიალე ცხვირწინ. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ქალბატონ ნატა ლოლაძესთან შეხვედრა მსურდა.
_ ჯანდაბა! რაში გჭირდება მასთან შეხვედრა? _ უდიერად მკითხა.
_ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენიმე შეკითხვა უნდა დავუსვა, _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად ავუხსენი, _ უბრალოდ, ფორმალობაა და მეტი არაფერი.
_ მე გახლავართ ლადო ლოლაძე, მისი მეუღლე, _ მომიგო მან, _ და ნუ მატყუებ უბრალო ფორმალობებზე საუბრებით, თუ შეიძლება! მინდა ვიცოდე, ჩემმა ცოლმა რა დააშავა! _ ისე თავხედურად მელაპარაკებოდა, თითქოს მისი ხელქვეითი ვყოფილიყავი, თან “შენობით”.
ამ ხალხმა სულ დაკარგა პოლიციის მიმართ პატივისცემა!
_ რა მოხდა, ლადო? _ მის უკან ქალი გამოჩნდა.
_ ეს ბიჭი ამტკიცებს, რომ პოლიციის კაპიტანია და უნდა, რომ რაღაც შეკითხვები დაგისვას, _ უთხრა გაღიზიანებულმა ქმარმა.
_ მერედა, რატომ არ შემოიპატიჟებ სახლში? _ სასიამოვნო, მელოდიური ხმა ჰქონდა ქალს.
_ იმიტომ, რომ არ სურს ამიხსნას, რაშია საქმე! _ ისევ იყვირა ბატონმა ლადომ.
_ მე ამიხსნის ამას, _ ცოლმა მოთმინებით განუმარტა, _ და მოგვიანებით შემიძლია გითხრა. ახლა კი, ცოტა ხნით დაგვტოვე, შენ კი გააკეთე ის, რასაც კაპიტნის მოსვლამდე აკეთებდი.
სახლის პატრონი ცოტა ხანს ჩაფიქრდა, თან თავისი ყავისფერი თვალებით სასტიკად მიყურებდა. მერე უცებ შებრუნდა და სახლში შევარდა.
_ გთხოვთ, შემობრძანდეთ, _ მხიარულად დამპატიჟა ქალმა, _ იცით? ლადოს დაძაბული სამსახური აქვს და როცა იქიდან გამოპარვას ახერხებს, არავის აქვს უფლება, მისი სიმშვიდე დაარღვიოს. ეს აღიზიანებს.
_ არ მიკვირს, _ ღიმილით მივუგე და დერეფანში გავედი, _ ჩემი პროფესიის ადამიანები არავის მოსწონს, ქალბატონო.
_ შეგვიძლია აქ ვისაუბროთ, _ მან მისაღები ოთახის კარი გააღო, _ კაპიტანო…
_ უნდილაძე, ედიშერ, ედი, _ ისევ ღიმილად ვიქეცი.
_ მე ნატა მქვია. სასიამოვნოა, კაპიტანო ედი.
უზარმაზარი ფანჯრიდან გადმოღვრილი მზის სხივები ოთახს კაშკაშა შუქით ავსებდა. შედარებით ბნელი დერეფნის შემდეგ მკვეთრმა სინათლემ თვალი მომჭრა და იძულებული გამხადა, წამწამები ინტენსიურად მეხამხამებინა, რადგან მეგონა, დავბრმავდებოდი. შუა ოთახამდე მისული ნატა თავაზიანი ღიმილით მომიბრუნდა. მისი აბრეშუმის კოფთა წითელი და ლურჯი აბსტრაქტული ნახატებით იყო აჭრელებული, ხოლო ლურჯი შარვალი ისე აკვდებოდა სხეულზე, თითქოს სპეცშეკვეთით იყო შეკერილი. ქალი მხრებგაშლილი იდგა, რაც განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს მისი მკერდის სისავსეს. ხელები მშვიდად ედო სუსტ, ბიჭურ თეძოებზე და ისევ ისეთი ნაცნობი განცდა დამეუფლა, როგორიც მაშინ, როცა მის ტილოს ვათვალიერებდი…
_ და რაზე გინდოდათ ჩემთან საუბარი, კაპიტანო? _ მიამიტი ღიმილით მკითხა.
_ ალბათ არც ისე თავაზიანი იქნება ეს ჩემი მხრიდან, _ შემოვლით დავიწყე, _ მაგრამ ის, რაც უნდა გითხრათ, ტყუილების თქმისგან გიხსნით. წუხელ ღამით გაბრო გოთუა მოკლეს. მკვლელმა გვამზე ოთხი პორტრეტი დატოვა, _ ამ სიტყვებით ფოტოები ჯიბიდან ამოვიღე და გავუწოდე, რის შემდეგაც მთელი მისი ელეგანტური ქცევა სადღაც გაქრა. ამწუთას ჩემ წინ, უბრალოდ, შეშინებული ქალი იდგა. იგი უძლურად ჩაეშვა უახლოეს სავარძელში და ხვეწნით სავსე თაფლისფერი თვალებით შემომხედა.
_ რა ვუთხრა ლადოს? _ დაიჩურჩულა დაბნეულმა და უცებ მის ხმაში პანიკურმა ტონმა გაიჟღერა:
_ თუ მას სიმართლეს ვეტყვი, ყველაფერი დამთავრდება!
ჰმ, ეს მისი პრობლემა იყო და არა ჩემი.
_ დანარჩენ ქალებს იცნობთ? _ ვკითხე მშვიდად.
_ მხოლოდ ელიზას. ის ჩემი მეუღლის სარეკლამო სააგენტოში მუშაობს.
_ “ლევანი, ლადო და დონ კიხოტი”, _ შევეშველე, _ ანუ ეს ის ლადოა?
მან თავი დამიქნია:
_ გაბროს პირველად ელიზას ბინაში გამართულ წვეულებაზე შევხვდი. მე და ჩემი ქმარი ორივე დაპატიჟებული ვიყავით. მაგრამ ბოლო მომენტში ლადომ ვერ შეძლო წამოსვლა გადაუდებელი საქმეების გამო.
_ ნაძლევს ჩამოვალ, რომ გოთუამ თქვენს შესაბმელად მაშინვე გამოიყენა მთელი თავისი ხიბლი, არა? _ ნატას მოვლენების შემდგომი მიმდინარეობა შევთავაზე.
_ ალბათ პირველად არ გესმით მსგავსი ისტორია, კაპიტანო, _ ქალმა სწრაფად გადახედა ფოტოებს და უკან დამიბრუნა, _ მხატვარი კაცების ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი საარსებო წყარო შიშველი ქალების ხატვაა!
_ ალბათ ამიტომაც მოკლეს ის წუხელ, _ შევნიშნე, _ თქვენ კი ეს პორტრეტი მისი აგენტისგან იყიდეთ, ლერი დიდიძისგან. დაგაშანტაჟეს და გადაიხადეთ. ასეა?
_ ეს რომ არ გამეკეთებინა, ის ლადოს აჩვენებდა ამ სურათს! _ ტუჩები მოკუმა ნატამ, _ გაბრო გაიძვერა იყო, ნაძირალა! მან მაიძულა, ოთხი ათასი დოლარი გადამეხადა ამ საზიზღარ სურათში. სხვანაირად თავს ვერასოდეს გავიმართლებდი!
_ მაგრამ მან მაინც არ მოგცათ ტილო და არც გაანადგურა, _ ცნობისმოყვარედ ვკითხე, _ თუნდაც ამხელა ფულის გადახდის შემდეგ?
_ ამით თავი დაიზღვია, რომ მაგ ნაბიჭვარს უსიამოვნებას არ შევამთხვევდი. დიდი ფსიქოლოგი იყო იმ საქმეებში, რაც ქალებს ეხება. მას არ უცდია ჩემი გაფცქვნა, მხოლოდ ის თანხა მომთხოვა, რის გადახდასაც შევძლებდი. იცოდა, როგორი გადამხდელიც ვიყავი. ამით ყველაფერი დასრულდა, მაგრამ პორტრეტი დაიტოვა! მისთვის სულერთი იყო, მე რას განვიცდიდი. ყველაზე ამაზრზენი მეთოდით დამცირებული და მოტყუებული დავრჩი. მან იცოდა, რომ მე ვერაფერს გავაკეთებდი.
_ თქვენ იყიდეთ ნახატი თხუთმეტ ივნისს, დაახლოებით სამი თვის წინ, _ დავაზუსტე, _ ამ დროს დასრულდა თქვენი ურთიერთობა გოთუასთან?
_ რა თქმა უნდა! _ ენერგიულად წამოიძახა მან.
_ წუხელ სად იყავით?
_ სად ვიქნებოდი? აქ, სახლში. კეთილსინდისიერი ცოლის კლასიკურ როლს ვთამაშობდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ამაზრზენი სატელევიზიო ყუთის წინ ვიჯექი და ცოტ-ცოტას ვწრუპავდი. ბოლოს გაჭირვებით მივაღწიე საწოლამდე, ისე დავთვერი.
_ მეუღლე შინ იყო?
_ როგორც ყოველთვის, ოფისში რაღაც მოხდა! ღმერთმა იცის, როდის მოვიდა. როგორც კი საწოლზე მივეგდე, მაშინვე დამეძინა.
_ კარგი, გმადლობთ თანამშრომლობისთვის, ქალბატონო ნატა, _ თავაზიანად წარმოვთქვი.
ქალი სკამიდან წამოდგა და ხელები მექანიკურად ჩამოაყოლა თავის თეძოებს.
_ მითხარით, ეს ამბავი გასაჯაროვდება, კაპიტანო? ჩემი ფოტო დანარჩენ სამთან ერთად გამოჩნდება პრესაში? _ ხმა აუკანკალდა, _ საზოგადოებას უყვარს ასეთი საჭორაო საკითხავი: “დიდი მხატვარი-საყვარელი და საიდუმლო ადგილი, სადაც შიშველი ქალები მხიარულად პოზირებენ მისთვის”…
გავუღიმე:
_ თქვენი განცხადებების ტექსტი იმაზე მეტყველებს, ქალბატონო ნატა, რომ თავადაც მოგწონთ ასეთი სათაურები! სურვილი ხომ არ გაქვთ, წინ გაუსწროთ მოვლენებს? დაწერეთ გულისამაჩუყებელი ისტორია გოთუასთან თქვენი რომანის შესახებ. დარწმუნებული ვარ, კომფორტულად იცხოვრებდით ასეთი სკანდალური სტატიით მიღებული შემოსავლით!
_ მე სერიოზულად გეკითხებით, კაპიტანო! _ გაბრაზებულმა ააციმციმა თვალები, _ მიპასუხეთ, თუ შეიძლება!
_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, _ ვაღიარე, _ თუ ეს ყველაფერი რაღაცნაირად უკავშირდება მკვლელობის მოტივს, მაშინ სასამართლოში, რა თქმა უნდა, ყველა დეტალი გაირკვევა. მანამდე, ჩემი გადმოსახედიდან, თქვენი თავგადასავლების ხსენების საფუძველი არ არსებობს. ვფიქრობ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად კარგად შეძლებთ თქვენ და სხვა ქალბატონები საკუთარი პირის ღრუს დახურვას.
_ იმედი მაქვს, რომ მათ საკმაო მიზეზები აქვთ გასაჩუმებლად, _ თქვა ნატამ ვნებიანად, _ ყოველ შემთხვევაში, ელიზას მაინც! თუმცა ეს სულაც არ წყვეტს ჩემს პრობლემას _ რა ვუთხრა ლადოს.
საკმარისად მქონდა საკუთარი პრობლემები, მისი წუწუნი არ მადარდებდა, ამიტომ დავემშვიდობე და წამოვედი. ის იყო მანქანის კარი გავაღე, რომ შიგნით ვიღაც დამხვდა.
_ იარეთ პირდაპირ, მერე მარცხნივ ჩაუხვიეთ და შემდეგ ქუჩაზე გაჩერდით, _ ხმადაბლა, დახშული ხმით მითხრა ლადომ.
შემდეგი ქუჩაც ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც დელისის. არავითარი განსხვავება! მანქანა რომელიღაც სახლის წინ გავაჩერე, რომელიც კოტეჯს ჰგავდა. ლადომ ადგილი მოინაცვლა და ცივი მზერა მომაპყრო.
_ ჩუმად გისმენდით და ყველაფერი გავიგე, რაც ჩემთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა! _ კბილებში გამოცრა.
_ და მერე რა? _ მივხვდი, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ განცხადებას, ამიტომ დავიღრინე.
_ ის, რომ ამის შესახებ მიყურადებით ვითომ არ გამიგია. გაიგეთ ეს, კაპიტანო! _ ისევ ოფიციალურ მიმართვაზე გადავიდა ლადო, _ სახლში რომ დავბრუნდები, მოვუყვები ნატას თქვენთან საუბრის შესახებ. ვეტყვი, რომ თქვენ შემატყობინეთ გოთუას მკვლელობის ამბავი. იმასაც დავამატებ, მასთან შეხვედრა რატომ გსურდათ. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ახვარი მხატვრის ბოლო ნახატების მყიდველების შემოწმება გინდოდათ, რათა დაგედგინათ, იცნობდნენ თუ არა ეს ქალები მას პირადად. ბუნებრივია, ნატამ გითხრათ, რომ მას პირადად არასდროს შეხვედრია. სულ ეს არის!
_ თქვენ გგონიათ, დაიჯერებს? _ ფრთხილად ვკითხე.
_ შენ რა, ჭკუასუსტი ხარ? _ მოულოდნელად აყვირდა, _ დარწმუნებული იყავი, დაიჯერებს! _ ლადომ სიგარეტი მკვეთრი მოძრაობით გაიჩარა ტუჩებშუა და ოქროსფერი სანთებელათი მოუკიდა, _ როგორც ქმარი, მე არაფრად ვვარგივარ, და მე ეს ვიცი. სამსახურს მთელი ჩემი დრო და ენერგია მიაქვს, ნატა კი ასეთ მდგომარეობას ვერ ეგუება. ჩემს ხელში მისი ცხოვრება მოსაწყენი გახდა. ამიტომაც ადვილად დაახვია თავბრუ იმ პროფესიონალმა მექალთანემ. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მან დააშანტაჟა ჩემი ცოლი და აიძულა, თავისი ნაჯღაბნი ეყიდა. იცი რატომ არ წამოიღო ნატამ ის ნახატი? მე რომ არ მენახა, იმიტომ, ჩემი შეეშინდა. ამ დროს სულაც არ ვადანაშაულებ მას ყველაფერ იმის შემდეგ, რაც ჩემს ხელში გამოიარა. იმ კაცთან ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაასრულა, ამიტომ ჩემთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თავი მოვაჩვენო, ვითომ არაფერი ვიცი!
_ გაოცებული ვარ, _ გაწელილად წარმოვთქვი, _ წარმოიდგინეთ, მეგონა, ამპარტავანი, უხეში ადამიანი იყავით, ასეთ დიდსულოვნებას ნამდვილად არ მოველოდი.
_ ხანდახან მე თვითონაც მიკვირს ჩემი თავის, _ ზომიერად გაიღიმა ლადომ, _ ახლა ნება მომეცით, ის ფოტოები დავათვალიერო.
_ პორნოფოტოების თვალიერება მოგწონთ? _ პირქუშად ვკითხე.
_ არ მეგონა, თუ პოლიციელი ასეთი სულელი იქნებოდა, _ ჩაიღიმა, _ უბრალოდ, დახმარებას გთავაზობ, შეიძლება ვინმე ამოვიცნო.
_ არამარტო დიდსულოვანი, ერთობ საყვარელიც ყოფილხართ! _ ცინიკურად ჩავიცინე, ფოტოები ჯიბიდან ამოვიღე და მივაწოდე.
სანამ ის გულდასმით სწავლობდა თავისი ცოლის ფოტოს, სახეზე შეუვალი გამომეტყველება არ შესცვლია. მერე ერთი ფოტო მომაწოდა.
_ ეს ელიზა ზამბახიძეა! ნატამ უკვე გითხრა მის შესახებ, _ თქვა და სწრაფად მომაწოდა კიდევ ერთი, გრძელთმიანი ქერა ქალის სურათი, რომელსაც სახე არ უჩანდა. ლადო გახარებული უსტვენდა და თვალებში სურვილის ნაპერწკალი ენთო.
_ იცნობ მას? _ ვკითხე.
_ არა, _ ხმადაბლა მომიგო, _ მაგრამ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, გამეცნო. მომწონს ასეთი აშხვართული პატარა ძუკნები, ყველაფერი თავის ადგილას რომ აქვთ! შეგიძლიათ დამეხმაროთ, კაპიტანო, და ამ ქალბატონის ერთი ფოტო მობილურზე გადმომიგზავნოთ?
_ არა, _ ლამის წამოვხტი.
_ დაიკიდე. სერიოზულად არ მითქვამს, _ აიჩეჩა თავისი მასიური მხრები და უცებ თვალები გაუფართოვდა, როცა მომდევნო სურათს დახედა, _ ღმერთო ჩემო, ეს ხომ აველინა ნემსაძეა! _ და ხმაურით ამოისუნთქა, _ ნატა, ელიზა და აველინა! ოდესმე გქონიათ შეგრძნება, თითქოს ნაღმზე დაგედგათ ფეხი, კაპიტანო?
_ რა იყო, ასეთი შეგრძნება გაქვთ?
_ ყველაფრის ახსნა მომიწევს, _ ლადომ გაღიზიანებით მოისრისა ნიკაპი, _ მაგრამ თუ ეს ფოტოები ოდესმე პრესაში მოხვდება, მთელი სააგენტო დაიშლება!
_ ჰოდა, ამიხსენით, _ ნიშნის მოგებით მივაწოდე იდეა, _ მე კი მოგისმენთ. პოლიციელი თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს სხვის მოსმენაში ატარებს. ამიტომ თქვენს განკარგულებაში ვარ, _ მთელი ტანით შევტრიალდი მისკენ და სმენად ვიქეცი.
ლადო შეიშმუშნა, მერე მოხერხებულად მიაწვა სავარძლის საზურგეს, ფეხები გაჩაჩხა და მოყოლა დაიწყო:
_ რამდენიმე წლის წინ სხვა სააგენტოში ვმუშაობდი, თუ გაგიგიათ ლევან ლეკიშვილი, ის გახლდათ დირექტორი. კაცი იდეების გენერატორი იყო, ყველა ჩანაფიქრს ფრთებს ასხამდა, მე კი ადმინისტრაციულ სამუშაოს ვასრულებდი. ერთად კარგად ვმუშაობდით, მშვენივრად ვეწყობოდით და საქმეც გამოგვდიოდა. ბოლოს ცალკე გასვლა შემომთავაზა, მეც დავთანხმდი. გადავწყვიტეთ პარტნიორები გავმხდარიყავით და ერთობლივი ბიზნესი დაგვეწყო. იმ დროს ის კომპანია, რომელთანაც ახლა ვთანამშრომლობთ, ახალ სააგენტოს ეძებდა თავისი პიარისთვის და მას ჩვენი თავი შევთავაზეთ. ეს დიდი კომპანიაა, საუკეთესოა თავის სფეროში. რა თქმა უნდა, მცირე იმედი გვქონდა, რომ უპირატესობას მაინცდამაინც ჩვენ მოგვანიჭებდნენ, მაგრამ ლევანის გენიალურმა იდეებმა შედეგი გამოიღო. ჩვენ შევძელით მასთან შეთანხმება!
_ ყოველთვის მომწონდა ისტორიები ბედნიერი დასასრულით, _ გამეცინა, _ მაგრამ ამას რა საერთო აქვს ჩემთან?
_ როცა ბოლომდე მომისმენ, გაიგებ! _ ამოიხრიალა მან, _ ჯერ უნდა მოგიყვე, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
_ კარგი, _ დავნებდი, _ მთელი ყურადღებით გისმენ.
_ ვახტანგ ხინთიბიძეა ამ ფირმის ხელმძღვანელი, მას სარემონტო ხელსაწყოების ქარხანა აქვს ქალაქგარეთ, გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმის წარმომადგენელია საქართველოში და პროდუქციასაც გერმანული ლოგოთი უშვებს. ჩვენ მასთან შეთანხმება ერთი პირობით დავდეთ, რომ ჩვენს სააგენტოს თბილისში ექნებოდა ოფისი და არა ქარხანასთან ახლოს, სადღაც გადაკარგულში. ამაზე დიდი სიამოვნებით წამოვიდა. ორი წელი გავიდა, რაც აქ დავფუძნდით და ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე კარგი კონტრაქტიც გავაფორმეთ. ისეთი რეკლამები გავუკეთეთ, კაცი ჭკუაზე არ იყო. მიუხედავად ამისა, მის გარეშე ხვალ ქუჩაში აღმოვჩნდებით, _ ლადომ მომაკვდინებელი მზერა მომაპყრო და თითით მანიშნა, ხელი არ შემეშალა.
_ ნება მომეცი რაღაც გითხრა ხინთიბიძეზე!.. ცოლი ოცი წლის წინ გარდაეცვალა, შვილი არ ჰყავდათ. ამ კაცისთვის კომპანია მისი ოჯახია და თავს ჩვენს მამად მიიჩნევს! ფანატიკოსი პურიტანია, რომელსაც სჯერა, რომ ცოლ-ქმარს შორის სექსი მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როცა მათ შვილის გაჩენა სურთ. სამზე მეტი შვილი ვისაც ჰყავს, ყველა გარყვნილი ჰგონია და ასეც მოიხსენიებს, ხოლო თუ მის თანამშრომლებში ასეთი გამოერია, აუცილებლად იპოვის საბაბს მის გასათავისუფლებლად. ახლა გასაგებია, რისი თქმა მინდა?
_ არა, არ არის გასაგები.
_ აუ, შენ ვინ ყოფილხარ! რა გინდოდა პოლიციაში ასეთ მიუხვედრელს? აველინა ნემსაძე მყავს მხედველობაში. ის ჰამლეტ ნემსაძის ცოლია, ჰამლეტი კი ხინთიბიძის ფავორიტია, მისი მარჯვენა ხელი! _ ლადომ მკლავში ჩამაჭირა თითები, _ ახლა გესმის, რას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, ნაღმზე ვსხედვართ-მეთქი? ოთხი ქალიდან სამს, ვინც გოთუასთან პოზირებდა, პირდაპირი კავშირი აქვს ვახტანგის კომპანიასთან. მის ყურამდე ჭორის დონეზეც რომ მიაღწიოს ამ ამბავმა, ჩათვალე, რომ ყველას დარხეული გვაქვს.
_ ეს უკვე საინტერესოა, _ ვთქვი და წამში გავაანალიზე, რაც მოვისმინე.
_ პირადად ეს ამბავი ჩემთვის გამანადგურებელია, ჩემს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს! _ უცნაურად დაეჯღანა სახე ლადოს, _ იცი, ყველაზე უფრო რა მაგიჟებს ახლა? როგორ ჯდება ეს პატარა ქერა ქალი ამ დიდ საერთო სურათში? ღმერთმა ნუ ქნას, მაგ გოთუას მასთან ჩვენს ქალებზე რამე ჰქონდეს ნათქვამი! თუ ასეა, მაშინ მშვიდობით, “ლევან, ლადო და დონ კიხოტ”!
_ შესანიშნავი სამეული! ანუ ეს ლევანი ის ლევანია?
_ კი ბატონო!
– აჰა… ლადოც გასაგებია, მაგრამ ეს დონ კიხოტი ვიღაა?
_ ეს, უბრალოდ, ხუმრობაა. როდესაც ჩვენი სააგენტო შევქმენით, ლევანმა გადაწყვიტა, რომ ორი ერთგვაროვანი სახელი არ იქნებოდა სახელწოდებაში შთამბეჭდავი. ამიტომ მესამე პარტნიორი გამოვაჩინეთ. დონ კიხოტი, რაც საკმარისი იყო ინტერესის გასაღვივებლად.
_ როგორი სასაცილოა, _ სიამოვნების გარეშე ჩავიფხუკუნე.
_ მართალი ხარ, _ აღიარა მან, _ იმ საღამოს ალბათ საკმაოდ მთვრალი ვიყავი, როცა ლევანს ამაზე დავთანხმდი.
_ ისე, რაც შეეხება საღამოს, რახან ახსენე, _ აგდებულად შევნიშნე, _ წუხელ სად იყავით?
_ ოფისში, გვიანობამდე ვმუშაობდი.
_ მარტო?
_ რვის მერე მარტო ვრჩები ხოლმე. სახლში დაახლოებით ღამის პირველ საათზე მივედი, _ თქვა და უცებ გაუნათდა გონება, _ მოიცა! შენ რა, ჩემზე გაქვს ეჭვი? გგონია, მე მოვკალი ის ნაბიჭვარი?
_ რატომაც არა? _ მშვიდად მივუგე, _ ეჭვიანი ქმარი, რომელიც ამწუთას მხოლოდ იმას ცდილობს, თავი ფრთიან ანგელოზად მომაჩვენოს, _ ძალზე ხისტად გავაჟღერე ჩემი ვერსია, _ კაცი, რომელმაც დიდი ხანია იცოდა მეუღლის გოთუასთან ურთიერთობის შესახებ, მაგრამ თითიც არ გაუნძრევია, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ცოლი დღეს თუ ხვალ მაინც უღალატებდა. თუ გაბროსთან არა, სხვა ნებისმიერ ვინმესთან. ეს გარდაუვალი იყო, რადგან თვითონაც უსარგებლო ქმარი აღმოჩნდა, ვერ გაუმართლა მეუღლეს იმედები.
_ არ მეგონა, მთლად ასეთი გიჟი თუ იქნებოდი, კაპიტანო, _ ნელა წარმოთქვა ლადომ, _ საბოლოოდ დავრწმუნდი, რა გულისამრევია ძაღლობასთან საქმის დაჭერა!
_ უღრმესი მადლობა, ბატონო ჩემო! აჯობებს, სახლში წავიდე, თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ.
ლადო მანქანიდან გადავიდა და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა ტროტუარს. მე სიგარეტს მოვუკიდე და მანამდე გავაყოლე თვალი, სანამ ქუჩის კუთხეში არ შეუხვია.
გაგრძელება იქნება