ქეთი ვადაჭკორიასთვის ვერავინ და ვერაფერმა ამოავსო ის სიცარიელე, რომელიც ქმრის, მომღერალ ზურა დოიჯაშვილის, დოიჯას, გარდაცვალების შემდეგ დარჩა.
ახლა ყოველი დღე მოგონებებითაა სავსე, როცა გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავდა. თუმცა არის დიდი ნუგეში და სიხარული მის ცხოვრებაში _ შვილები და შვილიშვილები, რომელთაგან ერთი, ნაბოლარა დუდა, საოცრად ჰგავს ბაბუას.
- 1979 წელს ბორჯომში გავიცანით ერთმანეთი. იმ წელს ბორჯომში, სანატორიუმში ვისვენებდი, მეცხრე კლასის მოსწავლე ვიყავი, ზურას კი სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა… სანატორიუმში მოდიოდა ყოველ დილით და მიმღეროდა სიმღერას „მე გაზაფხულივით მოგეპარე“. მას შემდეგ დაიწყო ჩვენი მეგობრობა…
რაც უნდა დამნაშავე ვყოფილიყავი, შერიგებისკენ მაინც ზურა დგამდა პირველ ნაბიჯს. ერთმანეთისთვის არასოდეს არაფერი დაგვიმალავს. ცოლქმრობასთან ერთად, ვიყავით ძალიან კარგი მეგობრები, ძმაკაცები…
ქეთი ვადაჭკორია მეუღლის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს.

ზურაბ დოიჯაშვილის ოჯახი და კარიერა
ზურაბ დოიჯაშვილი დაიბადა 1963 წლის 17 აგვისტოს თბილისში, პედაგოგი დედისა და მშენებელი მამის ოჯახში. პროფესიით თავადაც მშენებელი იყო.
მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიმღერით „სად არ ვიყავი, სად არა“. დიდი პოპულარობა მოუტანა ზურაბ მანაგაძის სიმღერამ „მელიქიშვილის გამზირი“. გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ, აგრეთვე მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, შესრულებული აქვს როლი ქართულ ტელესერიალში „ცხელი ძაღლი“.
2012-2015 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 2018 წელს ფინანსური პრობლემების გამო დოიჯაშვილი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ისრაელში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში მას ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მომღერალი თვეების განმავლობაში თელ-ავივის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
გარდაიცვალა 2021 წლის 14 თებერვალს თელ-ავივში, ისრაელში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. 22 თებერვალს თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. იყო ისრაელის მოქალაქე.
დარჩა მეუღლე - ქეთი ვადაჭკორია და სამი შვილი.
2020 წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
2021 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ დოიჯაშვილის სახელი ეწოდა.