პოეტი და ექიმი ნატა ღეჩუაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში გახდა. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებში, მისი შემოქმედებით კი ცნობილი კომპოზიტორები ინტერესდებოდნენ. თავად ამბობდა, რომ "ლექსებს ამღერებდა" - საკუთარ ლექსებზე სიმღერებს თავადაც ქმნიდა.
ვინ არის ნატა ღეჩუაშვილი
ექიმი, კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი ნატა ღეჩუაშვილი 1970 წელს თიანეთში დაიბადა. სტუდენტობის წლებში გახდა პოპულარული, როგორც პოეტი და კომპოზიტორი. ასრულებს საკუთარ ლექსებზე დაწერილ სიმღერებს. გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული, მათ შორის, "ფოთლის აღსარება". მის ლექსზე "ფოთოლი" გოგი ცაბაძემ დაწერა შესანიშნავი სიმღერა.
ნატა ღეჩუაშვილი პროფესიით ექიმია, რადიოლოგი. ცხოვრების გარკვეული წლები მან ამ სფეროში განვითარებას დაუთმო და ხელოვნებას შედარებით ჩამოშორდა, თუმცა მოგვიანებით საყვარელ საქმიანობას კვლავ დაუბრუნდა და რამდენიმე პოეტური კრებულიც გამოსცა, მათ შორის, "ვაგროვებ ფერებს" და "ნეტავ, ისევ ვიყო პატარა".

ნატა ღეჩუაშვილს ჰყავს ორი შვილი, გვანცა და ვანო. გვანცა დარასელიას საზოგადოება უკვე კარგად იცნობს, ვანო კი, დედის მსგავსად, ხელოვნების სფეროში საქმიანობს და პროფესიონალი მუსიკოსია.

ნატო ღეჩუაშვილმა ორჯერ იქორწინა. მისი პირველი ქორწინება რამდენიმე წელში დასრულდა:
„…შევქმენი ოჯახი და ორი არაჩვეულებრივი შვილი შემეძინა. ის სიყვარულიც დამთავრდა გარკვეული წლების შემდეგ. ჩემი ყველაზე დიდი და მაგარი სიყვარული კი 10 წელი გრძელდებოდა…".
მეორე ქორწინება ნატო ღეჩუაშვილისთვის ბედნიერი აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ მისი მეუღლე გარდაიცვალა: "გარდაიცვალა ლადო გოგოლაძე… ჩემი დედიკოს მეუღლე. ჩემი დედიკოს ზურგი, იმედი და ადამიანი, ვის გამოც ბედნიერს ვხედავდი დედაჩემს... უსაზღვროდ კეთილშობილი და მზრუნველი ადამიანი", - წერდა მაშინ გვანცა დარასელია.
"მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტრავმა მივიღე ცხოვრებაში, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან არაჩვეულებრივი შვილები მყავს. დამაჯილდოვა ღმერთმა ამით. მქონდა ორი ძალიან დიდი სიყვარული. ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სიყვარული ისევ ჩემთან არის და ის არსად წავა…“
