ცოტა ხნის წინ მსახიობი ანა ტყებუჩავა ნიკა კალანდაძის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც დედობის, შვილის აღზრდისა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შესახებ ისაუბრა.
წამყვანი: „ვარ მარტოხელა დედა, მყავს 10 შვილი, ბავშვებს ახალ ტანსაცმელს ვერ ვყიდულობ, ვერ ვაძლევ ფულს, რომ ნაყინი იყიდონ, ვერც სათამაშოებს ვყიდულობ და ექსკურსიაზეც ვერ ვუშვებ, მაგრამ გმირი დედა ვარ".
"თუ შვილებს ვერ არჩენ, მაშინ რაღას აჩენ?!" - აი, ამის მომხრე ადამიანებისთვის არის რეალურად ეს თეზისი - რას ფიქრობ შენ ამაზე?
ანა ტყებუჩავა: შეიძლება, ზოგი აჩენს იმისთვის, რომ 10 შვილი ჰყავდეს და სხვა მიზნები აქვს. შვილის ყოლა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როგორ მოქალაქეს და როგორ წევრს შემატებ საზოგადოებას, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს განსაზღვრავს, როგორ ერად ვყალიბდებით. 10-ჯერ რომ ქალი ბავშვს გააჩენს, ეს არის უდიდესი გმირობა, სულ რომ ასი კაცი ეხმარებოდეს დედას შვილების აღზრდაში. ის მაინც 90 პროცენტით იხარჯება შვილებთან ურთიერთობისას. ეს არის 24-საათიანი ფიქრი და რომ არ ხარ, მაინც იქ ხარ, იმ მენეჯმენტში.

ანა ტყებუჩავა 1983 წლის 30 სექტემბერს დაიბადა. მსახიობი ტელეეკრანებზე პირველად სერიალ „შუა ქალაქში" ირაკლი ექიმის სტუდენტის როლში გამოჩნდა. თუმცა, საზოგადოების აღიარება და სახელი მაინც რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების" მთავარმა გმირმა ნინამ მოუტანა.
"ეს როლი მაშინ მომცეს, როცა 22 წლის ვიყავი. თან ბავშვი შემეძინა და ეს წლები ბევრ ემოციას უკავშირდება. გარდა იმისა, რომ გავხდი პოპულარული, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. გამიმართლა იმაშიც, რომ ამ ჯგუფში მოვხვდი. ამასთანავე, ძალიან შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება - პოპულარობა და სიყვარული მოვიდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებლად გაგრძელდება სერიალი და უფრო მნიშვნელოვანი პროექტებიც უნდა იყოს, მეტი და უკეთესი შესაძლებლობების გამოსახატად.
ჩვენი სერიალი არის აბსოლუტურად ქართული, ქართულ სინამდვილეს ასახავს. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. "ჩცდ"-ს ყველანი "პირველ შვილს“ ვეძახით და მისი წარმატება სიყვარულია, რაც ამ ყველაფრის დიდი გამართლებაა. კი, ჩემი როლიც მთავარია. ჩემს გმირს, რა თქმა უნდა, თანავუგრძნობ, ბევრ რაღაცაშიც არ ვეთანხმები, მაგრამ ლოგიკურად მესმის მისი..." - ამბობდა ანა.

ანას თქმით, მეუღლე, რეჟისორი ლევან ბარამიძე მის ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ორი ახლო მეგობარი დაკარგა და მძიმე პერიოდი ჰქონდა.
„ჩვენ ოჯახში ძალიან ხმაურიანი ხალხი ვცხოვრობთ, დედა გურულია და მამა - მეგრელი. მეც ასეთი ვარ, მაგრამ ლევანი ძალიან წყნარია, არავის აწუხებს ისე აკეთებს ყველაფერს. ამიტომ მისი გამოჩენა ჩემთვის დიდი სიმშვიდის მომტანი იყო, ისე მივეკარი, თავად, მგონი, არც გეგმავდა სერიოზულ ურთიერთობას. არ მომწონს, ძალიან მოლაპარაკე და აქტიური მამაკაცები. დინჯი, სიტყვაძუნწი კაცები უფრო მომწონს და ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა.
ლევანი რომ გავიცანი, იმ პერიოდში ორი მეგობარი გარდამეცვალა. რთული პერიოდი იყო, ავარიით დაიღუპნენ. ამბობენ, დრო მკურნალიაო, მაგრამ იცით, როგორი წამები მქონდა, როგორც კი თვალს ვახელდი, მახსოვდა, რომ ისინი აღარ იყვნენ და არ ვიცოდი, როგორ შეიძლება გამეგრძელებინა ცხოვრება. ეს ჩემი მშობლებისთვისაც ძალიან მძიმე დარტყმა იყო“, - ამბობდა ანა.
წყვილს ორი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. როგორც სოციალური ქსელებით ირკვევა, ანა და მისი მეუღლე ლევანი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ.