"წლების წინ გავყინე კვერცხუჯრედი, მაშინ არ მიფიქრია, როდის რა იქნებოდა" - თამუნა ამონაშვილი სუროგაციისა და ნანატრი შვილების შესახებ - Marao

"წლების წინ გავყინე კვერცხუჯრედი, მაშინ არ მიფიქრია, როდის რა იქნებოდა" - თამუნა ამონაშვილი სუროგაციისა და ნანატრი შვილების შესახებ

2026-02-05 17:21:42+04:00

გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" თამუნა ამონაშვილმა დედობის სიხარულზე, შვილებსა და იმ გზაზე ისაუბრა, რომელიც მან ამ დიდ ბედნიერებამდე გაიარა. 

"ყოველთვის მინდოდა შვილი და, ამომდინარე ჩემი პროფესიიდან, ვერ ვახერხებდი, ძალიან დაკავებული ვიყავი.

ჯანმრთელობის პრობლემებიც იყო, თუმცა სერიოზული არაფერი, მაგრამ მაინც არ შემეძლო იმ პერიოდში შვილის გაჩენა. 

მერე პროფესიულად იმდენად დაკავებული ვიყავი, კიდევ დიდ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული ეს, ყველაფერი ერთად იყო და მაშინ ვფიქრობდი, რომ მე ამას ვერ შევძლებდი, ორივე ბავშვისთვის ნამდვილი დედობა გამეწია. ახლა ჩვენ ძიძაც არ გვყავს, მე და ჩემი მეუღლე ვზრდით, ყველა წვრილმანს ჩვენ ვაკეთებთ. ეს არის უდიდესი სიამოვნება და, პირველ რიგში, სურვილი იმისა, რომ ჩემი შვილების ყველა ენერგია ზუსტად შევიგრძნო.

  • "ვის ჰგვანან ტყუპები? - თამუნა ამონაშვილი შვილების ფოტოებს პირველად აქვეყნებს

როცა აქტიური კარიერა მქონდა, საზღვარგარეთ ვიყავი, ჩემი მეგობრების დახმარებით, გავყინე კვერცხუჯრედი. მაშინ არ მიფიქრია, როდის რა იქნებოდა, უბრალოდ ეს გავაკეთე ჩემი მეგობრების, ჩემი მეუღლის დაძალებით. ვიცოდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, იმიტომ, რომ ხვალ რა იქნებოდა, არ ვიცოდი.

მადლობა უფალს და მთელ სამყაროს, რომ მე ეს შევძელი და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდზე მედგნენ მე ეს გადაწყვეტილება მიმაღებინეს. გარკვეული დროის შემდეგ, როცა საქართველოში მომინდა ამ ყველაფრის რეალიზაცია, გავიცანი ქალბატონი ნინო და მან გადამაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა. მაინც დაძაბული ვიყავი, მეშინოდა და საბოლოოდ ეს სასწაული მოხდა.

tamuna

თამუნა ამონაშვილის განვლილი გზა

თამუნა ამონაშვილმა პირველი ნაბიჯები მუსიკაში 5 წლისამ გადადგა, როცა ის მასწავლებელთან მიიყვანეს. 

დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა ვიოლინოს სპეციალობით. იგი კონსერვატორიაში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, ვიოლინოს სპეციალისტი იყო და მომღერლობაზე არც კი ფიქრობდა. კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე გასვლის წინ უცებ დაფიქრდა, რომ მთელი ცხოვრება ვიოლინოთი სიარული, ორკესტრთან ერთად ჯდომა და დღე და ღამე მეცადინეობა მოუწევდა. თამუნა არ გავიდა გამოცდაზე, სახლში კი მოიტყუა - ვითომ ჩაიჭრა.

იმავე წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე. ჯგუფში საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და 1987 წელს თეატრალური ინსტიტუტიც შესაბამისად წარჩინებით დაამთავრა. მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება.

  • "საჩხერეში მე და ბავშვები გადმოვედით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი" - ერთ დროს პოპულარული მსახიობის, სალიტა ჩუბინიძის ცხოვრება დღეს

მომავალი მეუღლე, რამდენიმე წლით უმცროსი რეჟისორი რეზიკო არჩვაძე, ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს გაიცნო.

"ლალი ტოტიკაშვილის მეგობარი იყო რეზიკო და მან გამაცნო. მერე დავმეგობრდით, ერთად მივდიოდით, მოვდიოდით. თურმე შევყვარებივარ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ორი წელი არაფრის აზრზე არ ვიყავი. ლალიმ იცოდა და არ მეუბნებოდა. ამერიკაში მივდიოდი გასტროლებზე და წასვლისას მითხრა. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გავგიჟდი. ცუდი პერიოდი, დეპრესიული სიტუაცია მქონდა და თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. ვფიქრობდი, საქმეში გადამეტანა ეს ყველაფერი და რაღაც გამეკეთებინა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დამანახა დამოკიდებულებებში. ვიფიქრე, დავაფასე მისი ეს დამოკიდებულება და გადავწყვიტე, გავყოლოდი. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს. მან ყველაფერი იცის, ქალაქი იცის ფანტასტიკურად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მე და რეზიკო 14 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინებიდან 3 წელი არის ადაპტაციის პერიოდი. ერთად ბევრი ეტაპი გავიარეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. ყველას გვაქვს მინუსი და პლუსი, მაგრამ, რაც წლები გადის, ცოლქმრობაში მინუსები აღარ არის მნიშვნელოვანი, აღარ აქცევ ყურადღებას.

  • "ვცდილობ ლამაზად გამოვიყურებოდე და ახალგაზრდულად დავბერდე" - თამუნა ამონაშვილის 18-წლიანი ქორწინება და სილამაზის ფორმულა

გული მწყდება, რომ არ მყავს შვილი. როდესაც პატარა ვიყავი, მქონდა, ასე ვთქვათ, ეს ახირებები, რომ ჩემს კარიერას არ შევწირავ. ცოტა დროულად რომ გავთხოვილიყავი, ალბათ, მექნებოდა ის დიდი ბედნიერება ცხოვრებაში, რაც ყველა ადამიანს აბედნიერებს… სიამოვნებით ავიყვანდი ბავშვს, გავზრდიდი ერთსაც, ორსაც. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენი დრო გავიდა, რომ რამდენიმე წელია, მზად ვარ, მეც და რეზიკოც", - ამბობდა მომღერალი.

თამუნა ამონაშვილი ტყუპების, მელანიასა და იონას დედა გასული წლის სექტემბერში გახდა.