ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკუტეგიას შორის სასამართლო დავა დასრულებულია. მხარეებმა შეთანხმებას ქართველი ჩემპიონის პირობებზე მიაღწიეს, რის შედეგადაც, სამართლებრივი პროცესი ოფიციალურად დაიხურა.
მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ილია თოფურიას აღარ ექნება სამართლებრივი ბარიერები და ის სრულფასოვნად დაუბრუნდება პროფესიული მზადების პროცესს.

ესპანურ მედიაზე, მათ შორის Marca და OKDiario დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიასა და მის ყოფილ მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგის შორის არსებული სასამართლო დავა მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.
ჯორჯინა უზკატეგიმ გააუქმა (გამოიტანა) საჩივარი სასტიკი მოპყრობის (ძალადობის) შესახებ. შეთანხმება მიღწეულ იქნა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელი მოაწერეს კლასგარეშე მორიგებას, რომელმაც წერტილი დაუსვა თვეების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობას.
სასამართლომ მანამდეც (2026 წლის იანვარში) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:
მოსამართლემ უარყო ჯორჯინა უზკატეგის მოთხოვნა ბავშვის აშშ-ში (მაიამიში) საცხოვრებლად გადაყვანაზე. დადგინდა, რომ ბავშვი ვერ დატოვებს ესპანეთს მოსამართლის სპეციალური ნებართვისა და მეურვეობის საბოლოო შეთანხმების გარეშე. ილია თოფურიას მიეცა შვილის ნახვისა და მასთან ურთიერთობის ფართო უფლება.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას განქორწინების ფინანსურ პირობებზეც. ცნობილია, რომ წყვილმა გასაყიდად გამოიტანა მადრიდში მდებარე საერთო სახლი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3 მილიონი ევროა.
სასამართლო დავის დასრულებისთანავე, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ უბრუნდება აქტიურ ვარჯიშს და ემზადება ოქტაგონზე გამოსასვლელად (სავარაუდოდ, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ 2026 წლის შუა პერიოდში).
ესპანური მართლმსაჯულების სისტემის თავისებურების გამო, რადგან საქმეში ფიგურირებდა მცირეწლოვანი შვილი, პროცესის ბევრი დეტალი კონფიდენციალური დარჩა, თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ილიამ „პირველი დიდი სამართლებრივი ბრძოლა“ მოიგო, რადგან ბავშვი ესპანეთში დარჩა და მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები მოიხსნა.
ბოლო პერიოდში ქართული და უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის შესაძლო განშორება მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, სოციალურ ქსელებში ჯორჯინას ხშირი პოსტები და მინიშნებები მედიაში ეჭვებს აჩენს. ამ ყველაფერს დაემატა თოფურიას ბოლო ჩანაწერიც X-ზე, სადაც ის აღნიშნა, რომ პირად ცხოვრებაში რთულ ეტაპს გადის, რის გამოც დროებით აჩერებს UFC-ში გამოსვლებს. სწორედ ამ განცხადებამ გააძლიერა ეჭვები, რომ მებრძოლის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებთან გვაქვს საქმე.
2025 წლის შემოდგომაზე წყვილის გულშემატკივრებმა შენიშნეს, რომ მათი საერთო ფოტოები სოციალური ქსელებიდან გაქრა - ჯორჯინა უზკატეგუი ბადელიმ ილია თოფურიას გამოწერა ინსტაგრამზეც გააუქმა. ეჭვები მათი დაშორების შესახებ ჯორჯინას მიერ გაზიარებულმა პოსტებმაც გაამყარა - ის ხშირად წერდა ძლიერი ქალის, დამოუკიდებლობისა და ურთიერთობების შესახებ.
ილია და მისი ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც უცხოური მედია წერდა, განშორებას თან ახლდა სერიოზული ფინანსური გამოწვევა: ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი, სავარაუდოდ, თოფურიას აქტივების 50%-ს ითხოვს, მაშინ, როდესაც ჩემპიონის ამჟამინდელი ქონება დასავლურ მედიაში რამდენიმე მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონებრივი დავა სერიოზული მასშტაბისაა.
ქონებრივი დავის პარალელურად, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა და ილია თოფურიამ საერთო შვილის მეურვეობის საკითხიც უნდა გადაეწყვიტათ.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით შემეწყვიტა ჩემი ტიტულის დაცვა. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც მსუბუქად მივიღე. თუმცა, როდესაც წარმოიქმნება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენს პირად მთლიანობას, შენს ოჯახსა და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც უნდა იმოქმედო. ბოლო თვეების განმავლობაში, მე გავხდი მძიმე და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის, ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.
ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ყველა შესაბამისი მტკიცებულება ფრთხილად იყო შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიოჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაციები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომასალა. ეს მტკიცებულებები წარედგინა შესაბამის სასამართლო ორგანოებს, რათა აღძრულიყო სამართლებრივი ქმედებები გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, თანხებისა და პირადი ქონების უკანონო მითვისების და მრავალჯერადი მუქარის ბრალდებით.
დუმილის შესახებ ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად მივიღე, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, მივხვდი, რომ ამ ვითარებაში დუმილი სიმართლეს არ იცავს - ის ცრუ ნარატივებს საშუალებას აძლევს, გაბატონდეს.
ბევრ ადამიანს მსგავსი სიტუაცია შეექმნა და სასამართლო სისტემამ არაერთხელ დააზუსტა ფაქტები. დღეს მე არა მხოლოდ ჩემი ოჯახისა და საკუთარი თავისთვის ვდგავარ წინ, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ არავინ უნდა იყოს იძულებული, დაემორჩილოს დაშინებას, მანიპულირებას ან შიშს. მათ, ვინც მიცნობს, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე სახის ძალადობაში და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და პატიოსნებით იყო განპირობებული.
მე სრული ნდობა მაქვს სასამართლო პროცესის მიმართ და საშუალებას მივცემ სასამართლო სისტემას, ფაქტები მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს. ჩემი შვილებისა და მიმდინარე სასამართლო პროცესების პატივისცემის გამო, აღარ გავაკეთებ შემდგომ საჯარო განცხადებებს.
პატივისცემით,
გთხოვთ, თავი აარიდოთ სპეკულაციებს და პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებას ამ მგრძნობიარე დროს. სიმართლეს არ სჭირდება ხმამაღალი არგუმენტები - მას ფაქტები სჭირდება", - დაწერა ილია თოფურიამ საკუთარ გვერდზე.
თუმცა, 7 იანვარს ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკუტეგიას შორის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის მიზეზი ჯორჯინას მოთხოვნა გახდა. მას სურდა, ქალიშვილთან ერთად ესპანეთიდან მაიამიში გადასულიყო, სადაც ილიასთან ქორწინებამდე ცხოვრობდა. თუმცა სასამართლომ ილია თოფურიას პოზიცია გაიზიარა და ჯორჯინას თხოვნა არ დააკმაყოფილა.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჯორჯინა უზკუტეგიამ მედიისთვის კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა დარბაზი. განსხვავებული განწყობა ჰქონდა ილია თოფურიას. მან სასამართლო ღიმილით დატოვა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
"ძალიან მალე, ისევ ვნახავ ჩემს ქალიშვილს, ამიტომ სტრესულ მდგომარეობაში საერთოდ არ ვარ. ძალიან მშვიდად ვარ.ჩემი პრიორიტეტი ჩემი შვილები და ოჯახია." - განაცხადა ილიამ.