ცოტა ხნის წინ „რადიო ფორტუნა“ თამუნა ამონაშვილისა და რეზიკო არჩვაძის ოჯახს სტუმრობდა. წყვილმა საზოგადოებას უფრო ახლოდან გააცნო მათი ტყუპები - მელანია და იონა, რომლებმაც ოჯახის ცხოვრება სრულიად შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ მომღერალი თამუნა ამონაშვილი 61 წლის ასაკში გახდა ტყუპების დედა. როგორც ის ამბობს, ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა ერთმანეთთან მსგავსებაც აშკარაა.
"აი, მელანია და, აი, იონა. განსხვავდებიან, ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ მელანია მაინც რაღაც სხვანაირია. უფრო პატარაც არის, იმიტომ. რომ ძალიან ბევრს ჭამს იონა. მელანია მე მგავს ძალიან, იონა კი უფრო მამას ჰგავს იერით.
ძალიან კარგი ზნის ბავშვები არიან, შემიძლია ვთქვა, რომ, ფაქტობრივად, ზედმეტად არ გვაწუხებენ. მეკითხებიან: "ორი ერთად?" - აი, მართლა არ არის რთული. ალბათ, ენერგიას, რასაც ერთს ახმარ, დანაწილებული გაქვს ორივეზე.
ვერ წარმომიდგენია ახლა სხვა რამე გავაკეთო, ისე მივეჩვიეთ. ხუთი თვის გახდნენ უკვე და შეიძლება ახლა ავიყვანოთ დამხმარე, იმიტომ, რომ დამძიმდებიან, აყვანა ძალიან რთულია. მაგრამ ხუთ თვემდე ნამდვილად არ შეიძლებოდა სხვას გაეკეთებინა ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით.
სხვა ცხოვრება დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში, ლამაზი, მშვენიერი. აი, ამ ორმა ანგელოზმა ახალი ენერგიები შემოგვიტანა...
ძალიან ბევრი კითხვა ისმის, "აი, ადრე რატომ არ გავაჩინე?" - ზოგადად, მაშინ მოხდა ეს ყველაფერი და მაშინ მოევლინა ეს ორი ადამიანი ქვეყანას, როცა მომწიფდა, როცა საჭირო იყო ჩვენთვისაც და, ალბათ, მათთვისაც. მთავარია, რომ მოვიდნენ. მათმა მოსვლამ ჩვენც შეგვცვალა, ჩვენი ცხოვრება შეცვალა კარგისკენ და ბედნიერი დღეებისკენ.
იმდენად დატვირთულები ვართ, მობილიზებულები, რომ ყველაფერი ვაჩუქოთ ბავშვებს, ყველაფერი შევუქმნათ, რომ კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ეს ჩემი კრედოა, რომ სიკეთის მატარებლები იყვნენ.
ძალიან ბევრი რაღაც გვინდა, მაგრამ რამდენად გამოგვივა - არ ვიცი. ყველა მშობელს უნდა რაღაცა სასწაულები მისი შვილისთვის, მაგრამ სასწაულებს არ ვიცი, ალბათ ვერ შევეპოტინები, იმიტომ, რომ სასწაულებს თვით უფალი ქმნის. რასაც მოგვივლენს და რასაც გავაკეთებთ, ვეცდებით, რომ ხელში დავიჭიროთ და გამოვიყენოთ ჩვენთვისაც და ბავშვებისთვისაც" - ამბობს თამუნა ამონაშვილი.
რეზიკო არჩვაძე კი ბავშვების სახელების შერჩევის პროცესზეც საუბრობს:
"სახელებს რაც შეეხება, შეურჩია თამუნამ. ძალიან ლამაზი სახელებია, მელანია და იონა. ორივე წმინდანის სახელია. გადაწყვეტილება ასე იყო მიღებული, გვინდოდა, რომ წმინდანების სახელები ჰქონოდათ.
პირველი სამი თვე ძალიან რთული იყო, როცა, ფაქტობრივად, სამსაათიან კვებაზე იყვნენ ბავშვები და ძილი გვიწევდა სადღაც საათ-ნახევარი, ორ საათსაც ვერ ვიძინებდით. თან მორიგეობაც არ გამოგვდიოდა, იმიტომ, რომ ორ ბავშვს ფიზიკურად მარტო ერთი ადამიანი ვერც გამოუცვლის, ვერც აჭმევს," - ამბობს რეზიკო არჩვაძე.

თამუნა ამონაშვილმა პირველი ნაბიჯები მუსიკაში 5 წლისამ გადადგა, როცა ის მასწავლებელთან მიიყვანეს.
დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა ვიოლინოს სპეციალობით. იგი კონსერვატორიაში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, ვიოლინოს სპეციალისტი იყო და მომღერლობაზე არც კი ფიქრობდა. კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე გასვლის წინ უცებ დაფიქრდა, რომ მთელი ცხოვრება ვიოლინოთი სიარული, ორკესტრთან ერთად ჯდომა და დღე და ღამე მეცადინეობა მოუწევდა. თამუნა არ გავიდა გამოცდაზე, სახლში კი მოიტყუა - ვითომ ჩაიჭრა.
იმავე წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე. ჯგუფში საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და 1987 წელს თეატრალური ინსტიტუტიც შესაბამისად წარჩინებით დაამთავრა. მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება.
მომავალი მეუღლე, რამდენიმე წლით უმცროსი რეჟისორი რეზიკო არჩვაძე, ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს გაიცნო.

"ლალი ტოტიკაშვილის მეგობარი იყო რეზიკო და მან გამაცნო. მერე დავმეგობრდით, ერთად მივდიოდით, მოვდიოდით. თურმე შევყვარებივარ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ორი წელი არაფრის აზრზე არ ვიყავი. ლალიმ იცოდა და არ მეუბნებოდა. ამერიკაში მივდიოდი გასტროლებზე და წასვლისას მითხრა. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გავგიჟდი. ცუდი პერიოდი, დეპრესიული სიტუაცია მქონდა და თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. ვფიქრობდი, საქმეში გადამეტანა ეს ყველაფერი და რაღაც გამეკეთებინა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დამანახა დამოკიდებულებებში. ვიფიქრე, დავაფასე მისი ეს დამოკიდებულება და გადავწყვიტე, გავყოლოდი. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს. მან ყველაფერი იცის, ქალაქი იცის ფანტასტიკურად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მე და რეზიკო 14 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინებიდან 3 წელი არის ადაპტაციის პერიოდი. ერთად ბევრი ეტაპი გავიარეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. ყველას გვაქვს მინუსი და პლუსი, მაგრამ, რაც წლები გადის, ცოლქმრობაში მინუსები აღარ არის მნიშვნელოვანი, აღარ აქცევ ყურადღებას.
გული მწყდება, რომ არ მყავს შვილი. როდესაც პატარა ვიყავი, მქონდა, ასე ვთქვათ, ეს ახირებები, რომ ჩემს კარიერას არ შევწირავ. ცოტა დროულად რომ გავთხოვილიყავი, ალბათ, მექნებოდა ის დიდი ბედნიერება ცხოვრებაში, რაც ყველა ადამიანს აბედნიერებს… სიამოვნებით ავიყვანდი ბავშვს, გავზრდიდი ერთსაც, ორსაც. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენი დრო გავიდა, რომ რამდენიმე წელია, მზად ვარ, მეც და რეზიკოც", - ამბობდა მომღერალი.