1966 წლის საბავშვო ფილმი„ალადინის ჯადოსნური ლამპარი“ საბჭოთა საკულტო ფილმ-ზღაპარია, რომელიც რეჟისორმა ბორის რიცარევმა კინოსტუდია „გორკის“ ბაზაზე შექმნა. ფილმი ეფუძნება მსოფლიოში ცნობილ არაბულ ზღაპარს „ალადინი და ჯადოსნური ლამპარი“, რომელიც „ათას ერთი ღამის“ ციკლის ნაწილია. ეკრანიზაციამ გამოსვლისთანავე მოიპოვა დიდი პოპულარობა და დღემდე საბჭოთა კინემატოგრაფის ერთ-ერთ საუკეთესო საოჯახო ფილმად ითვლება.
ფილმის ცენტრშია ბოროტი მაღრიბელი ჯადოქარი, რომელიც ვარსკვლავების დახმარებით იგებს, რომ მხოლოდ ახალგაზრდა ალადინს, ღარიბი მეთუნეს შვილს, შეუძლია მოიპოვოს ძველი სპილენძის ლამპარი. ამ ლამპარში გამოკეტილია ყოვლისშემძლე ჯინი, რომელსაც ნებისმიერი სურვილის შესრულება შეუძლია.
მოვლენები რთულდება, როდესაც ბაღდადის სულთნის ჭირვეულ ქალიშვილს, პრინცესა ბუდურს, ალადინი შეუყვარდება. სიუჟეტი ვითარდება ჯადოქრობის, აღმოსავლური სასახლის ინტრიგებისა და ალადინისა და ბუდურის სიყვარულის გარშემო, რომლებსაც ჯინი ეხმარება ბოროტების დაძლევაში.
ფილმი დღესაც განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი მაყურებლისთვის, რადგან მთავარ როლებში ორი ქართველი მსახიობი, დოდო ჩოგოვაძე და ოთარ კობერიძეა.
დოდო ჩოგოვაძემ პრინცესა ბუდურის როლი 14 წლის ასაკში შეასრულა და თავისი სილამაზითა და არტისტიზმით მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გაითქვა სახელი. ვოთარ კობერიძემ, ქართული კინოს ლეგენდამ ფილმში ბაღდადის სულთნის სახე შექმნა.

დოდო ჩოგოვაძე სილამაზითა და პროფესიონალიზმით განთქმული ქართველი მსახიობია. თავდაპირველად კინოეკრანზე 12 წლის ასაკში, 1963 წელს, რეჟისორების - ნელი ნენოვასა და გენო წულაიას „ცეროდენა რაინდებში“ გამოჩნდა, მოგვიანებით კი, მსახიობის სილამაზემ და არტისტულობამ რუსი რეჟისორებიც მოხიბლა.
დოდო ჩოგოვაძე გადაღებულია ფილმებში: „ცეროდენა რაინდები“, „ალადინის ჯადოსნური ლამპარი“, „ცაში „ღამის ალქაჯები“ არიან“...
2023 წელს "პრაიმ ტაიმმა" დოდო ჩოგოვაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მსახიობმა პოპულარობის წლები, ცხოვრების განსაკუთრებული ეპიზოდი და გენიალურ მსახიობებთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა:
"მამა - ალექსანდრე ჩოგოვაძე, თბილისელი კაცი იყო, დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის გიმნაზია. დედა, ირიადა ჩოგოვაძე, ძალიან არტისტული ქალბატონი იყო და მეც ჩამინერგა ეს ნიჭი. არ მუშაობდა და ძირითადად, ჩემი აღზრდით იყო დაკავებული".

დოდო ჩოგოვაძემ თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ვახტანგ ჭაბუკიანის კლასი წითელ დიპლომზე დაამთავრა, შემდეგ - თბილისის თეატრალური ინსტიტუტი და ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინსტიტუტი.
"5 წლიდან ვცეკვავდი, საკმაოდ თამამი ბავშვი ვიყავი. რეჟისორმა რომ დამინახა, რევერანსი გავუკეთე, მოვეწონე და დედას სთხოვა, ფილმში, სადაც სკოლის ეპიზოდია, სპექტაკლის სცენაში მიმეღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში „მანანა“ ეპიზოდურ როლში ვთამაშობდი, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია.
ფილმში „ალადინი“ რომ გადამიღეს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემ როლს. უამრავი წერილი მომდიოდა, განსაკუთრებით რუსეთიდან.
ქორეოგრაფი იური ზარეცკი სულ მაშაყირებდა - „Тоже мне, звезда Голливуда!“ ვგრძნობდი, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი, სულ „ეჭვიანობდა“. ძალიან მოვწონდი, დიპლომს რომ მაძლევდა, იხუმრა - „Госкинпром“ - კინოსტუდიაში გიშვებო, მაგრამ მერე შტატში ამიყვანა და ოპერის თეატრის მოცეკვავე გავხდი.
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს გარეგნობას. პირველი სინჯები ფოტოებით იწყება, თან ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, ძალიან ცივი გარეგნობა მქონდა. 1951 წელს ვარ დაბადებული და ჩვენი თაობის ბავშვებს, თავისუფლება აკლდა...."