"როგორც ჟან გაბენზე, ისე გიჟდებოდნენ ოთარზე, განსაკუთრებით რუსი ქალები" - ოთარ კობერიძის დაუვიწყარი სიყვარული და კვალი, რომელიც სამუდამოდ დატოვა - Marao

"როგორც ჟან გაბენზე, ისე გიჟდებოდნენ ოთარზე, განსაკუთრებით რუსი ქალები" - ოთარ კობერიძის დაუვიწყარი სიყვარული და კვალი, რომელიც სამუდამოდ დატოვა

2026-02-06 13:17:20+04:00

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ოთარ კო­ბე­რი­ძე 1924 წლის 17 დე­კემ­ბერს და­ი­ბა­და. შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჯერ სო­ხუ­მის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის, ხოლო შემ­დეგ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბად მუ­შა­ობ­და. მან კი­ნო­ეკ­რან­ზე არა­ერ­თი ლე­გენ­და­რუ­ლი სახე შექ­მნა, ყველაზე დასამახსოვრებელი როლები კი ფილებში "ბაში-აჩუკი", "მამლუქი", "სხვისი შვილები", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი", "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" შექმნა. 

"როგორც ჟან გაბენზე, ისე გიჟდებოდნენ ოთარზე, განსაკუთრებით რუსი ეროვნების ქალები.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აბოდებდნენ ოთარზე. ალადინის გადაღებებიდან თბილისში რომ დავბრუნდით, სახლში დამპატიჟა, სწორედ მაშინ გავიცანი მისი ულამაზესი მეუღლე - ლია ელიავა.

ძალიან მომწონდა ეს ქალბატონი, სამზარეულოში მისახმარებლად გავყევი, რაღაცას ამზადებდა და მითხრა - ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მსახიობი არის „белоручка“, მაგრამ ასე არ არისო, რატომღაც, ძალიან დამამახსოვრდა ეს სიტყვები", - ასე იხსენებდა მსახიობი დოდო ჩოგოვაძე ოთარ კობერიძეს "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში. ამ ორმა არაჩვეულებრივმა მსახიობმა 1966 წლის საბავშვო ფილმში„ალადინის ჯადოსნური ლამპარი“ დაუვიწყარი ტანდემი შექმნა. 

  • "ერთი ნახეთ, ჰოლივუდის ვარსკვლავია" - პრინცესა ბუდურის განუმეორებელი როლი და დოდო ჩოგოვაძის უცნობი ამბები

OTAR-KOBERIDZE

ოთარ კობერიძის ადრეული კარიერა

მისი პირველი ფილმი იყო ნიკოლოზ შენგელაიას „შავი მთები“, სადაც პარტიზანს თამაშობდა. ეს იყო მოკლემეტრაჟიანი სურათი ბესარაბიელებზე. მაშინ კობერიძე მერვე კლასში იყო. ფილმის შემდეგ ჩარიცხეს კინოსამსახიობო სტუდიაში, პირველ კურსზე. დილით სკოლაში დადიოდა, საღამოს სტუდიაში.

  • ომში მონაწილეობა, ულამაზესი ცოლი და დიდებული კარიერა - ოთარ კობერიძე

როგორც მსახიობი იხსენებს, მესამე კურსზე ყოფნის დროს, საშინელება ტრიალებდა — სიბნელე, პურის, ნავთის რიგები. ამან ძალიან იმოქმედა და მოხალისედ წავიდა ფრონტზე, 1943–1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ჯარში ყოფნის დროს ის ახსენდებოდა, რაც ფილმში ჰქონდა ნათამაშები. პრაღის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. პრაღის ახლოს, ბანსქტონ-ბისტრიცაში იბრძოდა და რას წარმოიდგენდა, რომ 16 წლის შემდეგ ამავე ადგილებში მოუწევდა თამაში ნიკოლოზ სანიშვილის „შეწყვეტილ სიმღერაში“, სადაც გურამ გელოვანის როლი მისცეს. ფილმში კვდება, ომში კი ცოცხალი გადარჩა.

ომიდან დაბრუნების შემდეგ, პირველად „ქეთოს და კოტეს“ გადაღებაზე მიიწვიეს. 

ბაში-აჩუკი

„ბაში-აჩუკში“ გადაღებამდე ოთარ კობერიძემ მოასწრო ბესარაბიელი პარტიზანის როლის შესრულება ნიკოლოზ შენგელაიას “შავ მთებში” (1941 წ.), მოხალისედ წასვლა მეორე მსოფლიო ომში, ომიდან დაბრუნების შემდეგ კი თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა. იმუშავა ჯერ სოხუმის, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში, თუმცა, როგორც კინომცოდნე ლელა ოჩიაური ამბობს, მსახიობის ბედის განმსაზღვრელი აღმოჩნდა აკაკი წერეთლის მოთხრობა „ბაში-აჩუკის“ მიხედვით გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმში განსახიერებული როლი რომანტიკული გმირისა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა სტალინის ეპოქისათვის დამახასიათებელ ჰეროიკულ, საბჭოურ მონუმენტურ სტილთან.

„იმ დროის გმირებისგან განსხვავებით, რომლებიც იყვნენ კომუნისტური იდეოლოგიით შთაგონებული და თავსმოხვეული საზოგადოებისათვის, - ამ პერსონაჟებისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, ეს იყო ეროვნული გმირი. არადა, საბჭოთა ეპოქაში ყველაფერი ეროვნული, ნაციონალური იყო აკრძალული და მიჩქმალული და ყველაფერი იყო გაერთიანებული ერთიან საბჭოთა მასაში... და ამ ფონზე ჩნდება ისეთი გმირი, რომელსაც მაყურებელი მიიჩნევს საქართველოს განმათავისუფლებლის სიმბოლოდ - თანაც, გმირი, რომელიც არის საოცარი მომხიბვლელობის“.

პირადი ცხოვრება

ოთარ კობერიძეს ბევრი ლამაზმანი შეხვედრია ცხოვრებაში, მრავალ კაშკაშა ვარსკვლავთან ერთად უთამაშია, მაგრამ...

"ბაში-აჩუკს" იღებდნენ მაშინ. კობერიძემ იცოდა, რომ ახალგაზრდა მსახიობი ქალი, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი, ერთ-ერთ მთავარ როლზე იყო დამტკიცებული, თუმცა ჯერ ნანახი არ ჰყავდა. ბუნებრივია, აინტერესებდა, ვისთან ერთად მოუხდებოდა გადასაღებ მოედანზე ყოფნა...

  • "ვოცნებობდი, მეცხოვრა თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ადამიანს იმიტომ სცემენ პატივს, რომ ადამიანია... ნუთუ არაფერი შეცვლილა?" - გენიალური ლია ელიავას ცხოვრების გზა 

და აი, ის დღეც დადგა, რომელსაც ოთარ კობერიძე ასე იხსენებს: "მშვენიერი დარი იდგა. მე უკვე ბაში-აჩუკის ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი და ველოდებოდი სხვა მსახიობების გამოჩენას. ლია რომ დავინახე, დავმუნჯდი, თითქოს მუცელში ჩამივარდა ენა. იგი ისეთი მშვენიერი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე, მზესავით ანათებდა."

KOBERIDZE

როცა ოთარ კობერიძემ ქართული კინოს მშვენება გაიცნო, მას ოჯახი ჰყავდა. ლია კი გაშორებული იყო ქმართან. ამბობენ, მსახიობებისთვის იოლიაო ოჯახის დანგრევა, მათ მუდმივად სჭირდებათ ახალი გატაცება, ახალი ვნება და გრძნობა, რათა საჭირო ენერგიით "დაიმუხტონო"... მაგრამ საქართველოში მსახიობებთანაც რთულად იდგა ეს საკითხი, მით უფრო, მაშინ.

სანამ "ბაში-აჩუკის" გადაღება დამთავრებოდა, უკვე ყველასათვის ცნობილი გახდა მათი ურთიერთობის შესახებ. დოდო ჭიჭინაძე მიამბობდა: "ძალიან ლამაზი წყვილი იყო, მაგრამ მათ წინაშე დიდი ბარიერი აღიმართა. ეს გახლდათ საზოგადოების აზრი და ყველაზე მთავარი - ოჯახი! ლია გაცილებით უმცროსი იყო ჩემზე, თავის გულისწუხილს მიმხელდა და რჩევასაც მეკითხებოდა. თავიდან არც მე ვიყავი მათი ქორწინების მომხრე, ვეუბნებოდი, სხვის უბედურებაზე თქვენს ბედნიერებას ვერ ააგებთ-მეთქი. თუმცა გავიდა დრო და მივხვდი, მათ არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე და დიდი დანაშაული იყო მათი ცალ-ცალკე ყოფნა. სწორედ მაშინ ვთქვი ბევრის გასაგონად: როცა ასეთი სიყვარულია, ალბათ ღირს რისკზე წასვლა-მეთქი."

მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ისინი მაინც შეუღლდნენ და იმ დღიდან მთელი ცხოვრება ბედნიერად განვლეს. საკმარისი იყო, რომელიმე თავყრილობაზე ერთად გამოჩენილიყვნენ, ყველას ყურადღება მათკენ იყო მიმართული.

"ოთარი უცნაური კაცი იყო, დიდი ნიჭის მქონე, საოცარი გარდასახვის უნარი ჰქონდა. მახსოვს, 8 მარტი იყო, ადგა, გაიქცა, ყვავილები მომიტანა - ნაყიდი არ გეგონოს, ვეძებე, ვეძებე, ვიპოვე, დაგიკრიფე და მოგიტანეო... რთულია მსახიობების ერთად ცხოვრება, მითუმეტეს, ორივე სულ გადაღებებზე ვიყავით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ვყოფილიყავით ბედნიერები", - ამბობდა ლია ელიავა.