ელიზა ზამბახიძის მისამართი აველინასგან გავიგე და წავედი, მისი ბინა თექვსმეტსართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე მდებარეობდა. დაახლოებით საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, მის კარზე ზარი რომ დავრეკე.
იმწუთასვე გამიელვა თავში: მე ალბათ რაღაც დოზით მაზოხისტი ვარ, რომელიც ოცნებობს, კიდევ ერთხელ უარყოს ასეთი ქალის შემოთავაზება სექსთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში რა მინდოდა აქ? განყოფილებაში ვერ დავიბარებდი? ნუთუ ასეთ სიამოვნებას მანიჭებს, უარი ვთქვა მის ლოგინში შეტყუებაზე? ამ “გაელვებას” მსწრაფლ უარესად თავზარდამცემი აზრი მოჰყვა თან _ ნუთუ ქალთმოძულე ვარ და ამის შესახებ ჯერაც არაფერი ვიცი? ვაი შენს პატრონს, ედი!
კარი მალევე გაიღო და წითურთმიანი ლამაზმანის ნაცვლად, რომლის გამოჩენასაც სულშეგუბებული ველოდი, ხელში ოცდაათიოდე წლის ყმაწვილი შემრჩა. მას გრძელი შავი თმა ჰქონდა და ისე იყო ჩაცმული, თითქოს სარეკლამო ბანერიდან გადმოხტა, რათა ჩემი უხეირო ჩაცმულობისთვის დაეცინა.
_ ჰაი! _ თანამედროვედ მომესალმა და ლამის დამაბრმავა თავისი ქალივით მომხიბვლელი ღიმილით, _ მე ჯონი მქვია, გვარად სივსივაძე ვარ.
აი, ამას ჰქვია ევროპულ-ამერიკული მანერები! კარგია, რომ ახალი თაობა იშვიათად იყენებს მისალმების რუსულ ფორმას: “პრივეტ!” რაც ასეა მოდებული ჩვენში.
_ მე ედი ვარ, _ წარვუდგინე ჩემი თავი საკმაოდ მშრალად, _ და მე მინდოდა…
_ შემოდი, ედი! _ არც მაცალა წინადადების დამთავრება, ისე გულიანად შემიპატიჟა, _ ზუსტად ახლა ვაპირებდით დალევას, _ ის წინ წავიდა, მე უკან მივყევი, _ ეი, ელიიიზ, შენი მეგობარი მოვიდა, ედი! _ გაპრანჭული ტონით დაიძახა.
სწორედ ამ დროს სამზარეულოს შეღებული კარიდან ელიზას თავი გამოჩნდა, თუმცა ამჯერად შავი თმით. ნეტავ როდის მოასწრო შეღებვა?
მისმა მუქმა თვალებმა მტრულად შემათვალიერა.
_ შენ აქ რა გინდა, რისთვის მოხვედი? _ აგდებულად მკითხა, ჯერაც ვერ მოენელებინა, მასთან დაწოლაზე უარი რომ ვთქვი.
_ დალევა მომინდა, _ არ დავაყოვნე პასუხი.
_ ხო, რა თქმა უნდა! _ ჩაიცინა, _ უბრალოდ, იმისთვის შემოირბინე, რომ ჩემთან ერთად დაგელია, არა?
_ მიდი, მიდი, გაამზადე კოქტეილი, სტუმარს ასე უნდა დახვდე? _ სოლიდარობა გამომიცხადა ჯონიმ, შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
_ დეგენერატო! _ კბილებში ზიზღით გამოცრა ელიზამ, ოღონდ ვერ მივხვდი, ვისი მისამართით გამოისროლა ეს ერთობ მნიშვნელოვანი სიტყვა _ ჩემთვის თუ ჯონისთვის და სამზარეულოს კარი ცხვირწინ მოგვიჯახუნა.
_ დაბრძანდი, ედი, მაგას არ მიაქციო ყურადღება, ასე ურევს ხოლმე, როცა უხასიათოდაა, _ ამიხსნა სივსივაძემ, _ მე და ელიზა სააგენტოში ერთად ვმუშაობთ, ამიტომ სამსახურის შემდეგ თითო ჭიქის გადაკვრა ერთგვარ რიტუალად გვექცა. დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობთ?
_ არც ისე, _ ყოყმანით მივუგე.
_ საინტერესოა. მას თქვენ არასდროს უხსენებიხართ, _ ჯონის ცოცხალი თვალები ისეთი ცნობისმოყვარეობით მომჩერებოდა, თითქოს ჩემს სახეზე ეროტიკული ფილმის დემონსტრირება ხდებოდა, _ ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ ელიზის ცხოვრებაში იდუმალი მამაკაცი არსებობდა, _ თქვა და გადაიხარხარა, თუმცა მისი სიცილი კისკისს უფრო ჰგავდა, _ ჩემი ხუმრობა ხომ არ გწყინს, ედი?
ღმერთო, რა ვქნა, ეს ბიჭი მე მეპრანჭება თუ მეჩვენება? _ გავიფიქრე გუნებაწამხდარმა და ჯონი უფრო დაკვირვებით შევათვალიერე.
_ არა, არ მწყინს, ხუმრობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, _ რბილად მივუგე.
_ მაგას რა სჯობია! _ წამოიძახა და თითები გაატკაცუნა, _ მოდი, ცოტა მოდუნდი, საყვარელო ედი. ძველმოდური კაცები აღარ არიან მოდაში, ხომ იცი? ახლა ყველა თანამედროვე ევროპისკენ იხრება.
_ თუ ახლა მოდაში შენისთანა ენაჭარტალა კაცებია, მირჩევნია ძველმოდური დავრჩე, _ უხეშად მოვუჭერი.
ჯონის გრძელმა წამწამებმა ადვილად შეძლო მის თვალებში წამით გაელვებული გაბრაზების დამალვა.
_ მაპატიე, ედი, მგონი გაწყენინე, _ შეუდარებელი თავაზიანობით წარმოთქვა, _ უბრალოდ, მე და ელიზა ძველი მეგობრები ვართ. თუმცა როგორც არ უნდა იყოს, “მესამე ზედმეტია” არასდროს ვყოფილვარ. ეგეთი ინტრიგები არ მიყვარს.
_ მიხარია ამის მოსმენა, _ ნიშნის მოგებით გავუღიმე, _ ამიტომ ახლა დაგემშვიდობები, ჯონი!
ამის გაგონებაზე სახეზე ერთიანად გათეთრდა, მარჯვენა ხელით კი მუშტი შეკრა და მაგიდაზე დემონსტრაციულად შემოდო.
_ მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: ღმერთმა უშველოს ელიზს, თუ შენ მართლა ის იდუმალი უცნობი და მისი რომანის გმირი ხარ, _ თქვა მან და სასტუმრო ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წამის შემდეგ კი კარის გაჯახუნების ხმაც გავიგონე.
სანამ ელიზა სამზარეულოდან გამოვიდოდა, ერთი ღერი სიგარეტის მოწევა მოვასწარი და იმაზე დაფიქრებაც, რა აკავშირებდა ამ ქალს იმ პიჟონთან, ასე უცებ რომ გამითამამდა.
სამზარეულოს კარი, როგორც იქნა, გაიღო და ისიც გამოჩნდა. კაბა-კომბინეზონი ეცვა, წელს ქვემოთ გაშლილი, ელასტიკური ნაჭრის, ჰორიზონტალურზოლებიანი. ქსოვილი ძალზე მგრძნობიარედ იმეორებდა მის ყოველ მოძრაობას. არა რა, ეს გოგო აშკარად მაგარი სექსუალური ვინმე იყო.
მან სასმლის ბოთლი დაბალ მაგიდაზე შემოდგა კასრის ფორმის თლილ ჭიქებთან ერთად და ნელა შეტრიალდა.
_ ჯონი რა იქნა?
_ წავიდა. ხინთიბიძისთვის რამდენიმე გოგო უნდა შეარჩიოს ღამის გამოძახებით.
ამის გაგონებაზე ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.
_ გენიალური მეძებარი თავის ამპლუაშია! _ დამცინა, _ მორიგი ხუმრობა აფრთხილებს ეჭვმიტანილს, რომ დიადმა ედიმ სასიკვდილო ინფორმაციის მთელი ორმო ამოთხარა. და თუ ეჭვმიტანილი არ აღიარებს დანაშაულს, თავის სიცოცხლეს ხვალ დილამდე გაზის კამერაში დაასრულებს. ან იქნებ, წინასწარი დაკავების იზოლატორში?
_ დამისხი, დალევა მინდა, _ ერთ ყურში შევუშვი და მეორიდან გავუშვი მისი რეპლიკა.
დიასახლისი ჩემ გვერდით დაჯდა და სასმელი ჩამოასხა. ვუყურებდი, როგორ გადაეღეღა თხელი კომბინეზონის გულისპირი და მისმა სავსე მკერდმა გამაღიზიანებლად დაიწყო ჩემ თვალწინ თიმთიმი.
_ ალბათ ახარე ჯონის, ვინც იყავი და ამიტომ გაიქცა?
_ არა, _ სრული სიმართლე ვუთხარი, _ მას ჰგონია, რომ მე შენი იდუმალი თაყვანისმცემელი ვარ, რომელიც მასთან არასდროს გიხსენებია. მე კი ვურჩიე, შენი ცხვირი შორს დაიჭირე ჩვენი პირადი ცხოვრებისგან და არ გაბედო მისი შიგ ჩაყოფა-მეთქი. ამაზე კი გაბრაზდა და მოძუძგა.
ელიზამ ხრინწიანი ხმით ჩაიცინა:
_ ახლა კვირის ბოლომდე ხმას არ გამცემს. ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით.
_ შენი მეგობარი გეია? _ პირდაპირ მივახალე.
ქალს სახე დაუსერიოზულდა.
_ მეც მიფიქრია ამაზე. მგონი, ისეთი ტიპია, ქალიც რომ მოსწონს და კაციც. ჩემი შებმა არასდროს უცდია, თუმცა შეიძლება ეს მისი პრინციპიც იყოს: ბიზნესისა და სიამოვნების ერთმანეთში აღრევა არ სურს.
_ ეს კაბა ჭკუაზე მშლის! _ ვაღიარე.
_ საუბრისას ყოველთვის ასე ახტები ერთი თემიდან მეორეს? _ იქედნურად ჩაიღიმა, _ ყოველ შემთხვევაში, მიხარია, რომ მიმხვდარხარ, რამხელა შესაძლებლობა გაუშვი ხელიდან წუხელ.
_ სწორედ მაგის გამოსასწორებლად ვარ აქ, _ მივუგე და ჯიბიდან “ლეგენდარული ფოტოები” დავაძრე, ელიზასი გამოვარჩიე, ზემოდან მოვაქციე და ყურადღებით დავიწყე მისი შესწავლა, _ მაგრამ სანამ წუხანდელი შეცდომის გამოსწორებას შევუდგები, მეხსიერებაში რომ ჩავარდნები გაქვს, ის უნდა გამოვასწორო. ცოტა გავავარჯიშოთ შენი გონება, კარგი?
_ როგორ ფიქრობ, სასამართლო პროცესზე გამამართლებენ, ახლა თავი რომ გაგიხეთქო? _ მუქარის ტონით შემეკითხა.
_ არა მგონია. თუ იტყვი, რომ არ იცი, ეს როგორ მოხდა, რომ აღარაფერი გახსოვს, შეიძლება ეს მიიღონ მხედველობაში, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ შენთვის მეხსიერების დაქვეითება პირველი შემთხვევა არ იქნება.
_ ეს რა, მორიგი მინიშნებაა შენი მხრიდან? _ ბოროტი მზერა მესროლა.
_ მინიშნება ნამდვილად არაა. შენ დაგავიწყდა ჩემთვის გეთქვა, რომ თებერვალში გოთუასგან სულ რაღაც ორი ათას თუ სამი ათას დოლარად ეს სურათი შეიძინე.
_ და აქედან გამომდინარე, მკვლელი მე ვარ? _ ირონიით გაევსო სახე.
_ მოდი, შევამოწმოთ შენი მეხსიერება, _ კვლავ ავრიე ფოტოები და ახლა სხვა დავადე ზემოდან, _ ეს ვინაა?
_ იმედი მაქვს, ამ ფოტოს თვალიერებისას კიდევ ერთხელ დააფასებ იმას, ვისზეც წუხელ უარი თქვი, _ თვითკმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.
_ ვინ არის ეს ქალი! _ მკაცრად გავუმეორე.
_ აველინა ნემსაძე, _ ჩაიხითხითა, _ ვერასდროს ვიფიქრებდი, ძროხა ასეთი სექსუალური თუ შეიძლებოდა ყოფილიყო.
_ ნომერ სამზე რას იტყვი? _ და პატარა ქერათმიანი ვაჩვენე, სახეს რომ მალავდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩემი თანამოსაუბრე დაკვირვებით ათვალიერედა ფოტოს, მერე უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია:
_ საერთოდ არ ვიცი ვინაა. პირველად ვხედავ. მართლა არ მაქვს წარმოდგენა, ვინ შეიძლება იყოს. ისეთი სახე აქვს, თითქოს გეუბნება, ფეხებზე მკიდიხართ ყველანი, მე პარტნიორი არაფერში მჭირდებაო.
_ სად ხედავ, მერედა, მის სახეს? გვერდულად უდევს თავი, სახის მეორე ნახევარი კი ხელით აქვს დაფარული.
_ სწორედ მაგაში საქმე. რახან არავის უყურებს და სახეს მალავს, ეს ნიშნავს, რომ ყველა კაცი ფეხზე ჰკიდია. მას უბრალოდ, თავისი სიამოვნებისთვის სჭირდება ეს ნახატი და არა კაცების გულის მოსაგებად.
_ სამაგიეროდ, შენ დაახატვინე გაბროს კაცების გულის მოსაგებად შენი თავი!
_ მე ეგ არ მითქვამს. _ შორს დაიჭირა ჩემი ბრალდება.
_ კარგი, შევეშვათ ამას. ეს ვინაა? _ და მეოთხე ფოტო ავაფრიალე.
_ ეს ნატა ლოლაძეა, თუმცა ძალიან მიკვირს მის სურათს რომ ვხედავ. მიჭირს ამის დაჯერება.
_ მაგარი მსახიობი დადგებოდა შენგან, _ სიცილი ამიტყდა, _ შეცბუნება კარგად გამოდგის, მაგრამ ასე ძალიანაც არ იყო საჭირო, _ შევნიშნე და ფოტოები კვლავ ჯიბეში ჩავიდე.
_ რაღაც განსაკუთრებულად ცდილობ დღეს ჩემს მოთმინებიდან გამოყვანას, _ გააღიზიანა ჩემმა ირონიამ, _ იქნებ ამიხსნა, რისი თქმა გინდა?
_ არ ვიცი, პირველად სად შეხვდი გოთუას პირადად შენ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ნატა სად შეხვდა მას. ზუსტად ამ ბინაში, შენ მიერ გამართულ წვეულებაზე. გინდა გამოვიცნო, აველინამ სად გაიცნო გაბრო?
_ ეს დამთხვევაა! _ სწრაფად მომიგო.
_ ძალზე ბევრი დამთხვევაა, ღმერთმანი, _ მხრები ავიჩეჩე, _ შენ შანტაჟისტს ორი ათასი დოლარი გადაუხადე ამ ნადღაბნის გამოსასყიდად. მიუხედავად ამისა, მას მაინც ანკესით ჰყავდი დაჭერილი. რა, გაიძულებდა, მისთვის ახალ-ახალი ტურფები გეშოვა? ასეა?
გაშავგვრემანებულმა ელიზამ ერთბაშად გადაჰკრა ჭიქაში ჩარჩენილი სასმელი და მთელი სხეული შეუცახცახდა.
_ რაო, ნატამ ყველაფერი გიამბო?
_ კი, მიამბო, _ თავი დავუქნიე და ხელისგულები ერთმანეთს შევატყუპე.
_ შენ წეღან ხინთიბიძე ახსენე. მის შესახებ რა იცი? იმის თქმა მინდა, შენი აზრით, როგორი ადამიანია?
_ ძველმოდური კონსერვატორი და პურიტანი. იცი ამ სიტყვის მნიშვნელობა? გეცოდინება! ყველა ადამიანი, ვინც მას უკავშირდება, ავტომატურად მისი ოჯახის წევრი ხდება და ისე უნდა მოიქცეს, როგორც მას მოესურვება. ამგვარ გამოხტომებს არავის ჰპატიობს.
_ ჰო, ეგეთია. განა არ ვიცი. ერთხელ გაბროს მოვუყევი მის შესახებ და სწორედ ეს დაიხვია თითზე. მემუქრებოდა, ამ სურათს შენს ვახოს გავუგზავნი და ნახავ, რა დაგემართება, თუ ჩემს მითითებებს არ შეასრულებო. მაშინ ორი ათასი დოლარის მეტი არ მქონდა. მან კი მითხრა, ეს საკმარისი არ არისო. სამაგიეროდ, სხვა ქალებს თუ გავაცნობდი, ამით ჩემი სურათის გამოსყიდვას შევძლებდი.
_ და როგორი ქალების გაცნობა უნდოდა?
_ უფრო მეტად გათხოვილების და დაუკმაყოფილებლების, ვისაც ქმართან ურთიერთობა აწყობილი არ ჰქონდა. მე არჩევანი არ მქონდა. ამიტომ ჩემს თავს ვარწმუნებდი იმაში, რომ სულაც არ მიმიძღოდა ბრალი, თუ ჩემთან გაცნობილი ქალები მასთან რომანს გააბამდნენ. ბოლოს და ბოლოს, ისინი თვითონ აკეთებდნენ არჩევანს, მე ხომ არ ვაძალებდი.
_ ალბათ ასეც იყო, მაგაში მართალი ხარ.
უცებ თავი აგრესიულად გააქნია:
_ შენ არ იცნობდი გაბროს! რაღაც ცხოველურ მაგნეტიზმს ფლობდა, რაც ბანგივით მოქმედებდა ქალებზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც სიყვარულში არ უმართლებდა და თავს უბედურად გრძნობდა. მე მხოლოდ ვაცნობდი მას ასეთ ქალებს. ის კი ისე ადვილად ახერხებდა მათ დათანხმებას შიშვლად პოზირებაზე, გაოცებული ვრჩებოდი. მერე კი მსხვერპლის როლში აღმოჩნდებოდნენ. ყველას აშანტაჟებდა. მათ კი სხვა გზა არ რჩებოდათ. ფული უნდა გადაეხადათ, რომ ის ტილოები მათ ქმრებამდე არ მისულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეები არ უყვარდათ, ოჯახის დანგრევა არცერთს არ უნდოდა. ვიცი, მეც ვმონაწილეობდი მათი ცხოვრების მოწამვლაში, რასაც დღემდე ვნანობ, მაგრამ…
_ ძალიანაც ნუ დაიდანაშაულებ თავს, _ მისი დამშვიდება ვცადე, _ ეს ქალბატონები მისგან ყველანაირ სიამოვნებას იღებდნენ, ისე კი არ შიშვლდებოდნენ, ინტერესის გულისთვის. ეს ფაქტია, რასაც ვერ გავექცევით. აგერ, აველინა ამბობს, მეგონა, მარტო მე ვუყვარდიო. ნატაც ასე ფიქრობდა, სანამ მას ხვდებოდა. სხვებიც ასე იქნებოდნენ, ეჭვიც არ მეპარება. შენი ბრალეულობა აქ არაფერ შუაშია.
_ მართლა ასე ფიქრობ, ედი? _ თვალები აუწყლიანდა.
_ ასე რომ არ ვფიქრობდე, რატომ ვიტყოდი ამას? შენ მის ბადეში აღმოჩნდი და იძულებული გახდი, ის გეკეთებინა, რასაც გაბრო დაგავალებდა. სამაგიეროდ, ბოლოს ეს ქალები კი არა, თვითონ დაზარალდა, როცა ვიღაცამ ტყვია დაახალა გულში. თუ ძალიან გინდა, ის გამოიგლოვე, შენი თავი კი არა!
_ ედი, რა კარგი ადამიანი ხარ. მაპატიე, წეღან დეგენერატი რომ გიწოდე. როგორც ჩანს, შენს შეფასებაში შევცდი.
_ დიდი მადლობა, _ ირონია არ დავიშურე.
_ შენ მხოლოდ გარეგნულად გამოიყურები სასტიკად, გულცივად, თორემ შიგნიდან ძალიან თბილი და კეთილშობილი ადამიანი ხარ, _ ბოლომდე მომიქონა თავი, _ კიდევ ხომ არ დავლიოთ?
_ არა, ჯერ ესეც არ გამომიცლია. საკმარისია, _ უარი ვთქვი კიდევ ერთ ჭიქა სასმელზე.
ელიზა ადგა და სამზარეულოსკენ გაემართა, მე კი თვალი მივადევნე ელასტიკური ქსოვილით შეფუთული მისი ლამაზი დუნდულების მონაცვლეობით რხევას.
ახლა რა ვქნა? რახან ყველაფერი გავარკვიე, რახან გოთუას შანტაჟის მორიგი ფაქტი დავადგინე, განტვირთვა მეკუთვნის? იქნებ ვცადო და ელიზას ვთხოვო, გაიმეოროს წუხანდელი შემოთავაზება?
დიდებულია, ბატონო კაპიტანო! თქვენ ბრწყინვალე გამომძიებელი ბრძანდებით! იმსახურებთ ელიზას, როგორ არ იმსახურებთ! მაგრამ ვინ მოკლა გაბრო გოთუა? ჰა, თქვი, ვინ არის მკვლელი? არ იცი?! რას მელაპარაკები! გეთანხმები. შენ ისევე შორს ხარ მკვლელის დაჭერისგან, როგორც იმ ღამეს, როცა გოთუა მოკლული აღმოაჩინე. დაგავიწყდა, როგორ ფორთხავდი მიწაზე, როცა შენს მანქანას ფარები ჩაუმსხვრიეს? ლაჩარივით მიწას გაეკარი, იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეს გასდევნებოდი!
საბედნიეროდ, ელიზა ოთახში შემობრუნდა და ის სექსუალურად მოაზროვნე ტიპი, ჩემს ქვეცნობიერში რომ დაედო ბინა და მგესლავდა, მყისიერად მიყუჩდა თავის ბუდეში.
და მეც კვლავ პოლიციელად ვიგრძენი თავი…
ელიზას თვალები თბილად უციმციმებდა. ამჯერად ჩემ გვერდით დაჯდა, თან ისე მომეტმასნა, ჩვენი თეძოები ერთმანეთს ეხებოდნენ. ბოკალი ცხვირის წვერზე მიიდო და გამომხედა. ოხ, როგორი მრავლისმთქმელი იყო ეს შემოხედვა.
_ დღეს რამე ჭამე, ედი? არ გშია? _ ნახევრად ჩურჩულით მკითხა.
_ დილას ვისაუზმე და მას მერე ლუკმაც არ მიგემია. გინდა სადმე წავიდეთ? _ თავი გამოვიდე.
_ არა მგონია, კარგი აზრი იყოს, _ ქვედა ტუჩი აიბზუა, _ კარტოფილის სალათა მაქვს ისეთი, შენს სიცოცხლეში უკეთესი არაფერი გექნება გასინჯული. კიდევ წითელი ღვინო, “ხვანჭკარა”. რას იტყვი?
_ ვრჩები, _ მოხალისესავით სწრაფი რეაგირება მოვახდინე მის შეკითხვაზე.
_ მშვენიერია, _ ისეთი შვებით ამოისუნთქა, დავასკვენი, რომ ჩემმა პასუხმა გააბედნიერა, _ არ იცი, ამწუთას რა მაგარი საქმე გამიკეთე. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პირველად ვიგრძენი, რომ დარდი არაფრის მაქვს.
უცებ გონებაში რაღაც აზრი მომიფრინდა.
_ დარწმუნებული ხარ, რომ ის ლოდი, გულზე რომ მძიმედ გედო, ბოლომდე გადააგორე?
_ რა ლოდი? ვერ მივხვდი, რას მეკითხები, _ ფრთხილად გამცა პასუხი.
_ შენს ალიბის ვაანალიზებდი. წუხელ რა მითხარი, ვისთან ვიყავიო? ვიღაც შენს კლიენტთან, არა? რა გვარია? ხო, გია ლებანიძე, გამახსენდა. ნამდვილად მასთან იყავი მკვლელობის ღამეს?
ელიზამ, როგორ სჩვეოდა, ისევ მოიკვნიტა ქვედა ტუჩი. აშკარად დააბნია ჩემმა დაჟინებულობამ.
_ შეიძლება ცოტა გადავამლაშე, კაპიტანო ედი, მაგრამ ვფიქრობ, ეს დანაშაულში არ ჩამეთვლება. მართლა მასთან ვიყავი, ოღონდ არა შუაღამემდე. ჩვენ ერთად ვივახშმეთ, მის ბინაში, მაგრამ სადღაც ცხრის ნახევრისთვის წამოვედი. მითხრა, სამუშაო მაქვს და თუ გვერდით მეყოლები, აზრები გამეფანტებაო. დელიკატურად დამითხოვა. ამიტომ შინ დავბრუნდი. მერე მივალაგე, მოვალაგე, ცოტა კიდევ დავლიე. თუმცა დაწოლა ვერც მოვასწარი, აველინამ რომ დამირეკა.
_ და უცებ, პირველივე კაბა, რომელიც ხელში მოგხვდა, ბრჭყვიალა ქვებით გადაბრდღვიალებული, ჩაიცვი და ჩემთან გამოქანდი, არა? _ შემპარავად დავხატე მისი იმღამინდელი “რიტუალი”.
შემცბარმა გაიღიმა:
_ უბრალოდ, შენზე შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა. აველინამ მითხრა, მაგარი სიმპათიური ტიპიაო.
_ ამასთან, გინდოდა იმის დემონსტრირება მოგეხდინა, ვითომ ვახშმობიდან ახალდაბრუნებულმა ტანსაცმლის გამოცვლა ვერ მოასწარი, ხომ?
_ ესეც იყო, არ უარვყოფ, _ ჩუმი ხმით დამეთანხმა.
პაუზა ცოტა ხნით გავწელე, ამასობაში ელიზას ღაწვები შეუწითლდა, ცოტაც და იფეთქებდა.
_ ლევანი და ლადო, როგორც ჩანს, უცნაური წყვილია, _ შეფიქრიანებულმა წარმოვთქვი ბოლოს, _ ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ კარგად უგებენ ერთმანეთს.
_ ჩემი აზრით, კარგი პარტნიორები იმიტომ არიან, რომ საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს. სრულიად განსხვავებული ტიპები არიან, _ მომიგო, თან ხმა ოდნავ შეუმსუბუქდა, რახან საუბრის თემა შევცვალე, _ ლევანს სასწაული იდეები აქვს, ლადო კი მაგარი შემსრულებელია. მხეცივით მუშაობს. ორივემ იცის, რომ როცა რაღაცაში ვერ თანხმდებიან, კამათი ჩხუბში არ უნდა გადაზარდონ. მართალია, ამას ხელოვნურად ახერხებენ, მაგრამ ხომ გამოსდით? ამიტომაც პროდუქტიულად მუშაობენ.
_ ვიცი.
_ საიდან იცი?
_ ნაცადი ხერხია. ამწუთას მეც ამ ხერხს მივმართე, თორემ მე და შენ აუცილებლად ვიჩხუბებდით და ვერასდროს გავსინჯავდი შენს ნაქებ კარტოფილის სალათას. თუმცა ჯერ კარტოფილი რა არის და მე მისი სალათა რაღა უნდა იყოს? _ გავიცინე.
_ აი, თურმე რა ყოფილა. არ გამიკვირდა, რატომ გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე-მეთქი. ყველაფერს მიგიხვდით, სიმპათიურო კაპიტანო. ჩათვალე, რომ უკვე სამზარეულოში ვარ. მალე გამოვალ, შენ კი ჩემს დაბრუნებამდე თავი მარტოსულად არ იგრძნო, კარგი? _ თქვა და მაცდურად გამიღიმა.
***
სალათა მართლაც უგემრიელესი იყო. წითელმა ღვინომ ხომ საერთოდ, დაგლიჯა. როცა ჭამა-სმას მოვრჩით, უკვე ლამის ყველაფერი ვიცოდი მათი სააგენტოს თანამშრომლების პირადი ცხოვრების შესახებ. სასმელი რამხელა საქმეს აკეთებს ასეთ დროს _ ელიზამ თავისი კოლეგების ცხოვრების ყველა დეტალი გამოამზეურა.
_ ხინთიბიძის სარეკლამო თანხების მოზიდვას, ეს იგი, შენ აგვარებ, ხომ?
_ საერთო ჯამში ასე გამოდის. მაგრამ თუკი რამე მნიშვნელოვანი ხდება, მაგალითად, თუ დამკვეთი უკმაყოფილოა ან სააგენტო ცდილობს, მას სრულიად განსხვავებული იდეა შეტენოს, საქმეში მაშინვე ლადო და ლევანი ერთვებიან. ასე რომ, როცა ვახოს ფულებზეა საუბარი, მე მხოლოდ მაღალ ქუსლებზე მორბენალი მაღალანაზღაურებადი გოგონა ვარ, ასე ვთქვათ.
_ როგორ მოგწონს მერე ხინთიბიძე?
_ რა ვიცი, მგონი, არ უნდა იყოს ცუდი ადამიანი, _ ელიზამ მხრები აიჩეჩა, _ ცოტა უცნაურია მხოლოდ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვეუბნება, მე თქვენი მამა ვარო და დაიწყებს უაზრო რჩევების მოცემას ჩვენს პირად ცხოვრებაზე. მე თავს ყოველთვის ისე ვაჩვენებ, თითქოს მამა აბრამის ბატკანი ვიყო. თუმცა ბოლო დროს მგონი ცოტა ეჭვი შეეპარა ჩემში. ორჯერ მნახა უკვე კლიენტთან ერთად სამსახურიდან გამოსული და ეგრევე შევატყვე, რომ არ ესიამოვნა. თავისებური წარმოდგენა აქვს ოჯახურ თანაცხოვრებაზე, ქალურ კდემამოსილებას უსვამს ყოველთვის ხაზს და რა ვიცი, ამგვარი ახირებები ახასიათებს. არადა, რატომღაც, სულ მგონია, რომ ასეთი ადამიანები ჩუმჩუმად ყველაფერსაც აკეთებენ. უბრალოდ, სხვის თვალში უნდათ წმინდანები გამოჩნდნენ.
_ კარგი აზრია, _ გამეცინა, _ გინდა ეს ფოტოები ვაჩვენო და მის რეაქციას დავაკვირდე? _ ეშმაკურად ჩავიღიმე.
ელიზა ლამის შეხტა ამის გაგონებაზე. როგორც ჩანს, შედეგი წარმოიდგინა.
_ რას ამბობ! ეგრევე დაშლის ჩვენს სამსახურს! მის გარეშე კი, წარმოიდგინე, არარაობა გავხდები. მე ხომ კომფორტის მოყვარული გოგო ვარ. გამიჭირდება კომფორტის ზონიდან გამოსვლა, _ თავი შემაცოდა.
_ გასაგებია. ეგ შენი ჯონი ცოლიანია?
_ არა, მაგრამ ქალებს თვალს სულ აყოლებს. ხომ გითხარი, მგონი, ქალებიც მოსწონს და კაცებიც. ჩემთან ფლირტი არასდროს უცდია. ჩვენ, ასე ვთქვათ, უსქესო მეგობრობა გვაკავშირებს, _ გაიხუმრა და ტკარცალი აუტყდა.
_ გოთუას სურათებს რომ ყიდის, იმ კაცს თუ შეხვედრიხარ ოდესმე?
_ ლერის? _ ზიზღით წარმოთქვა, _ გაიძვერა! ერთადერთხელ მყავს ნანახი, ზუსტად მაშინ, როცა ამ საძაგელი სურათის საყიდლად მის გალერეაში მივედი.
_ იტყუები. სურათი სივსივაძემ იყიდა, ასეა დავთარში გატარებული.
_ კი, მაგრამ მანამდე მე მივედი, რომ ფასზე მოვლაპარაკებოდი. გაბრომ მითხრა, ამ საქმეს ლერი განაგებს და ფასზე მას უნდა მოურიგდეო. დამპალი! და საერთოდ, რას გეტყვი, ედი, იცი? უკვე თავს მაბეზრებ შენი უაზრო შეკითხვებით!
_ მაშინ როგორც კი ამ ბოკალს დავცლი, ეგრევე ავდგები და სახლში წავალ, _ მშვიდად ვთქვი.
_ ეს არ მიგულისხმია, სხვათა შორის, _ სწრაფად შემეპასუხა, _ უბრალოდ, შენი შეკითხვები მომბეზრდა. ახლა რაც ორივეს გვჭირდება, ისაა, რომ საუბრის თემა შევცვალოთ. მგონი, მუსიკა დაგვეხმარება ამაში, _ ამ სიტყვებით კომპიუტერის მაგიდას მიაშურა, ლეპტოპი გახსნა და რამდენიმე წუთში მელოდიაც აარჩია. მერე ისევ ჩემთან დაბრუნდა.
_ სანამ საუბარს დავამთავრებდეთ, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ და ამით მოვრჩებით, _ ხმა გავიმკაცრე, _ ლადომ იცის, თავის ცოლს გოთუასთან ურთიერთობა რომ ჰქონდა. შენი ამბავიც იცის, სხვათა შორის. აველინაზეც საქმის კურსშია, რომლის ქმარიც ხინთიბიძის მარჯვენა ხელია. ის, ალბათ, ლევანს ყველაფერს მოუყვება.
_ მერე რა? _ ცივად დაინტერესდა ელიზა.
_ ის, რომ რაღაცის გაგება მჭირდება და შენ უნდა დამეხმარო.
_ მე? მე რა უნდა გავაკეთო, გააფრინე? _ აღშფოთდა.
_ რა რეაქცია ექნება ლევანს ამ ცუდ ამბებზე, უნდა გამირკვიო.
_ ოჰ, ეგ ადვილია, მაგაზე ნამდვილად არ დაგზარდები. მაგრამ ეს ასე მნიშვნელოვანია?
_ არა მგონია, მნიშვნელოვანი იყოს, _ გულწრფელად ვაღიარე, _ მაგრამ მე ვნახე, რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე მის პარტნიორს, ლადოს. ამიტომ საინტერესოა, ის როგორ შეხვდება ამ ამბავს.
_ ეს იყო შენი ბოლო შეკითხვა? _ მცირეოდენი პაუზის შემდეგ მკითხა.
მტკიცედ დავუქნიე თავი.
_ მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს დაკითხვა დამთავრდა, _ ელიზამ ხელები საკუთარ კისერს შემოხვია და გაიზმორა, მერე კი დივნის თავთან დადებულ პატარა ბალიშზე მიდო თავი, _ როგორ მოგწონს ჩემი არჩეული მუსიკა?
_ შენსავით სექსუალურია, _ თვალმოჭუტულმა გავხედე.
_ ყოველ შემთხვევაში, ვეცადე, როგორმე მესიამოვნებინა შენთვის, სერიოზული თემების მოყვარულო კაპიტანო! ახლა შენი ჯერია, როგორ მასიამოვნებ.
_ მითხარი, სასაუბროდ რა თემა გირჩევნია და იმის მიხედვით ვეცდები, _ თავი ისე დავიჭირე, ვითომ ქარაგმას ვერ მივუხვდი. რაღაც მაინც უკან მეწეოდა. ვერ გადამეწყვიტა, კარგი აზრი იქნებოდა მასთან დაწოლა თუ ცუდი.
_ რა ვიცი, რამე სხვა. უკვე ყელში ამომივიდა ამ შანტაჟსა და მკვლელობაზე საუბარი. ცოტა ამაღელვებელი და მაცდუნებელი თემა შეარჩიე, გთხოვ.
_ კარგი, _ ვთქვი და ჩავახველე, _ ამ კომბინეზონის შიგნით კიდევ გაცვია რამე?
მისი ჭკვიანი თვალები გამომცდელად მომაჩერდა.
_ შენ ეს შეკითხვა ამაღელვებლად და მაცდუნებლად მიგაჩნია? _ ცხვირით გამოხატა უკმაყოფილება.
_ გააჩნია, რას მიპასუხებ.
ელიზამ ისევ მოიკვნიტა ქვედა ტუჩი, ხოლო თვალებში ვნების ალი აუთამაშდა.
_ ასე ძალიან გიზიდავს ჩემი სხეული?
_ ჩემი სურვილი ფასდაუდებელია, ლიზიკო! _ დავიწყე მისი შეხუჭუჭება, თუმცა უამისოდაც მზად იყო ჩემთან სექსზე.
_ სიმართლე მითხარი, ამწუთას მხოლოდ ქალი გინდა თუ კონკრეტულად მე გინდივარ?
_ შენ მინდიხარ, თან ისე ძალიან, რომ შეიძლება შევიშალო.
_ თუ ასეა, ვუპასუხებ შენს შეკითხვას.
_ ერთი სული მაქვს, პასუხს როდის მოვისმენ. კიდევ ცოტა ხანი და მგონი, ისიც კი დამავიწყდება, რა გკითხე.
_ ა, ბატონო, აგერაა პასუხი, შენ თვალწინ, _ თქვა მან, ადგა, შეტრიალდა და ზურგი მომიშვირა.
გაგრძელება იქნება