მიშა ანდღულაძემ იქორწინა: რას ამბობს იუმორისტი პირადი ცხოვრებისა და მეუღლის შესახებ - Marao

მიშა ანდღულაძემ იქორწინა: რას ამბობს იუმორისტი პირადი ცხოვრებისა და მეუღლის შესახებ

2026-02-09 10:09:28+04:00

პოპულარული ქართველი იუმორისტი და მსახიობი, მიშა ანდღულაძე, გადაცემის „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და მაყურებლისთვის მოულოდნელი სიახლე გააჟღერა - მსახიობი დაოჯახდა.

გადაცემის მსვლელობისას მიშამ რამდენჯერმე ახსენა მეუღლე, რამაც წამყვანის,  ინტერესი გამოიწვია. კითხვაზე - „ცოლი ბევრჯერ ახსენე და... მოიყვანე?“, იუმორისტმა დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

„სიყვარული ყოველთვის სიახლეა. მე შინაბერა სიკვდილს არ ვაპირებ, კი იცი შენც“, - უპასუხა მიშამ, თუმცა პირადი ცხოვრების სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. 

  • " მამაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ აღარ მინახავს, არც ოპერაციის წინ და არც მანამდე. დანაშაულის განცდა კი მქონდა... 35 წელი დამჭირდა, რომ მამაჩემი გამეშვა პოლიციაში, ვერ ვწირავდი" - იუმორისტი უმძიმეს წარსულსა და ოჯახურ ძალადობაზე 

მიშა ანდღულაძე

მიშა ანდღულაძე 1982 წლის 18 მარტს, თბილისში დაიბადა. მისი ინტერესთა სფერო ბავშვობიდანვე საკმაოდ ფართო იყო - 1991-1993 წლებში სამხატვრო სკოლაში ფერწერას, ქანდაკებას, გრაფიკასა და ხელოვნების ისტორიას ეუფლებოდა. მიუხედავად ხელოვნებისადმი ინტერესისა, მან არჩევანი მედიცინაზე შეაჩერა: ჯერ სამედიცინო კოლეჯში ისწავლა, ხოლო 2004 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა.

ანდღულაძის სატელევიზიო და რადიო კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს. 2000-2006 წლებში ის პოპულარულ რადიო „105“-ში მუშაობდა, მოგვიანებით კი „კომედი რადიოს“ გუნდს შეუერთდა.

მისი სახელი დაკავშირებულია „რუსთავი 2“-ის ოქროს ხანასთან. 2003 წლიდან 2021 წლამდე მიშა იყო „შაბათის შოუს“, „კომედი შოუსა“ და „ქლაბ შოუს“ ერთ-ერთი წამყვანი ტელემსახიობი და სცენარისტი. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები დღემდე პოპულარობით სარგებლობს ქართველ მაყურებელში. 2021 წლიდან მან მოღვაწეობა ტელეკომპანია „ფორმულაში“ განაგრძო.

გარდა იუმორისა, მიშა ანდღულაძე მუსიკითაც არის გატაცებული. 2010-2016 წლებში ის იყო „Jimi Hendrix-tribute“-ის ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე ბენდით - „Misha Andguladze & Band“.

ბოლო წლებში მან ძალები ბიზნესსა და მენეჯმენტშიც მოსინჯა. ის არის საბავშვო გასართობი ცენტრის, „კომედი ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2023 წლიდან კი კომპანია CCorporation-ისა და TVC-ის თანადამფუძნებელი გახდა, რაც მის კარიერაში ახალ, მეწარმეობრივ ეტაპზე მიუთითებს.